
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 13-15 მაისი
21/05/2024 06:35:34 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ „საქართველოს სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატში“ ეჭვმიტანილი დააკავა. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, “საქართველოს და აფხაზეთის მოქალაქე“ კახა მურადოვი გაგრაში 24 აპრილს იქნა დაკავებული. ასევე გავრცელდა მისი დაკავებისა და დაკითხვის ამსახველი ვიდეო მასალა, რომლის მიხედვით, მას რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით მოძრავ მატარებლებზე თვალთვალი ჰქონდა დავალებული იმის დასადგენად, ხდებოდა თუ არა სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირება, ასევე, დაგეგმილი იყო ინფორმაციის მოსაპოვებლად მისი „ჩანერგვა“ აფხაზეთის „სახელმწიფო დაწესებულებებსა და სამხედრო ობიექტებზე“. „უნდა გადამეღო ფოტოები, დამეთვალა და მითითებულ ტელეფონის ნომერზე შეტყობინება გამეგზავნა“, - განაცხადა „ბრალდებულმა“ დაკითხვის დროს.
დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მურადოვის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას ამოღებულია ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც საქართველოს სპეცსამსახურებთან მის კავშირებზე მიუთითებს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ცდილობდა აფხაზეთის მოსახლეობის ჩართვას ფარულ საქმიანობაში, რა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებისს ემსახურებოდა. გარდა ამისა, მურადოვს დავალებული ჰქონდა საქართველოსთან აფხაზეთის გაერთიანების მხარდამჭერი „ლოიალური ადამიანების“ მოძებნა და მათთვის ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად ფინანსური დახმარების სახით დაგეგმილი იყო ერთი მილიონი ლარის გამოყოფა. „ეთნიკური ქართველები, რომლებიც 1993 წლამდე [აფხაზეთიდან] წავიდნენ, საკუთარ სახლებში უნდა დაბრუნდნენ. ასევე მითხრეს, აფხაზეთში მომეძებნა ლოიალური ადამიანები, რომლებიც აფხაზეთისა და საქართველოს რეინტეგრაციას უჭერენ მხარს. ამისთვის 1 მილიონი ლარის გამოყოფა მოხდებოდა“, - ავრცელებს დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური მურადოვის „ჩვენებას“.
გავრცელებული ინფორმაციით, კახა მურადოვს, რომელიც 1994-1999 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, კონტაქტები ჰქონდა 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფებების, მათ შორის „მხედრიონის“ ყოფილ მეთაურებთან. „2017 წელს სამკურნალოდ თბილისში წავედი. ოპერაციისთვის საჭირო თანხის გარკვეული ნაწილი მქონდა. 7000 ლარი დამაკლდა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გადაიხადა. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მურთაზ ჭელიძის [გაგრის ბატალიონის ყოფილი მეთაური] სახლში მივედი. მან ასევე მიიწვია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ლაშა კაკუბავა. ლაშამ მითხრა, მათი გაცნობისა და მიღებული დავალებების შესახებ არავისთვის მეთქვა“, - განაცხადა მურადოვმა. მისივე თქმით, ლაშა კაკუბავას თხოვნით საქართველოში 2023 წლის 17 მაისს ისევ ჩამოვიდა.
მიმდინარე წლის 9 მაისს დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილებამ მურადოვის წინააღმდეგ „ჯაშუშობის“ ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისში "ჯაშუშობის" ბრალდებით გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მას 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2023 წლის 5 მაისს მიუსაჯა.
ინალ ხაშიგი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მორიგ მოსაზრებას ავრცელებს
თბილისში მიმდინარე მოვლენებისა და სახალხო პროტესტის მიმართ სოხუმის ინტერესი სულ უფრო იზრდება. ცნობილმა აფხაზმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა გამოაქვეყნა მორიგი სტატია სათაურით: „რას აირჩევენ ქართველები - აფხაზეთის სახით წარსულს თუ ევროპულ მომავალს?“
საკუთარ სტატიაში ინალ ხაშიგი აღნიშნავს, რომ უზარმაზარი სახალხო პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი უცხოური აგენტების შესახებ. მისი მოსაზრებით, პრეზიდენტის ვეტოს გამოყენების შანსი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მის დასაძლევად საკმარისი შესაძლებლობა და მონდომება გააჩნია. „ეს კანონი მიჩნეულია როგორც რუსული. მთელი პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მას იღებს სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებლობის წლების მანძილზე განუხრელად დასავლეთისკენ მიდიოდა. აფხაზეთში კი, რომელსაც საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს, უცხოური აგენტების შესახებ კანონი ჯერ კიდევ არ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ კრემლი უკვე ათი წელია მის მიღებას დაჟინებით ითხოვს. აფხაზეთის მთავრობა მოსკოვს ამის გაკეთებას დაჰპირდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის დიდი ენთუზიაზმი არ აქვს, მით უფრო საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით“, - აცხადებს ინალ ხაშიგი.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოებაც კანონს ეწინააღმდეგება, თუმცა მმართველმა პარტიამ ის მაინც დაამტკიცა, თან საკმაოდ მჭიდრო ვადებში. ინალ ხაშიგის თქმით, გარკვეულ მოსაზრებებს იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას, დე ფაქტო ხელისუფლებისგან განსხვავებით, კანონის მიღებისთვის 10 წელი არ დასჭირვებია. „თუ აფხაზეთის შემთხვევაში კრემლი პირდაპირ ითხოვს უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას, საქართველოს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ერთგვარი მაცდური წინადადება, რომელიც ურთიერთმომგებიანი გაცვლის პრინციპს ეფუძნება. ჩემი სუბიექტური აზრით, იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს კანონი მიეღო საზოგადოებრივი წინააღმდეგობის, ევროკავშირისა და ამერიკის სახით მეგობრების მოთხოვნისა და მუქარის მიუხედავად, მას ამისთვის განსაკუთრებული მიზეზი სჭირდებოდა. და ეს მიზეზი არის აფხაზეთი, რომელიც ქართველების უმრავლესობისთვის მთავარ დანაკლისად იქცა“, - აცხადებს ინალ ხაშიგი.
ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ კრემლს შეუძლია თბილისს მისცეს დაპირება, თითქოს საქართველოსა და აფხაზეთის გაერთიანებას ხელს შეუწყობს, მაგალითად, კონფედერაციის სტატუსით. ეს მოსკოვისთვის მომგებიანი იქნება, რადგან „აფხაზური სატყუარის“ გამოყენებით საქართველოს სამუდამოდ მიიბამს, ასევე მომგებიანია თბილისისთვისაც, რადგან ქართველები როგორც იქნა იმას მიიღებენ, რაზეც ყოველთვის ოცნებობდნენ. აქვე ინალ ხაშიგი დასძენს, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ძალიან წინდახედული ბიზნესმენია, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი, რომელსაც იგი ამ სიტუაციაში ვერ ხედავს. „რაც არ უნდა ითქვას, აფხაზეთი ქართულ აღქმაში უკვე წარსულია, თითქმის მითია. ერთგვარი ნოსტალგიური სურათი. ეს არის მოხუცების მოგონებები მათი არაჩვეულებრივი ახალგაზრდობის შესახებ, რომელსაც აწმყოსთან საერთო არაფერი აქვს. და თუ „კონფედერაციული გარიგება“ მოსკოვსა და თბილისს შორის მაინც შედგება, ქართული საზოგადოება აუცილებლად იგრძნობს თავს მოტყუებულად. იმიტომ რომ მიხვდება, რომ მას წარსული მიჰყიდეს და სანაცვლოდ ევროპული მომავალი წაართვეს“, - წერს ინალ ხაშიგი.
მისი თქმით, კანონი უცხოური აგენტების შესახებ ერთგვარი გამოცდაა ქართული საზოგადოებისთვის. მათ უნდა აირჩიონ ერთ-ერთი - ან ნოსტალგიური წარსული, ან უზრუნველყოფილი მომავალი. „ქართველებს უკვე აქვთ ბილეთი ევროპის მიმართულებით - ბილეთი ბარგის გარეშე. თუ [ევროპაში] გაფრენა გინდა, აფხაზური ბარგი უნდა დატოვო, როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს“, - ამ სიტყვებით ამთავრებს ჟურნალისტი საკუთარ სტატიას.
ასლან ბჟანიასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აფხაზური ენის განვითარებაზე იმსჯელეს
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სახელმწიფო ენის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა. „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ლინგვისტებმა, ენათმეცნიერებმა და პროფილური „სახელმწიფო“ სტრუქტურების ხელმძღვანელებმა.
შეხვედრის გახსნისას ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ აფხაზური ენის განვითარება „სახელმწიფო პოლიტიკის“ ერთ-ერთი მთავარ ამოცანას წარმოადგენს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით არსებობს რიგი გამოწვევები, რომელთა გადალახვა ერთობლივი ძალებით არის შესაძლებელი. თავის მხრივ, მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც აფხაზური ენის განვითარებასა და პოპულარიზაციას ხელს უშლის. ხაზი გაესვა რადიკალური მიდგომებისა და მექანიზმების გამოყენების აუცილებლობას, ასევე „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებების ინიციირების მნიშვნელობას იმის გათვალისწინებით, რომ „კანონის“ ზოგიერთი მუხლი დღეს პრაქტიკაში არ მუშაობს.
აფხაზეთის „პარლამენტში“ აპარტოტელების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო
აფხაზურ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის „პარლამენტში“ აპარტოტელების შესახებ კანონპროექტის ახალი ვერსიის განხილვა დაიწყო. ამ ეტაპზე განხილვები არაფორმალურ ხასიათს ატარებს.
ინფორმაციის თანახმად, „კანონპროექტის“ განახლებული ვერსია პარლამენტს ოფიციალურად უახლოეს მომავალში წარედგინება. ახალ „კანონპროექტში“ საუბარია აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილზე. კერძოდ, არსებობს მოსაზრება, რომ აპარტამენტების მშენებლობა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა აღმოსავლეთ აფხაზეთში იყოს დაშვებული. აღნიშნული იდეის პოპულარიზაციის მიზნით, აღმოსავლეთ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის წარმომადგენელთა ერთობლივი ადვოკატირების განცხადების ორგანიზებაც იგეგმება.
ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, აფხაზეთის რომელ რაიონებზე იქნება საუბარი ახალ „კანონპროექტში“, თუმცა „Amra-life“ ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ პოსტში გამოთქმულია ვარაუდი, რომ აპარტოტელების მშენებლობა შესაძლოა ტყვარჩელისა და გალის რაიონებში დაიწყოს. „ორივე [რაიონი] ზღვიდან შორს მდებარეობს, თუმცა ორივეს ძლიერი მხარეებიც აქვს. ტყვარჩელი ცნობილიაა თვალწარმტაცი მთებითა და ჩანჩქერებით, ასევე მდიდარია განუვითარებელი ქვანახშირის საბადოებით. გალის რეგიონში არის წყალსაცავი, ელექტროსადგურები და ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. ორივე რეგიონი ინვესტიციების განსაკუთრებით მწვავე ნაკლებობას განიცდის. სწორედ ეს აქცევს მათ საუკეთესო ადგილად საკამათო კანონმდებლობის ტესტირებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.