12 000–ლარიანი სკამი და ნაგვის 31 700–ლარიანი ურნა ვაკეში – ოპოზიციას კითხვები აქვს

30-12-2019 12:22:16 საშინაო პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 12 000–ლარიანი სკამების შემდეგ დედაქალაქის მერია ვაკეში ნაგვის 31 700–ლარიანი ურნების განთავსებასაც გეგმავს.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ ნაგვის ურნები პორტუგალიურ კომპანიას უკვე შეუკვეთა. დედაქალაქის მერიას ნაგვის 90 ურნაში 2 800 000 ლარის გადახდას გეგმავს. ურნები საქართველოში მარტის თვეში ჩამოვა და ისინი ვაკის ტერიტორიაზე განთავსდება.

მისივე თქმით, საქართველოში ნაგვის ურნები დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლის კომპანიას „ჯითი გრუფი“ ჩამოაქვს, რომელიც „ქართული ოცნების“ შემომწირველი და დედაქალაქის მერთან დაახლოებული პირია. ოპოზიციას ეჭვები უჩნდება კორუფციასთან დაკავშირებით.

„წარმოუდგენელი ფასია. თანაც მერია ყიდულობს ტენდერის გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკებით“, – აცხადებენ ოპოზიციაში.

„მთავრი არხის“ კითხვა, რამდენად ადეკვატურია ნაგვის ერთ ურნაში 31 700 ლარის გადახდა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემელაძემ უპასოხოდ დატოვა: „კომენტარს არ ვაკეთებ“.

ცნობისთვის: თბილისის მერიას ჭავჭავაძის გამზირისთვის იტალიიდან ქვის სკამები მოაქვს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომლის ვადა 21 იანვარს იწურება.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან მილანურ კომპანიას 1 800 000 ლარს 155 ქვის სკამში გადაუხდიან. შესაბამისად, ერთი ქვის სკამის ფასი დაახლოებით 12 000 ლარია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები