
აბაშიძის ადვოკატი: პოლიციელები პასუხს სთხოვდნენ, თუ რატომ აქტიურობდა აქციებზე
10/05/2024 10:59:46 სამართალი, საზოგადოება
დაკავებულმა ბლოგერმა უჩა აბაშიძემ პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე გარდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა, საკუთარ ადვოკატებთანაც ისაუბრა.
როგორც ადვოკატი გიორგი მახარაძე ამბობს თავის დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით, ამ კუთხით აქტიურობდა ორი პოლიციელი და მათი აღშფოთების მიზეზი თბილისში უწყვეტად მიმდინარე აქციებზე ბლოგერის აქტიურობა იყო.
„ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე უჩამ ჩვენთანაც ისაუბრა. საუბარი იყო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. ორი ადამიანი იყო ასეთი, რომლებიც მას პასუხს სთხოვდნენ, თუ რატომ აქტიურობდა პროტესტებზე, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა თბილისში. ამ თემაზე იყო ძირითადად მათი შეშფოთება და აღშფოთება“.
ადვოკატი ამბობს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეძლეს დაკავებულთან პირისპირ შეხვედრა, მანამდე მსგავსი შესაძლებლობა არ ჰქონიათ.
მან გაიმეორა, რომ ადვოკატებს უკანონოდ არ მისცეს ჩხრეკის პროცესზე დასწრების უფლება, „ერთი საათი ველოდით, როდის გადაწყვეტდა ის ვიღაც, რომ დავეშვით“. ადვოკატები აბაშიძესთან შეუშვეს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისა და ბლოგერის დაკავების შემდეგ.
ადვოკატმა კვლავ გაიმეორა, რომ ჩხრეკის მიმდინარეობისას პოლიციის რამდენიმე თანამშრომლით იყო აბაშიძე გარემოცული და ვერ ადევნებდა პროცესს თვალს. პოლიციელები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ მოწმეების გარეშე სახლში.
ადვოკატებს საქმის მასალები ჯერ არ გადასცემიათ, ამიტომ, არ აქვთ ინფორმაცია გამოძიების მტკიცებულებებზე და ოფიციალური განცხადებით მიმართეს შსს–ს და პროკურატურას.
„ამ დროისთვის შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ნამდვილად ამოიღეს ორი ცეცხლსასროლი იარაღი შესაბამისი კალიბრის საბრძოლო მასალით, რომლებიც ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული და კანონიერად ინახავდა. დანარჩენი სათამაშო თოფებია“.