
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 29 აპრილი - 1 მაისი
12/05/2024 05:16:28 კონფლიქტები
აფხაზეთში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აფასებენ
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები და სოციალური ქსელების მომხმარებლები განაგრძობენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ცნობილმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა საკუთარ ტელეგრამ არხზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მოუწოდებს ევროკავშირს, გადახედოს საკუთარ მიდგომას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების მიმართ. ის აღნიშნავს, რომ მრავალი წლის განმავლობაში დასავლეთი აფხაზეთს მხოლოდ თბილისის თვალსაწიერიდან უყურებდა, თუმცა ახლა ეს მიდგომა შესაძლოა არსებითად შეიცვალოს. ხაშიგი ხაზს უსვამს, რომ ბრიუსელს არ შეუძლია უგულებელყოს საქართველოს პოზიციაში არსებული წინააღმდეგობები. „მაგალითად, ორიოდე კვირაში საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოური აგენტების შესახებ. და ეს მოხდება ქვეყანაში, რომელმაც ახლახან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. მეორე მხრივ აფხაზეთი, რომელსაც ისინი ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ, უკვე 10 წელია ამ კანონს ყველანაირად ეწინააღმდეგება. ალოგიკურია. ნუთუ ბრიუსელი ახლაც არაფერს მოიმოქმედებს? თუ საქართველოს კუხო-ში შესვლას დაელოდება?“ - წერს ინალ ხაშიგი.
ტელეგრამ არხმა “Amra-life” ასევე გამოაქვეყნა ანალიტიკური პოსტი, რომელიც თბილისში მიმდინარე მოვლენებს აღწერს. “რუხი კარდინალი ბიძინა ივანიშვილი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი იყენებს არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისთვის, რომ მეორე ფრონტი გახსნას და საქართველო საზარბაზნე ხორცად გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ. ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების სტრატეგია კი სრულიად საპირისპიროა - მოსკოვის მისამართით მაქსიმალური თავშეკავება, აქცენტი ვაჭრობასა და ორმხრივ სარგებელზე. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაც, რა თქმა უნდა, კრემლის მიმართ რევერანსია და და იმის ნიშანი, რომ თბილისი „ასუფთავებს“ დასავლურ „კუდებს“, - აღნიშნავენ პოსტის ავტორები. მათივე თქმით, არსებული წყაროების მიხედვით, რომ საქართველო გეგმავს ევროატლანტიკური პროექტებიდან ეტაპობრივად გასვლას, საკუთარ კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის თაობაზე პუნქტის დამატების ჩათვლით. ავტორების შეფასებით, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებენ და მშვიდობიანი რეინტეგრაციის გეგმასაც განიხილავენ. ამავდროულად, ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს არ მოხდება. „რუსეთისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მტკიცედ განსაზღვრული სამართლებრივი სტატუსი აქვთ. მოსკოვმა მათი სუვერენიტეტი აღიარა და ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ვალდებულება აიღო. გარდა ამისა, მათი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება. რუსეთის სამხედრო ბაზებზე რომ აღარაფერი ვთქვათ“, - აცხადებენ ისინი.
საინტერესოა ასევე ტელეგრამ-არხი „აფხაზია-ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც ევროკავშირთან აფხაზეთის შესაძლო დაახლოებაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, აფხაზეთში გაჩნდა მოსაზრება, რომ თბილისის პოლიტიკური კურსის ცვლილებით იმედგაცრუებული დასავლეთი აფხაზეთთან თანამშრომლობას გააღრმავებს. ისინი აცნობიერებენ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა მარტივი არ იქნება და რუსეთთან ურთიერთობის მსგავსად ვერ განვითარდება და რამდენიმე არგუმენტს ასახელებენ: “ევროპა არის ევროპული ღირებულებების გაზიარების მზადყოფნა და სურვილი. ევროპა არის დამოუკიდებელი სასამართლო და არა ის ფარსი, რაც ჩვენ გვაქვს. ევროპა არის ნამდვილი პარლამენტარიზმი და არა ქამრებში შენახული პისტოლეტებით კაცები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში სროლისთვის მზად არიან. ევროპა არის შრომისმოყვარეობა და დისციპლინა და არა ინსტიტუტების დახურვა უფროსის შორეული ნათესავის დაკრძალვის გამო“. ამავდროულად, პოსტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი აფხაზეთისთვისაც არის შესაძლებელი, ასეთი სურვილისა და მრავალწლიანი შრომის შემთხვევაში. „როგორც უკვე ერთხელ დავწერეთ, აფხაზეთი კავკასიის ყველაზე ევროპული ნაწილია“, - აღნიშნეს პოსტის ავტორებმა.
აფხაზეთში „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ კონტრაქციაზეც გაამახვილეს ყურადღება. „საქართველოში მიმდინარეობს ივანიშვილის მომხრეების დემონსტრაცია, სადაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლოზუნგები ისმის. ეს ის მთავრობაა, ჩვენი პრეზიდენტი კონსტრუქციულს რომ უწოდებს. „საქართველოს ქართველებისთვის გაუმარჯოს“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ მმართველი პარტიის მხარდასაჭერად, რომელიც უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას აპირებს...“, - ამ შინაარსის პოსტი ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა.
ე.წ. აფხაზეთის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ პრესკონფერენცია გამართა
პრესკონფერენციაზე დე ფაქტო მინისტრმა ძირითადად ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედებაზე ისაუბრა.
ჯანსუღ ნანბამ ხაზი გაუსვა ენერგეტიკის მიმართულებით ორგანიზებული მუშაობის აუცილებლობას, რაც მისი თქმით, კრიზისის დაძლევის მთავარ საშუალებას წარმოადგენს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის მოწესრიგების საჭიროებაზე, რაც ტექნიკურ დანაკარგებს 23%-ით შეამცირებს და რესურსების დაზოგვის ერთ-ერთი წყარო იქნება. ნანბას მტკიცებით, კრიზისული მდგომარეობის დაძლევისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორს ელექტროენერგიის მოხმარების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლა წარმოადგენს. „2023 წლის ბოლოსთვის ჩვენ მოვახერხეთ მოხმარების შემცირება თითქმის 300 მილიონი კვტ/სთ-ით. ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვაქვს ხარჯები, რომელთანაც ბრძოლა შეგვიძლია“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა. მან ასევე მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის გადახდის სტატისტიკაც მოიყვანა და აღნიშნა, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში ამოღების მაჩვენებელმა მხოლოდ 14% შეადგინა.
ჯანსუღ ნანბა ენგურჰესის ფუნქციონირებასაც შეეხო და განაცხადა, რომ ის ვერ უზრუნველყოფს აფხაზეთისთვის საჭირო მოცულობის გამომუშავებას. ამასთან, დე ფაქტო მინისტრმა ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საჭიროებას გაუსვა ხაზი.
სოხუმის აეროპორტზე საუბრისას, ჯანსუღ ნანბამ აღნიშნა, რომ მისი ამოქმედება 2024 წლის ბოლოს იგეგმება, ხოლო პირველი გამოსაცდელი ფრენა უკვე ივნისში განხორციელდება. აქვე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აეროპორტის ტერიტორიის გაფართოება არ მომხდარა და ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლების საჭიროება არ დადგება.
ე.წ. ენერგეტიკის მინისტრმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება სარკინიგზო მიმოსვლის განვითარებაზე გაამახვილა. მისივე განცხადებით, ოჩამჩირის პორტთან ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საკონტეინერო ტრანსპორტირების მომსახურების ტერმინალის შექმნას ითვალისწინებს. მან ხაზი გაუსვა, რომ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, აფხაზეთს მნიშვნელოვანი სატრანზიტო შესაძლებლობები გააჩნია. „ტრანსპორტის სფეროს პერსპექტივები და პოტენციალი საკმაოდ დიდია”, - აღნიშნა ნანბამ.
აფხაზეთში ფსბ-ის ე.წ. სასაზღვრო განყოფილების დაარსების წლისთავის აღნიშვნას საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა რუსეთი „სასაზღვრო ძალების“ როლს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში, რაც, მისი თქმით, საქართველოს მხრიდან მშვიდობის დარღვევის მცდელობების აღსაკვეთად მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს. „აფხაზი ხალხი მადლიერია რუსი მესაზღვრეების, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენს საზღვრებს... ეს საიუბილეო თარიღი ჩვენი სახელმწიფოების სტრატეგიული მოკავშირეობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურებაა“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.