
ირაკლი კობახიძე: ჩინური კომპანიის მიერ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება
30/05/2024 08:05:26 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ჩინური კომპანიის მიერ ტენდერის მოგება იძლევა იმის "გარანტიას", რომ ანაკლიის პროექტი "უმაღლეს დონეზე განხორციელდება".
მან სპეკულაცია უწოდა ცნობებს ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით და ხაზს უსვამს ანაკლიის პორტისთვის ჩინური ტვირთების მნიშვნელობას.
„უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის ამ ტიპის პროექტების განხორციელების. ძალიან კარგი განაცხადი შემოიტანეს ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება.
რაც შეეხება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც თავის დროზე ჩართული იყვნენ ანაკლიის გარშემო პროცესებში, შეგახსენებთ, რომ მათ არაერთხელ გადაუვადა სახელმწიფომ იმის შესაძლებლობა, რომ ინვესტორი მოეზიდათ, თუმცა, წლების განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ შეძლეს ინვესტორის მოზიდვა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, თუმცა ამ პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას ცდილობენ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ამ პროექტის განვითარება, ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, სპეკულაციები არის უადგილო, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ვინც ეს სპეკულაციები დაიწყო, იღებს საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებიდან და სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ანტიჩინური კამპანია, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკოსები და მათი NGO-ები აწარმოებენ“,-განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან „ლელოს“ ლიდერების განცხადება შეაფასა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ მიზანმიმართულად არ მიეცათ ამ პროექტის განხორციელების საშუალება.
„დაასახელონ ინვესტორი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მოიზიდეს. ვერ მოიზიდეს ვერცერთი ინვესტორი. ასეთ პირობებში, მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ხელი შეეშალათ, არის სრული სპეკულაცია. არათუ ხელი არ შეგვიშლია ჩვენ ამ პროექტის განხორციელებისათვის, კონსტიტუციაშიც კი ჩავუწერეთ ანაკლიის პროექტი იმისთვის, რომ ინვესტორის მოზიდვა გაადვილებოდათ, თუმცა, კონსტიტუციური დათქმის პირობებშიც კი ვერ მოახერხეს ვერცერთი ინვესტორის დაინტერესება იმიტომ, რომ სინამდვილეში, სავარაუდოდ კორუფციული ინტერესები ჰქონდათ და არა რეალურად, პორტის განვითარების“,-განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის პასუხისმგებლობაა, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ანაკლიის პროექტი და ვერცერთ ინვესტორი წლების განმავლობაში ვერ მოიზიდა.
„რომ ყოფილიყო კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან ინტერესი, მათ ამ პროექტის განხორციელებაში ინვესტორის ჩართვა არ გაუჭირდებოდათ. თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა. ამაზე იქით არ მინდა კომენტარის გაკეთება. რომ ყოფილიყო მეტი ინტერესი საქართველოში პორტის განვითარების კუთხით, არც ხაზარაძის კონსორციუმს არ უნდა გასჭირვებოდა წესით ინვესტორის მოზიდვა და ახლაც უნდა ჩართულიყო რომელიმე შესაბამისი კომპანია ამ ტენდერში, თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი სხვანაირად ხდება. ხაზარაძემ ვერ მოახერხა ვერცერთი სივრციდან ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის მოზიდვა ამ პროექტის განსახორციელებლად. შესაბამისად, ეს არის ხაზარაძის პასუხისმგებლობა, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ანაკლიის პროექტი და ვერცერთ ინვესტორი ვერ მოიზიდა წლების განმავლობაში.
რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათ შეეძლოთ დაეინტერესებინათ კონკრეტული კომპანიები ამ პროექტით, რომელიც არის მომგებიანი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა“,-განაცხადა კობახიძემ.
იხილეთ ასევე: რა ვიცით ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ანაკლიის პორტის აშენებას ანდობენ