
ქაცარავამ კლინიკა დატოვა
20/05/2024 10:48:37 საზოგადოება
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა და ნაცემა დავით ქაცარავამ ინგოროყვას სახელობის კლინიკა დატოვა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში წავა ექსპერტიზისთვის, ხოლო შემდეგ მკურნალობას გააგრძელებს.
იხილეთ ასევე: „კამერებს რომ მოვშორდით, დაიწყო ეგზეკუციაც“ – ქაცარავა მასზე ძალადობის ოთხ ეპიზოდს აღწერს
ქაცარავა 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მოგვიანებით ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელს სავარაუდოდ პოლიციელებმა სცემეს დაკავების შემდეგ.
მისი დაკავების კადრებში ჩანს, რომ დავით ქაცარავა აქციის სხვა მონაწილეებს შორის იდგა და მათ ელაპარაკებოდა, რა დროსაც სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ნიღბიანი გამოიქცა მისი მიმართულებით. მოგვიანებით გავრცელდა ქაცარავას დაზიანებების ამსახველი მძიმე კადრები.
ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.
შეგახსენებთ, რომ აქციების მიმდინარეობისას რამდენიმე ეპიზოდზე დაიწყო ამ მუხლით ძიება თუმცა ამ დროისთვის პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.