Accentnews.ge
ბლოგერი უჩა აბაშიძე თვეების წინ საუბრობდა იურისტთან კონსულტაციაზე, რადგან მას პოლიცია სცნობდა და აჩერებდა

ბლოგერი უჩა აბაშიძე თვეების წინ საუბრობდა იურისტთან კონსულტაციაზე, რადგან მას პოლიცია სცნობდა და აჩერებდა

10/05/2024 09:51:49 საზოგადოება

ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც 9 მაისს პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით ისე, რომ ჩხრეკის პროცესს არც თავად ბლოგერი და მისი ადვოკატი არ დაასწრეს, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ჯერ კიდევ თვეების წინ ემზადებოდა პროცესისთვის, რომლის გავლაც მას ამჟამად მოუწევს.

კერძოდ, ბლოგერი რამდენიმე ვის წინ ჩაწერილ ერთ–ერთ ვიდეო ბლოგში საუბრობს, რომ გავლილი აქვს კონსულტაცია იურისტთან, მათ შორის, მის საკუთრებაში არსებულ იარაღთან დაკავშირებით, რადგან პოლიცია მას იცნობს და ხშირად აჩერებს.

„ქუჩაში მაჩერებენ, “გამარჯობა, თქვენ უჩა აბაშიძე ხართ? რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხომ არ გაქვთ?“ – ასე მამოწმებენ. ყველა ჯერზე ნერბებზე ვარ, ხელს ხომ არ ჩამიდებს სადმე...“,– ამბობს აბაშიძე ვიდეო–ბლოგში.

ბლოგერი ამბობს, რომ გაფრთხილებული ჰყავდა ახლობლები:

„სახლი შემოწმებული მაქვს, რამე არ იყოს...იურისტთან მაქვს გავლილი, რამე ხომ არ არის ამაში არალეგალური.. იურისტთან მაქვს გავლილი, რა პროცედურები როგორ უნდა ჩატარდეს... მეზობელთან ვარ მოლაპარაკებული, „რომ დაგირეკავ, რომ მომადგნენ, უნდა ამოირბინო და უნდა იყო მოწმე, რომელიც ჩხრეკას ესწრება“. გაფრთხილებული მყავს მეგობრები, რომ „უნდა მოხვიდეთ და ყველა ოთახში დადგეთ“. მე კი მაქვს უფლება, მოვითხოვო, „უჩემოდ არაფერი გამოაღოთ“, მაგრამ როგორ გავაკონტროლებ, ბევრნი რომ შემოვარდებიან, ზოგი აქეთ ივლის, ზოგიც იქეთ, რომ ლოგინის ქვეშ „მაკაროვს“ არ შეტენიან?!.

ცალკე მუდმივი გახსნილობა თემაზე, რა იარაღი მაქვს გაფორმებული და რომ გაუფორმებელი იარაღი არ მჭირდება! გახსნილობა, რომ არასდროს არანაირ, არანაირ ნარკოტიკს და სასმელს არ მოვიხმარ...

ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩადებით მაინც ჩაგიდებენ – სასამართლოსთვის ვაგებ აქედანვე არგუმენტაციას, სადაც ვილაპარაკებ, რომ „შეუძლებელია ეს მქონოდა“, დასაბუთებები არსებობდეს“.

ბლოგერი უჩა აბაშიძე საკუთარ სახლში 9 მაისს დააკავეს. მანამდე მის სახლში პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს, რა დროსაც მას ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ მისცეს. არც ადგილზე მისულ ადვოკატს მისცეს საკუთარ დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა. მათ შორის კომუნიკაცია მხოლოდ დაკავების შემდეგ შედგა.

მოგვიანებით შსს–მ განაცხადა, რომ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა სამთავრობო უწყების (შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის) ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ხოლო ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

აბაშიძე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. შსს–მ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც მათი ცნობით, ჩანს ამოღებული იარაღი.

სპეციალისტების შეფასებით, მათგან რეალურად ორია ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო დანარჩენი ტაქტიკური თამაში Airsoft-ისთვის განკუთვნილი სათამაშო შაშხანებია. ასევე ჩანს ამავე თამაშისთვის განკუთვნილი პატარა თეთრი ბურთის ფორმის ტყვიები. ბლოგერი უჩა აბაშიძის ერთ-ერთი ჰობი სწორედ ეს ტაქტიკური თამაშია.

ბლოგერ უჩა აბაშიძის ადვოკატები ამბობენ, რომ დაცვის ქვეშ მყოფი გამთენიისას მოინახულეს დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში, თუმცა დამოუკიდებლად გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცათ.

„შსს მოქმედებდა კანონს მიღმა – უჩა გაიტაცეს საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ძალით აიყვანეს სახლში... საღამოს 10 საათამდე იმეორებდა, რომ სურდა ადვოკატი. არც ერთხელ არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა. მასთან არ მოგეცა დამოუკიდებლად გასაუბრების შესაძლებლობა – ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში ამბობდნენ, რომ არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული მოწყობა, ცალკე ოთახი და რომ უფროსის ოთახში მარტოდ ვერ დაგვტოვებენ“,– იხსენებს ადვოკატი.

რაც შეეხება ჩხრეკის პროცესს, ადვოკატების თქმით, მას არც ბლოგერი დაასწრეს. ადვოკატი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცდილობდა ბინაში შესვლას, თუმცა უშედეგოდ. ის დაცვის ქვეშ მყოფთან მხოლოდ ჩხრეკის დასრულების და ბლოგერის დაკავების შემდეგ შეუშვეს.

„ის არ ესწრებოდა თავის ჩხრეკას. პოლიციის თანამშრომლები სხვადასხვა ოთახში მოძრაობდნენ, გადაადგილდებოდნენ მის გარეშე. არც ერთი მოწმე არ დასწრებია მის ჩხრეკას“,– თქვა ადვოკატმა.

რაც შეეხება ამოღებულ იარაღს, რომლის შესახებაც იტყობინება შსს და რომელთა უკანონო შეძენა–შენახვასაც ედავებიან ბლოგერს, ადვოკატი ამბობს, რომ მხოლოდ ორია ცეცხლსასროლი და ორივე გაფორმებული.

„უჩას განმარტებით, ყველა იარაღიდან, რომელიც მას სახლში ჰქონდა, ორი იყო ცეცხლსასროლი და ორივე გაფორმებული. დანარჩენი სათამაშო იარაღებია. თვითონ ამბობს, რომ ეს [დაკავება]არის მის აქტიურობაზე პასუხი სახელმწიფოსგან“,– დასძენს ადვოკატი.

იხილეთ ასევე: აბაშიძის ადვოკატი: პოლიციელები პასუხს სთხოვდნენ, თუ რატომ აქტიურობდა აქციებზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S