Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 9-12 მაისი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 9-12 მაისი

21/05/2024 06:13:21 კონფლიქტები

ბჟანიამ პუტინს პრეზიდენტის მოვალეობის დაწყება მიულოცა

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომლითაც ამ უკანასკნელს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყება მიულოცა.

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა თქვენ მიერ რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით. რუსეთის მრავალეროვანმა ხალხმა თქვენ მაღალი ნდობა გამოგიცხადათ, ის სწორედ თქვენ გაკავშირებთ იმედებს და ქვეყნის განვითარების მომავალს და ამ მომავალს იმედის თვალით უყურებს. ეს ღირსშესანიშნავი ღონისძიება დიდ სამამულო ომში გამარჯვებამდე 2 დღით ადრე ჩატარდა, რაც ძალზე სიმბოლურია. ამ ომში გამარჯვება იყო მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, როდესაც საბჭოთა ადამიანების გმირობის ფასად დამარცხდა ნაციზმი, რომელიც კაცობრიობას განადგურებით ემუქრებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი, თქვენი ხელმძღვანელობით, ცდილობს მსოფლიოს მონოპოლარულ მოდელს დაუპირისპირდეს და იბრძვის სამართლიანობასა და თანასწორობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისთვის, რაც ერთა თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტის დაცვას გულისხმობს“, - წერს ბჟანია.

აფხაზეთის ლიდერი აცხადებს, რომ ახლა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზ ხალხს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი იწყება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთის ამომრჩევლის უმრავლესობამ ვლადიმერ პუტინს დაუჭირა მხარე.

აღსანიშნავია, რომ პუტინის ინაუგურაციას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერები, ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი არ ესწრებოდნენ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია პუტინის ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზო­გა­დად ცერემიანის უცხო­ე­ლი ლი­დე­რე­ბი არ ეს­წრე­ბოდ­ნენ. ბჟანიას და გაგლოევს არც 9 მაისს „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმში მიუღიათ მონაწილეობა.

პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს, მოსკოვში გაიმართა და მან რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა მეხუთედ დაიკავა.

ახრა ბჟანია: „წინასწარ უნდა განვაცხადოთ, კონფედერაციის კომპრომისი შეუძლებელი იქნება“

ოკუპირებული აფხაზეთის ომის ვეტერანი, ყოფილი „დეპუტატი“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ახიაცას“ თავმჯდომარე ახრა ბჟანია მორიგ მიმართვას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ შესაძლოა რუსეთის მხრიდან საქართველოსთან დასაახლოებლად შეთავაზება გაჩნდეს და ამ შემთხვევაში აფხაზეთმა „90-იანი წლების მსგავსი“ დაუთმობლობა უნდა გამოიჩინოს.

„დიდ მოთამაშეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი გლობალური ინტერესების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ აფხაზეთის ინტერესების გათვალისწინებით. თქვენი ინტერესები ვერ იქნება მსხვერპლად შეწირული, სავაჭრო მონეტის მსგავსად, ვიღაცის გეგმებისთვის“, - განაცხადა ახრა ბჟანიამ.

ბჟანია იმ შესაძლო სცენარსაც განიხილავს, რომ რუსეთ-საქართველოს დაახლოების მიზნით მოსკოვმა აფხაზეთი დათმოს. მისი აზრით, ეს კონფედერაციის შეთავაზება იქნება.

„ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მოდელის სახით - კონფედერაციული ან ფედერაციული სახელმწიფო. სხვადასხვა ვარიანტებია. მაგრამ, ალბათ, ეს ხვალ არ მოხდება. შეიძლება საერთოდ არასდროს მოხდეს. მაგრამ, თუ ეს იქნება კომპრომისი, კერძოდ, რუსეთისა და საქართველოს რეგიონული პოზიციების დაახლოებისთვის, მაშინ, დღესვე, წინასწარ უნდა განვაცხადოთ, რომ ასეთი სცენარი შეუძლებელია, რომ შეეჩეხებიან სერიოზულ წინააღმდეგობას“, - დასძინა ბჟანიამ.

ოპოზიციონერის თქმით, ასეთ შემთხვევაში აფხაზეთმა დაუთმობელი მიდგომა უნდა გამოიჩინოს.

„რადგან დღეს, როგორც 90-იანებში, გლობალური ცვლილებების პერიოდია. და დღეს, როგორც 90-იან წლებში, კვლავ უნდა გამოვიჩინოთ ეს დაუთმობლობა. ეს არავის უნდა ეწყინოს, რადგან პოლიტიკა ასე მუშაობს: თუ მე თავად არ ვიზრუნებ ჩემზე, თუ ჩემს ინტერესებს არ წამოვაყენებ, ჩემთვის ამას არავინ გააკეთებს“, - აცხადებს ახრა ბჟანია.

„რაც დღეს საქართველოში ხდება, შეიძლება, რიკოშეტით აისახოს ჩვენზეც. მაგალითად, ამ უცხო აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში, ამ ფონზე კი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს რეგიონული გეოპოლიტიკური პოზიციების დაახლოებით, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის შესაძლო ზიანის მიყენებით, შეიქნება სხვა პოლიტიკური რეალობა. და ეს სხვა პოლიტიკური რეალობა, შესაძლოა, სრულებით აისახოს აფხაზეთზეც, მათ შორის აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებზეც“ - ასკვნის ბჟანია.

სერგეი შამბა ინალ არძინბას გათავისუფლებას გამოეხმაურა

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი სამბამ ინტერვიუში განაცხადა, რომ ინალ არძინბამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მაისის დასაწყისში საკუთარი გადაწყვეტილებით დაწერა. მისივე ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი სხვა თანამდებობაზე გადასვლა გახდა. შამბას განცხადებით, აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ მისი განცხადება მის შემდეგ დააკმაყოფილა, რაც ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ კონსულტაციებისთვის რუსეთში ჩავიდა.

„ჩვენ მადლობას ვუხდით ინალ არძინბას ნაყოფიერი ერთობლივი მუშაობისთვის და იმედი გვაქვს შემდგომი თანამშრომლობისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის სასარგებლოდ“, - განაცხადა შამბამ.

აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინალ არძინბამ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და სხვა თანამდებობაზე გადასვლა დაადასტურა. „ნამდვილად მივიღე გადაწყვეტილება ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, ეს დაგეგმილი გადაწყვეტილება იყო. ვითარება პოსტსაბჭოთა სივრცეში დინამიკურად იცვლება, იცვლება სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა. ამ მხრივ, ჩემი უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის, ჩემი სამშობლოს უფრო ეფექტიანი მხარდაჭერისთვის სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული - განვავითარო კონტაქტები, ვიმუშაო რუსეთის ფედერაციაში“, - განაცხადა არძინბამ. მან ასევე დასძინა, რომ აქვს „კონკრეტული მიმართულება“, რომელზეც მომავალში იმუშავებს. „ეს [მიმართულება] დღეს უზარმაზარ ინტერესს, უზარმაზარ მნიშვნელობას წარმოადგენს. ამჟამად ვაწარმოებთ კონსულტაციებს, მოლაპარაკებებს ჩვენს კოლეგებთან, თანამოაზრეებთან. ყველაფერს მოგვიანებით შეგატყობინებთ. ახლა ერთის თქმა შემიძლია, რომ ჩემი საქმიანობა ეფექტური და მიზანდასახული ადამიანების გუნდში პროგრესული პროექტების განხორციელებას უკავშირდება“, - აღნიშნა ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S