
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 2-8 მაისი
21/05/2024 05:21:29 კონფლიქტები
ომის ვეტერანი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზეთის ვეტერანებისა და ახალგაზრდობის კავშირის“ წარმომადგენელი, ომის ვეტერანი ლაშა ზუხბა თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მომიტინგეების მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამს.
„ჩემი და ჩემი თანამოაზრეების სახელით, ვუცხადებ სოლიდარობას თბილისელებს, ქართულ ოპოზიციას და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებენ. გვახსოვს თქვენი ჩვენდამი მხარდაჭერა ბიჭვინთის შეთანხმების საკითხზე, ხოლო უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტი წინ გველის. ვიმედოვნებ, რომ თქვენი პროტესტი უშედეგო არ აღმოჩნდება და კანონი არ იქნება მიღებული. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ერი, ამ შემთხვევაში ქართველები, თავის სიმტკიცეში დაუმარცხებელია. ვუსურვებ სულიერ სიძლიერეს და წარმატებას დასახული მიზნის მიღწევაში“, - წერს ზუხბა.
გამოქვეყნებული პოსტის გამო ლაშა ზუხბა კრიტიკის ობიექტი გახდა. მის განცხადებას „პროსახელისუფლებო“ პარტია „ამცახარა“ გამოეხმაურა და ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანებსა და ოპოზიციურ პარტიებს ზუხბას ნათქვამის „მორალური“ შეფასებისკენ მოუწოდა.
„გაკვირვებით და აღშფოთებით ვკითხულობთ ფეისბუქში 1992-1993 წლებში აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის ვეტერანის პოსტს. ჯერ ერთი, როგორ შეუძლია აფხაზეთის მოქალაქემ და აფხაზეთის სამამულო ომის ვეტერანმა სოლიდარობა გამოუცხადოს 2008 წლის ომის დამწყებ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, უკიდურესი ნაციონალიზმის იდეოლოგიის მომხრეებს, რომლებიც უარყოფენ თვით აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის იდეას. მეორე, მოქალაქე ზუხბა თავისი და თანამოაზრეების სახელით მადლობას უხდის ქართველ ნაციონალისტებს ბიჭვინთის შეთანხმების საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის. აფხაზეთის ოპოზიციური ძალები აკრიტიკებდნენ ბიჭვინთის შეთანხმებას, მაგრამ როგორი იყო ეს მხარდაჭერა? მესამე, მოქალაქე ზუხბა საუბრობს აფხაზეთში მოსალოდნელ პროტესტზე უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საპროტესტო აქციები თბილისში და მომავალი საპროტესტო აქციები აფხაზეთში კოორდინირებულია ერთი ცენტრიდან? და ბოლოს, შეკითხვა პირადად მოქალაქე ზუხბას: ვინ არიან თქვენი თანამოაზრეები?“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ამცახარას“ ამ განცხადებას მყისიერად მოყვა უარყოფითი შეფასება ოპოზიციური გაერთიანება „არუაას“ მხრიდან. მათ აღნიშნეს, რომ „არუაა“ მხარს არ უჭერს ლაშა ზუხბას საჯარო განცხადებას თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ეს „მტრული სახელმწიფოს“ შიდაპოლიტიკურ საკითხებს ეხება, თუმცა გაკვირვებულია „ამცახარას“ მოწოდებით, ლაშა ზუხბას განცხადებას მორალური შეფასება მიეცეს. „მინდა ვიკითხოთ, მორალის რომელ მხარეზეა საუბარი?! ვინაიდან ხელისუფლების ქმედებები, როგორიცაა: აფხაზეთის ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ქ.ოზგანის საქართველოს ტერიტორიაზე ფარული ვიზიტი; პრეზიდენტ ბაღაფშის ბრძანების გაუქმება და საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობებზე ნებართვის გაცემა, საქართველოსთან ვაჭრობა საქონლის განბაჟების გარეშე უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. აფხაზეთმა ცალმხრივად გახსნა საბაჟო საზღვრები საქართველოდან შემოსული საქონლისთვის, რაც იწვევს მტრის სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსებას. „ამცახარა“-სთვის მორალური შეფასების სურვილი არ გამოუწვევია არც ისეთ ქმედებებს, როგორიც ხელისუფლების მიერ გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზეთის სახელმწიფო პასპორტის გაცემა იყო. მას ასევე არ მიუცია მორალური შეფასება, როდესაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატები აფხაზეთში ჩამოვიდნენ და ოჩამჩირის რაიონის ილორის ტაძარი მოინახულეს“, - ნათქვამია განცხადებაში. „არუაას“ მოთხოვნით, „ამცახარამ“ „მორალური“ შეფასება ხელისუფლების სწორედ ამ ქმედებებს უნდა მისცეს.
ადგილობრივი ჟურნალისტი იზიდა ჭანია მიიჩნევს, რომ „ამცახარას“ განცხადებას კიდევ ერთი მიზანი ჰქონდა, რაც აფხაზეთისთვის აქტუალური „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის“ მოწინააღმდეგეებისთვის პროქართული იარლიყის მიკერებას ემსახურება. ჟურნალისტის სტატიის თანახმად, აფხაზეთში პირველად ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და გამოხატავენ შეშფოთებას იმ სისასტიკის გამო, რომლითაც ხელისუფლება საკუთარ ოპონენტებს უსწორდება. „ჩვენ ამ კალკას კარგად ვიცნობთ - ის ყველასთვის ერთია. ჩვენთვის ეს საუბარი არა საქართველოსა და მის ევროპულ გზაზეა, არამედ ჩვენს უნდობლობაზეა პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიმართ, რომელიც იზიარებს „ქართული ოცნების“ ოცნებებს სამოქალაქო უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით, და ცდილობს აფხაზეთში იგივე კანონი გაიტანოს, რომელსაც საქართველოში იღებს,
ლაშა ზუხბას კომენტარმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სოციალური ქსელის მომხმარებლებშიც გამოიწვია. ერთი მხრივ, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ქართველი მომიტინგეებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება ღალატის ტოლფასია, რადგან საქართველო მტრული სახელმწიფოა და აფხაზეთს მის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს, ხოლო მეორე მხრივ, ისინი იზიარებდნენ ლაშა ზუხბას შეფასებას უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. "სოლიდარობის თვალსაზრისით, ვინც უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებს, შეიძლება დათანხმება. ასეთი კანონი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული და ნებისმიერ ქვეყანაში მისი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენება, მიუხედავად მათი ეროვნებისა. რაც უფრო დემოკრატიულები არიან ქართველები, მით ნაკლები იქნება მომავალში კიდევ ერთი კონფლიქტის შანსი, თუმცა ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ"; "დასავლეთისგან, მთელი სამყაროსგან იზოლირება და ყველაფრის დათმობა უკვე გამოვიარეთ! ღმერთმა არ ქნას. მე პირადად მესმის მათი, ვინც კანონს აპროტესტებს. ადრე თუ გვიან მოგვიწევს მათთან შეთანხმება და კარგი იქნება, თუ მშვიდობიანად შევთანხმდებით, ვიყოთ კარგი მეზობლები… მშვიდობას ვუსურვებ მათ, ჩვენ და მთელ კავკასიას!" - ამ შინაარსის კომენტარები ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდებოდა.
ახრა ბჟანია: „აფხაზეთი შესაძლოა რუსეთ-საქართველოს შორის კომპრომისის საგნად იქცეს“
საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ ხელახალ ინიცირებას მოჰყვა, ოკუპირებულ აფხაზეთში ინტერესისა და დისკუსიის მთავარი საგანი რჩება. აღნიშნული შესაძლოა განპირობებული იმითაც იყოს, რომ უცხოური აგენტების შესახებ „კანონის“ მიღება სოხუმში უკვე წლებია პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას და მის განხილვას დე ფაქტო პარლამენტში ელოდებიან.
ამჯერად თბილისში მიმდინარე მოვლენები აფხაზეთის ომის ვეტერანმა, ყოფილმა „დეპუტატმა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ახიაცას“ თავმჯდომარემ ახრა ბჟანიამ შეაფასა. „არცერთი თავისუფალი საზოგადოება არ დაუშვებს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს იმ რედაქციით, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთშია შეთავაზებული“, - წერს ახრა ბჟანია სოციალურ ქსელში.
ახრა ბჟანია ფიქრობს, რომ მსგავსი კანონი მთავრობებს აძლევს საშუალებას, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, პრაქტიკულად, თვითნებურად მოახდინოს ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობის არასასურველად ინტერპრეტირება, ასევე, შეზღუდოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, შრომის, შეკრებისა და გამოხატვის უფლებები.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ასევე საუბრობს იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს აფხაზეთისთვის რუსეთსა და საქართველოს შორის გეოპოლიტიკური დაახლოება, რომლის მცდელობადაც სწორედ საქართველოს ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტს“ განიხილავს. „[საქართველოს] პარლამენტის მიერ მიღების შემთხვევაში, უცხოური აგენტების შესახებ კანონი შესაძლოა სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალიების შექმნის ძლიერი ფაქტორი გახდეს. რეალიები, რომელშიც რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და რეგიონული პარტნიორობა ჩვენი მეზობლების ევროპული ინტეგრაციის იდეას მეორე პლანზე გადაწევს. და მერე ვინ იცის, რა იქნება ასეთი კომპრომისის საგანი. აფხაზეთი? არ არის გამორიცხული“, - წერს ბჟანია. მისივე თქმით, ქართული მხარე „ამას დაჟინებით მოითხოვს“.
ახრა ბჟანია აღნიშნავს, რომ სააკაშვილის „ანტირუსული“ ხელისუფლების პირობებში ყველაფერი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, ხოლო ამჟამად ივანიშვილის „პრორუსული“ ხელისუფლების პირობებში და განსაკუთრებით ზემოხსენებული კანონის მიღების შემთხვევაში, ყველაფერი მნიშვნელოვნად გართულდება.
"თუკი თუნდაც შორეულ პერსპექტივაში, მაინც არსებობს აფხაზურ-ქართული ურთიერთობების დალაგების შესაძლებლობა, ეს პროცესი მხოლოდ ძირითადი ღირებულებების თანხვედრისა და ურთიერთაღიარების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. სხვისი თავისუფალი არჩევანი მხოლოდ მას შეუძლია აღიაროს, ვინც საკუთარ თავისუფალ არჩევანს აფასებ. ამ კონტექსტში "ქართული ოცნება" თავისი ოცნებებით, საკუთარ მოქალაქეებს უფლებები და თავისუფლებები შეუზღუდოს, ალბათ, ყველაზე პერსპექტიული მომლაპარაკებელი ვერ გახდება, თუკი საქმე აფხაზეთის მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს შეეხება", - აღნიშნავს ახრა ბჟანია.
ბჟანია იმაზეც მიუთითებს, რომ ორი წლის განმავლობაში სოხუმში ორგანიზებულმა პროტესტებმა შეაჩერეს აპარტამენტების, უცხოური აგენტების, ცილისწამებისა და სხვა ოდიოზური კანონპროექტების მიღება. „ახლა ბურთი ენგურს მეორე მხარესაა. შეძლებს ქართული საზოგადოება საკუთარი სამოქალაქო უფლებების დაცვას და გახდება ეს მომავალში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი? ვნახოთ...“, - დასძინა მან.
აფხაზეთის ლიდერმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლა
გათავისუფლების განკარგულებას ბჟანიამ ხელი 7 მაისს მოაწერა ხელი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ამჟამად ინალ არძინბას მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შეასრულებს.
თავად ინალ არძინბა აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. „მე დავწერე განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება წინასწარ იყო დაგეგმილი. ახლა მოსკოვში ვარ“, - წერს არძინბა.
ადგილობრივ სოციალურ ქსელში ინალ არძინბას გათავისუფლებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.
ტელეგრამ არხი „აფხაზური პორტალის“ ინფორმაციით, ინალ არძინბა „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ დაკითხვაზე დაიბარეს. წყაროები იუწყებიან, რომ ასლან ბჟანიას აკრძალვის გამო, ინალ არძინბა უკვე ერთი კვირაა აფხაზეთს ვერ ტოვებს. მოგვიანებით ამავე ტელეგრამ-არხმა სხვა ორი ვერსიაც გაავრცელა. ერთი ვერსიით, ინალ არძინბა შესაძლოა რუსეთის ფედერალურ დონეზე დაწინაურდეს, ხოლო მეორე ვერსიით, სამხრეთ კავკასიაში მასობრივი დესტაბილიზაციის წინა პერიოდში მოხდება მისი დროებითი „კონსერვაცია“. სოციალური ქსელის მომხმარებლები ასევე ვარაუდობენ, რომ ინალ არძინბა საკუთარ პოლიტიკურ პარტიას შექმნის და 2025 წელს აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.
აღსანიშნავია, რომ ახლახან, ჯერ კიდევ „საგარეო საქმეთა მინისტრის“ პოსტზე ყოფნისას, ინალ არძინბა რუსული პირველი არხის ტელეწამყვანი გახდა. სპეციალური პროექტი „გლობალური უმრავლესობის“ ფარგლებში იგი აპირებდა შეხვედრების გამართვას იმ მსოფლიო ლიდერებთან, რომლებიც ღიად დაუპირისპირდნენ დასავლეთს.
აფხაზეთის სომხური თემი ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკას ეწინააღმდეგება
აფხაზეთში მცხოვრებმა სომხურმა თემმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც და პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გააკრიტიკა და მიესალმა სომხეთში "ახალი პატრიოტული მოძრაობის" გაჩენას მთავარეპისკოპოსი ბაგრატ სრბაზანის მეთაურობით. "ჩვენ, აფხაზეთის რესპუბლიკის სომხები, როგორც მრავალეროვნული აფხაზი ხალხის ნაწილი, ყოველთვის ინტერესით ვადევნებდით თვალს სომხეთის მოვლენებს. თანავუგრძნობდით მას წარუმატებლობისას და გულწრფელად გვიხაროდა მისი წარმატებები. სამწუხაროდ, ბოლო დროს ბევრი ნეგატივია და მას თავისი უშუალო ავტორი ჰყავს. ეს არის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი გუნდი, რომელთა გადაწყვეტილებებმაც მრავალი მარცხი გამოიწვია, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე დიპლომატიურ ასპარეზზე“.
სომხურმა თემმა განაცხადა, რომ არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც სომხეთის საშინაო საქმეებში არ ერევა, თუმცა, სომხური წარმომავლობის გათვალისწინებით, იტოვებს უფლებას, გამოხატოს საკუთარი პოზიცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლების სომხეთის სახელმწიფოებრიობაზე „უარყოფითად“ მოქმედებს. თემის წარმომადგენელთა თქმით, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი თანაგუნდელების არაწინდახედულმა პოლიტიკამ ყარაბაღის ლიკვიდაცია, ათასობით ადამიანის გარდაცვალება და ათიათასობით სომეხის ლტოლვილად ქცევა გამოიწვია. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სომხური თემი არის "რევოლუციების წინააღმდეგი" და "სომეხი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს."
"აღორძინებული სომხეთი თავისი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს წინა პლანზე დააყენებს. ზედმეტი არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ ამ ინტერესებს შეესაბამება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაც," - ნათქვამია განცხადებაში.
ასლან ბჟანია რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ალექსეი საზანოვს შეხვდა
შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ალექსეი საზანოვის აფხაზეთში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, რომლის დროსაც მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელი მოეწერა „მთავრობათაშორის შეთანხმებას“ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ.
ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაფორმებას აფხაზეთში უკვე დიდი ხანია ელოდებოდნენ. „ეს შეთანხმება ხსნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ეკონომიკისთვის და იმისთვის, რომ რუსული ინვესტიციები უფრო დინამიკური გახდეს“, - განაცხადა მან. ასლან ბჟანიამ ასევე გამოთქვა რწმენა, რომ „შეთანხმება“ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რუსეთისა და აფხაზეთის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.
თავის მხრივ, რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი მოიზიდავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს აფხაზეთის ეკონომიკაში, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. „რუსი ინვესტორების მხრიდან ასეთი ინტერესი არსებობს და მათ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მოგვამართეს“, - განაცხადა ალექსეი საზანოვმა. მისივე თქმით, „შეთანხმება“ მიზნად ისახავს ორი სახელმწიფოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას და ბიზნესისთვის საგადასახადო რისკების აღკვეთას.
ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდული პარლამენტის შექმნაზე იმსჯელეს
აფხაზეთის “პარლამენტში” კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის „კომიტეტის“ სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა პროექტი „სახალხო კრებასთან არსებული ახალგაზრდული პარლამენტის შესახებ“. კერძოდ, პროექტი დე ფაქტო პარლამენტში ახალგაზრდათა საკონსულტაციო ორგანოს შექმნას გულისხმობს.
ახალგაზრდული პარლამენტის პროექტის შემქმნელები „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტი ილია ჩეხერია და „პარლამენტის“ აპარატის თანამშრომლები ბესლან არშბა და მილენა ხვათლანძია არიან. მათ „დეპუტატებს“ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროექტის ძირითადი ასპექტების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ახალგაზრდული პარლამენტი“ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან არსებული მუდმივმოქმედი, საზოგადოებრივი, საკონსულტაციო-საგანმანათლებლო ორგანო გახდება და მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდებში კანონშემოქმედებითი პროცესის განვითარება, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებთან ახალგაზრდების თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.
პროექტის ავტორთა მოსაზრებით, „ახალგაზრდული პარლამენტის“ უფლებამოსილება 3 წლით უნდა განისაზღვროს და ის პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს.
საკითხის განხილვა კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის „კომიტეტის“ შემდეგ სხდომაზე გაგრძელდება.