აშშ-ს საელჩო საქართველოში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს, პირად უსაფრთხოებაზე იზრუნონ

07-01-2020 12:12:55 საგარეო პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ შუა აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო და საქართველოში მყოფი მოქალაქეები გააფრთხილა.

"შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად გამწვავებულია, რის გამოც, შესაძლოა, უცხოეთში მყოფი შეერთებული შტატების მოქალაქეები საფრთხის ქვეშ აღმოჩდნენ", - ნათქვამია საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს და იზრუნონ პირად უსაფრთხოებაზე.

ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.

„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.

ირანის უმაღლესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.

„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები