ავღანეთის "თალიბანის" მთავრობა, რუსეთის "დუმას" სპიკერი, ჩინეთის ვიცე–პრემიერი და არც ერთი დასავლელი ლიდერი – ვინ ესწრება ირანის პრეზიდენტის დაკრძალვას საქართველოს პრემიერთან ერთად

22-05-2024 17:55:30 პოლიტიკა

ირანში ქვეყნის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩადიან.

როგორც ირანული მედია იუწყება, ირანი 60 დელეგაციას უმასპინძლებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

დასავლური მედიის ცნობით, ამ დროისთვის [თბილისის დროით 17:55] ირანში უკვე ჩავიდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, თუმცა ცერემონიას არ ესწრება არც ერთი დასავლელი ლიდერი.

ვინ ესწრება ირანის პრეზიდენტის დაკრძალვას

  • რუსეთი: სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი;
  • თურქეთი: ვიცე –პრეზიდენტი ჯევდეტ ილმაზი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი;
  • ინდოეთი: ვიცე– პრეზიდენტი შრი ჯაგდიპ დანხარი;
  • ავღანეთის "თალიბანის" მთავრობა: ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი მოლა ბარადარ ახუნდი და საგარეო საქმეთა მინისტრი მალავი ამირ ხან მუთაქი;
  • პაკისტანი: პრემიერ–მინისტრი მუჰამედ შეჰბაზ შარიფი და ვიცე-პრემიერი მოჰამედ ისჰაკ დარი;
  • ერაყი: პრემიერ –მინისტრი მუჰამედ შია ალ-სუდანი და მაღალი რანგის დელეგაცია, რომელშიც შედის ფედერალური სასამართლოს პრეზიდენტი;
  • ჩინეთი: ვიცე –პრემიერი ჟანგ გუოკინგი;
  • კატარი: ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი;
  • ეგვიპტე: საგარეო საქმეთა მინისტრი სამეჰ შუკრი;
  • სომხეთი: პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი;
  • აზერბაიჯანი: პრემიერ–მინისტრი ალი ასადოვი.

გარდა ამისა, ცერემონიას არ ესწრება ირანის სამი ყოფილი პრეზიდენტი - მოჰამად ხათამი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი და ჰასან როჰანი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა:

"მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან".

ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების სამგლოვიარო ცერემონია გრძელდება. ებრაჰიმ რაისს ხუთშაბათს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები