Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 25-28 აპრილი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 25-28 აპრილი

12/05/2024 05:07:35 კონფლიქტები

დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა

აფხაზური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ასლან ბჟანიამ რიგ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და რამდენჯერმე საქართველოც ახსენა.

სოხუმის აეროპორტზე საუბრისას, აფხაზეთის ლიდერმა ივარაუდა, რომ მისი ამოქმედების შემდეგ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმში ფრენებს განახორციელებენ. მან აქვე დასძინა, რომ აეროპორტის აღდგენის პროექტს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), საქართველო და ევროკავშირის ქვეყნები ბლოკავენ. „არის ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO, ორგანიზაცია, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოებს შორის საჰაერო მიმოსვლას, შეიმუშავებს გარკვეულ საერთო წესებს და ა.შ. ეს ორგანიზაცია ამ [აეროპორტის აღდგენის] პროექტს ბლოკავს. ეს პროექტი იბლოკება საქართველოს ინიციატივით და ამ პროექტს ბლოკავს ევროკავშირის ყველა სახელმწიფო. ამის მიუხედავად, აეროპორტის აღდგენაში გვეხმარება ჩვენი მოკავშირე. ამან შეიძლება დამატებითი სანქციები გამოიწვიოს იმ ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იფრენენ. მიუხედავად ამისა, მუშაობა გრძელდება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ. მისივე თქმით, სოხუმის აეროპორტის აღდგენის პროექტი აფხაზეთის „ეკონომიკურ იერსახეს შეცვლის“ და მას უფრო პოპულარულს გახდის.

ასლან ბჟანია რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ საკითხს წერტილი დაესვა და გადაუჭრელი პუნქტები აღარ არსებობს. მისი მტკიცებით, დე ფაქტო ხელისუფლება პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს და საჭიროდ არ მიიჩნევს. მისივე შეფასებით, ბიჭვინთის აგარაკის თემას იყენებენ იმისათვის, რომ „მოახლოებული [საპრეზიდენტო] არჩევნების წინა პერიოდში შეარყიონ სიტუაცია რეგიონში“. „ამას მე ვეძახი იაფფასიან პოპულიზმს და დემაგოგიას. ხალხის გარკვეული რაოდენობა სწორედ ამას აკეთებს. ეს მათი უფლებაა, დაე, ასე მოიქცნენ. ეს არაფერს შეცვლის ჩვენს ურთიერთობაში რუსეთთან ამ საკითხთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მიღებულია — სამართლიანი, სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც რუსული მხარე 13 წელი ელოდა, გადაწყვეტილება, რომელსაც აფხაზეთის ყველა ლიდერი თავის დროზე დაეთანხმა“, — დასძინა ბჟანიამ.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რას გულისხმობდა ასლან ბჟანია, როდესაც თავის ერთ-ერთ განცხადებაში რუსეთისთვის „სუვერენიტეტის გაზიარების“ საჭიროებას გაუსვა ხაზი. პასუხად, დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წლების წინ, „შეთანხმებების“ გაფორმების გზით რუსეთისთვის გარკვეული უფლებამოსილებების მინიჭება მოხდა, რაც სწორედ რომ „სუვერენიტეტის გაზიარებას“ გულისხმობს. „მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ 2009 და შემდგომ წლებში, აფხაზეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა რიგ დოკუმენტებს, რომელთა მიხედვით ჩვენი უფლებამოსილებების ნაწილი ერთობლივ იურისდიქციაში გადავიდა. ეს ძალიან სწორი იყო, რადგან ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამებოდა. ვგულისხმობ, მაგალითად, სასაზღვრო უსაფრთხოების დაცვას, რომელსაც რუსი და აფხაზი მესაზღვრეები ერთობლივად უზრუნველყოფენ. ამას არავითარ შემთხვევაში არ ვაკრიტიკებ, რადგან ჩვენი სამხედრო უსაფრთხოების სრული დაცვა საკუთარი ძალებით ჯერჯერობით შეუძლებლად გვესახება“, - ასე განმარტა ასლან ბჟანიამ საკუთარი პოზიცია. ამავე კონტექსტში მან საქართველოს მხრიდან არსებულ საფრთხეზეც ისაუბრა. „არ გვინდა კიდევ ერთი ომი. არ გვინდა ჩვენი სისუსტით მოვახდინოთ ჩვენი მოწინააღმდეგის პროვოცირება, რომელიც ჩვენთან ომის პირობებში იმყოფება. ჩვენი მისამართით არ მოუხსნია მოთხოვნები და ტერიტორიული პრეტენზიები. თუ ზოგიერთმა დაივიწყა, ეს საპატიოა. მაგრამ პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა უნდა გააცნობიერონ, რა ცეცხლს ეთამაშებიან, როდესაც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას გაფუჭებას ცდილობენ. იციან ამ ამხანაგებმა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი აფხაზეთის ბიუჯეტზე მეტია? იციან თუ არა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სხვა ამოცანა არ აქვთ, გარდა აფხაზური და ოსური მიწების საქართველოსთვის დაბრუნებისა? იციან ამის შესახებ თუ არა? მაგრამ ეს არის სახიფათო პოლიტიკური თამაში, რომელსაც ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი ეწევა“, - განაცხადა მან. ბჟანია ასევე მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია აბსოლუტურად მართებულია და სრულ შესაბამისობაშია აფხაზი ხალხის ინტერესებთან.

აპარტოტელების მშენებლობაზე საუბრისას, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში აპარტამენტები შენდება და იყიდება, რაც დღეს არსებული რეგულაციებით ხდება. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, მოსახლეობა შეცდომაში არ შეიყვანოს. ამავდროულად, ასლან ბჟანიას მტკიცებით, ამჟამად აფხაზეთში არსებული რეგულაციები არასრულყოფილია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ბინების მშენებლობისა და შემდგომი გაყიდვის ბიზნებს „სახელმწიფო“ ბიუჯეტში ფული არ შეაქვს. „[კანონპროექტი აპარტოტელების შესახებ] შეიძლება გადაიხედოს, შესაძლოა შეიცვალოს პარამეტრები, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი ინდუსტრიის განვითარება, რომელიც ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ბჟანიამ. მან ასევე გააკრიტიკა ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებზე აპარტამენტების გაყიდვის შემთხვევაში დემოგრაფიული დისბალანსის საფრთხეს უსვამენ ხაზს და ამ პროცესს „აფხაზპერესელენსტროი“-ს ადარებენ, როდესაც, მათი თქმით, ქართველები აფხაზეთში იძულებითი ჩასახლების პოლიტიკას ატარებდნენ. „როდესაც აფხაზპერესელენსტროი-სა და აპარტამენტების მშენებლობის პროექტს შორის პარალელებს ავლებენ, იციან რა, რომ ამ აპარტამენტებს სწორედ რუსეთის მოქალაქეები შეიძენენ, სულ მცირე მაკვირვებს და მაშფოთებს. მსგავსი განცხადებები ძირს უთხრის ჩვენს ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ადამიანებს, რომლებსაც აქ ჩამოსვლა და ჩვენი წესებით ცხოვრება სურთ, უნდა ვუთხრათ, რომ მათი სურვილი 70 წლის წინ საქართველოს მიერ აფხაზეთის მიზანმიმართულ ასიმილაციას გვაგონებს? საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლებასა და თანამედროვე რუსეთს შორის ტოლობის ნიშანი დავსვათ? მსგავსი ანალოგიების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და მიმაჩნია, რომ ისინი უბრალოდ საზიანოა“, - დასძინა ბჟანიამ.

ინტერვიუს ბოლოს აფხაზეთის ლიდერმა არასამთავრობო ორგანიზაციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ხელისუფლება“დეტალურად უნდა გაერკვეს მათ საქმიანობაში, განსაკუთრებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც “რუსეთისა და აფხაზეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი” სახელმწიფოების მხრიდან ფინანსდებიან. მაგალითად მან აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მაგალითი მოიყვანა. “[ისინი] თვლიან, რომ რუსეთის აფხაზეთზე გავლენა მხოლოდ და მხოლოდ დამღუპველ ხასიათს ატარებს, რომ საჭიროა ამ გავლენის შემცირება და რუსული გავლენის მაგივრად აქ ანგლოსაქსების გავლენის გავრცელება”, - განაცხადა ბჟანიამ. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები ქმნიან პირობებს აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებისთვის. “რატომ არ მუშაობენ იმაზე, რომ საქართველომ გვაღიაროს? - თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ყველა საკითხი ავტომატურად მოიხსნება… მიმდინარეობს იდეოლოგიური მუშაობა იმ ნაწილთან, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობას ეხება. დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ურთიერთობების გაუარესების მცდელობებითაა დაკავებული... ამიტომ, გარკვეული წესრიგის დამყარება გვსურს”, - განაცხადა ბჟანიამ.

აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული პოზიციები ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციაში უარყოფითად შეფასდა. მაგალითად, „აფხაზური სახალხო მოძრაობის“ ლიდერმა ადგურ არძინბამ მის გამოსვლას უსუსური უწოდა. ოპოზიციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ „სახელმწიფო მეთაურმა“, ოპოზიციის კრიტიკის მაგივრად მიღწეულ შედეგებზე უნდა ისაუბროს.

აფხაზეთში ცილისწამებისთვის სასჯელის გამკაცრების მცდელობა მესამედ ჩავარდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა უკვე მესამედ არ დაუჭირა მხარი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტს, რომლებიც ცილისწამებისთვის სასჯელის გამკაცრებას უკავშირდება. თავდაპირველად „კანონპროექტი“ დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ წარადგინა, თუმცა „პარლამენტმა“ ის არ დაამტკიცა. შემდეგ „კანონპროექტი“ განსახილველად დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეიტანა, თუმცა „პარლამენტის“ წევრების უმრავლესობამ მას ხმა არ მისცა. პარალელურად, ასევე უშედეგოდ, განხილულ იქნა კიდევ ერთი პროექტი, რომლის ინიციატორი „დეპუტატი“ დაუთ ხუტაბა გახდა.

აფხაზური სოციალური ქსელების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „კანონპროექტის“ ბოლო განხილვამ სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. კონფლიქტი მოხდა ერთ-ერთ „დეპუტატსა“ და „პროკურორს“ შორის. გარდა ამისა, დეპუტატმა ასტამურ გერღელიამ ჟურნალისტ იზიდა ჭანიას მუშაობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა. „პარლამენტის“ სხვა წევრების მოთხოვნის მიუხედავად, მან ჟურნალისტს ტელეფონი არ დაუბრუნა და მისი დაბრუნება მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

აფხაზეთში „ჰარმონიზაციის პროგრამის“ განხორციელებაზე იმსჯელეს

სოხუმში „აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის“ რეალიზების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი ხელმძღვანელობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დაეთმო პროგრამის განხორციელების მდგომარეობის შეფასებასა და ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შემუშავების კუთხით აღმასრულებელი „ხელისუფლების“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების განხილვას. განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის, განათლების, საპენსიო უზრუნველყოფისა და საბაჟო რეგულირების სფეროებში პროექტების შემუშავებაზე გამახვილდა.

ალექსანდრ ანქვაბმა შეხვედრის მონაწილეებს „სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის“ რეალიზებაზე მუშაობის დაჩქარება დაავალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S