კეპულაძე: თითოეულის ჯიბეზე იქონიებს გავლენას, ამაში მალე დარწმუნდებით!

20-05-2024 13:22:31 საზოგადოება ,ეკონომიკა ,კომენტარი

შესაძლოა, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციაში ან დამოუკიდებელ მედიაში არ მუშაობთ, რომლის დაფინანსების 20% შესაძლოა, უცხოეთიდან მოდიოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს კანონი თქვენ არ შეგეხებათ, თუმცა ამას დროთა განმავლობაში იგრძნობთ, ბიზნესმენები და ინვესტორები კი მყისიერად გრძნობენ,– ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე „აგენტების კანონის“ ეკონომიკაზე გავლენის კონტექსტში.

„ვცდილობთ, ეს ადამიანებს ავუხსნათ – თუ ჩვენი არ გჯერათ, მალე ამაში თავად დარწმუნდებით“,– აღნიშნავს კეპულაძე.

ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს არ აქვს თვითკმარი ეკონომიკა, განსხვავებით იგივე ბელარუსისა და აზერბაიჯანისგან და რომ ის იზოლაციის პირობებში არსებობას ვერ შეძლებს. ქვეყნის პარტნიორები კი „აგენტების კანონის“ ამოქმედების შემდეგ რიგი ზომების შესახებ აფრთხილებენ, მათ შორის მოიაზრება ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის და ფინანსური მხარდაჭერის შეზღუდვა. ამას ემატება ინვესტორების განწყობა და ქვეყნის რეპუტაცია.

„უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ვერ შეძლებს იზოლაციაში არსებობას: საქართველო არ არის თვითკმარი ეკონომიკა – არ არის რუსეთი, არც ბელარუსი, მათ შორის, არც აზერბაიჯანი, რომ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ქვეყანას ჰქონდეს ბუნებრივი რესურსები, ან დიდი დანაზოგი იზოლაციისთვის. შესაბამისად, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო დახმარება. 30 წლის განმავლობაში თუკი რამე გაკეთებულა ქვეყანაში, 90% კეთდება დასავლური დაფინანსებით იქნება ეს საინვესტიციო ფონდები, გრანტები, გადმორიცხვები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, როდესაც ბიზნესი თავად წყვეტს, შემოვიდეს ქვეყანაში.

რატომ დაიწყო ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნა? იმიტომ, რომ ქვეყანაზეცაა მიბმული ამ კომპანიების წარმატებაც“,– ამბობს კეპულაძე და იქვე დასძენს, რომ „სადღეისოდ პანიკის საფუძველი, რომ მეანაბრეები და დეპოზიტარები ფულს ვერ გამოიტანენ და საბანკო სისტემას რაიმე ემუქრება, არ არსებობს“:

„რა თქმა უნდა, აქციების ფასის ვარდნა უპირველესად, ურტყამს თავად ამ ბანკების აქციონერებს და მათ კაპიტალიზაციას, თუმცა აღქმის ნაწილში ჩნდება განცდა, რომ ეს ქვეყანა აღარაა ისეთი სანდო, როგორიც იყო გუშინ: ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი იზრდებოდა, თუმცა ბოლო ერთ კვირაში მნიშვნელოვნად შემცირდა – კანონის მესამე მოსმენით მიღების და ო ბრაიენის განცხადების შემდეგ, „დავასანქცირებთო“. ჩვენ არასდროს არ გვიცხოვრია დასანქცირებული ხელისუფლების პირობებში. ამისთვის ყველანი უნდა მოვემზადოთ, ჩავთვალოთ, რომ მართლაც ქვეყანაა დასანქცირებული...

თუ ქვეყანაში შემცირდება უცხოეთიდან ფინანსების შემოსვლა და ეს სავალუტო შემოდინებებზე აისახება, თუ ქვეყანა გახდება უფრო სარისკო, რა თქმა უნდა, გაძვირდება ამ ქვეყანაში ფულის ღირებულება. ეს ყველა ჩვენგანზე, თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე იქონიებს გავლენას!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები