Accentnews.ge
მოსკოვი წინააღმდეგი არაა, საქართველოს სოხუმი და ცხინვალი დაუბრუნოს, "ოღონდ ერთი პირობით"

მოსკოვი წინააღმდეგი არაა, საქართველოს სოხუმი და ცხინვალი დაუბრუნოს, "ოღონდ ერთი პირობით"

27/05/2024 07:22:00 კონფლიქტები

მოსკოვი წინააღმდეგი არაა, საქართველოს სოხუმი და ცხინვალი დაუბრუნოს, "ოღონდ ერთი პირობით" და ეს პირობა პუტინის სსრკ-2-ში გაერთიანებაა. შესაბამისი განცხადება, რომელიც მოსკოვის მხრიდან პირველი არაა და თბილისისადმი კრემლის ერთგვარ შეთავაზებად შეიძლება, ჩაითვალოს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი ჩეპამ გააკეთა.

"მე მხარს დავუჭერდი მსგავს [თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის] გაერთიანებას, ოღონდ აღდგენილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში. ვოცნებობ, რომ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ერთიან, ძლევამოსილ მრავალეროვან სახელმწიფოში გაერთიანდეს... ქართველები ყოველთვის დიდ მეგობრობაში თანაცხოვრობდნენ რუს ხალხთან. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უნდა აღდგეს. ასეთ შემთხვევაში მხარს დავუჭერდი ამ იდეას. მაშინ შესაძლებელი გახდებოდა მშვიდად ჩაფრენა საქართველოში, აფხაზეთში, თხილამურებით განავარდება კარპატებზე, ასევე ოდესაში მშვიდად ჩასვლა..." - განაცხადა ჩეპამ.

მანამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა წამოსწია ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა: მან "ეშმაკისეული მსჯელობა" უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამასწინანდელ დაპირებას, რომ 2030 წელს საქართველო ევროკავშირში ტერიტორიულად გამთლიანებული გაწევრიანდება.

მისმა კოლეგამ - სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა კი კობახიძის ეს განცხადება "დასავლეთის წინაშე თავის მართლების მცდელობად" შეაფასა.

ცნობისთვის: ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერმა, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ღამის ტელეგრამ-პოსტში დაწერა, რომ "საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება მხოლოდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია შესაძლებელი".

ამგვარად, მოსკოვი საქართველოს სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნების ფასად დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დათმობასა და მთლიანად რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას უწესებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის აშკარა ცვლილებისა და დასავლეთისგან რუსეთისკენ შეტრიალების ფონზე ამ თემაზე უკვე აქტიურად მსჯელობენ კონფლიქტურ რეგიონებშიც. კერძოდ, აფხაზეთში ადგილობრივი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ "თბილისის მოსკოვისკენ შეტრიალებაზე" და შეშფოთებულები არიან პერსპექტივით, სანაცვლოდ მოსკოვმა "სოხუმი და ცხინვალი "გაყიდოს".

იხილეთ ასევე: უცხოეთის აგენტები სოხუმსა და თბილისში

არაოფიციალურად უკვე არაერთგზის ითქვა ისიც. რომ "ქართული ოცნება" ამ თემას წინასაარჩევნოდ საქართველოს მოსახლეობის მოსატყუებლად აუცილებლად გამოიყენებს და ამას სავარაუდოდ, სულ ბოლოს - უშუალოდ არჩევნების წინ გააკეთებს, ამაში, მაღალი ალბათობით, მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალიც წაეხმარებიან შესაბამისი განცხადებებით, ან შესაძლოა, რიგი გადაწყვეტილებებითაც, როგორიცაა, მაგალითად, დე-ფაქტო საზღვრებზე გადაადგილების გამარტივება და სხვა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში "ოცნების" შესაძლო გამარჯვებიდან მალევე ყველა ეს სასარგებლო გადაწყვეტილება უკან იქნება გაწვეული და მივიწყებას მიეცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S