
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 20-22 მაისი
31/05/2024 08:41:59 კონფლიქტები
დე ფაქტო პარლამენტის წევრები სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე არ შეუშვეს
აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი სოციალური ქსელები ავრცელებენ. ინციდენტის დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუმცა როგორც ტელეგრამ-არხი „აფხაზური პორტალი“ იუწყება, ადამიანმა, რომელმაც „დეპუტატები“ აეროპორტში არ შეუშვა, თავს რუსული რუსული კერძო დაცვის კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა, რომელმაც განაცხადა, რომ აფხაზეთში არც რუსული და არც ადგილობრივი კერძო დაცვის სამსახურები არ ფუნქციონირებენ. მისი თქმით, აეროპორტში წარმოდგენილი არიან რიგითი დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ტერიტორიას და იქ განთავსებულ აღჭურვილობას იცავენ.
მეტიც, აფხაზეთში არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც კერძო დაცვის სამსახურის საქმიანობას არეგულირებს და დე ფაქტო იუსტიციის სამინისტრო ასეთი სამსახურის რეგისტრაციას და მისთვის ლიცენზიის მიცემას ვერ შეძლებს. შესაბამისად, სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის გაუგებარია, რომელი კერძო დაცვის სამსახური იცავს სოხუმის აეროპორტის ტერიტორიას.
მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა ადგილობრივი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი. საკუთარ ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ ტერიტორიები, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შესვლა ეკრძალებათ უკვე საკმარისზე მეტია და ახლა ამ ჩამონათვალს აეროპორტიც დაემატა. „აფხაზეთში ბევრია რუსი სამხედრო, გასამხედროებული ან სულაც არა სამხედრო, მაგრამ „სამხედროების“ საფარქვეშ მოქცეული პირი. სხვათაშორის, ერთ დროს ჩვენ ხელისუფლება არც კი კითხულობდა გაფორმებულ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებს, რომელთა რატიფიცირებასაც პარლამენტი ახდენდა. ახლა არ ვიცი როგორც არის, მაგრამ მაშინ, შეთანხმების თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტსაც არ ჰქონდა უფლება შესულიყო სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე ქვედანაყოფის მეთაურის ნებართვის გარეშე. ანუ, ქვედანაყოფის მეთაურს შეეძლო, პრეზიდენტისთვისაც აეკრძალა [შესვლა]“, - წერს ინალ ხაშიგი.
ასლან ბჟანიამ ირანს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა
სამძიმრის წერილში აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ღრმა მწუხარება გამოთქვა ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და სხვა სახელმწიფო მოღვაწეების ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო. მან აღნიშნა, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ დაკარგა გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები და ჭეშმარიტი პატრიოტები, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება ირანელი ხალხის უანგარო და თავდაუზოგავ სამსახურს მიუძღვნეს.
„პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი სამუდამოდ დარჩება საერთაშორისო თანამეგობრობის მეხსიერებაში როგორც გამორჩეული ლიდერი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო ასპარეზზე ირანის პოზიციების განმტკიცებაში. პირადად ჩემი და აფხაზი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ირანის მთავრობას და ირანელ ხალხს. გამძლეობას და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ ამ მძიმე დანაკარგის წინაშე“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ანქვაბი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა შეხვედრა გამართა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალურ წარმომადგენელთან ანიეს ქოთუსთან და სოხუმის ოფისის ხელმძღვანელთან ჩინგიზ რაიმბეკოვთან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა მ.წ. 29 მაისს ქალაქ სტამბულში დაგეგმილ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხებზე სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის მორიგ სხდომას უკავშირდებოდა. ამასთან, ანიეს ქოთუმ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროცესთან დაკავშირებით გასული ცხრა თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა. კერძოდ, მისი თქმით, მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი შესაძლო სამარხების იდენტიფიცირების კუთხით, რის თაობაზე ინფორმაცია უკვე მიეწოდა აფხაზეთის ადგილობრივი „ხელისუფლების“ წარმომადგენლებს და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.
თავის მხრივ, ალექსანდრ ანქვაბმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა დე ფაქტო ხელისუფლების მზადყოფნა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესს ხელი შეუწყოს.
აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელს მაცხოვრებლებმა სახელი თვითნებურად გადაარქვეს
ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონის სოფელ ცკიბინის მაცხოვრებლებმა სოფელს სახელი შეუცვალეს და მას საბჭოთა კავშირის დროს არსებული სახელი „შაუმიანოვკა“ დაუბრუნეს. გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის შესასვლელთან ახალი ბანერიც დაიდგა, რაც სოფლის ხელმძღვანელობასა და თანამოქალაქეებთან შეუთანხმებლად მოხდა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობას ეთნიკური სომხები წარმოადგენენ.
მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით აფხაზეთის სომხურმა თემმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მომხდარი ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ცკიბინის მოსახლეობა სოფლის გამგეობას ბოდიშს უხდის. „აფხაზეთის რესპუბლიკის სომხური თემი სრულიად იზიარებს შეშფოთებას და წუხილს, რომელიც ნებისმიერი დასახლების ტოპონიმების შეცვლის მიუღებლობას უკავშირდება. მხარს ვუჭერთ კანონების მკაცრი დაცვის აუცილებლობას სოფლების, ქალაქების და სხვა ტიპის ადმინისტრაციული ერთეულების არსებული სახელების შენარჩუნების კუთხით. გულრიფშის რაიონის სოფელ ცკიბინის მაცხოვრებლების შეუთანხმებელი ქმედებები კერძო ხასიათს ატარებს. ვიზიარებთ მოქალაქეების მოსაზრებას ამ ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების აუცილებლობის თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ცნობილი ხდება, სოფლის შესასვლელთან თვითნებურად დადგმული ბანერი ძველი სახელწოდებით „შაუმიანოვკა“ უკვე მოხსნილია და ახლო მომავალში მოხდება სოფლის მოქმედი სახელის ამსახველი ბანერის დამონტაჟება.
„რად გვინდა გამარჯვება, თუ აქ აფხაზები არ იცხოვრებენ“: აფხაზეთში დემოგრაფიულ გამოწვევებზე იმსჯელეს
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც აფხაზეთში არსებულ დემოგრაფიულ გამოწვევებს მიეძღვნა.
სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ (2011-2016 წლებში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა) აღნიშნა, რომ აფხაზეთში დემოგრაფიული მდგომარეობა საკმაოდ რთულია. მთავარ გამოწვევად მან მოსახლეობის არასაკმარისი ზრდა დაასახელა, რაც მისი თქმით შობადობის დაბალ დონეს და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს, უკონტროლო მიგრაციას, გვიან ქორწინებასა და ოჯახებში დაბადებული ბავშვების მცირე რაოდენობას უკავშირდება. დემოგრაფიული პრობლემების გამომწვევ ძირითად ფაქტორებს შორის ჩირიკბამ უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, ავტოკატასტროფებში დაღუპვის მაღალი სტატისტიკა, ნარკოდამოკიდებულება და კოვიდ-19 პანდემიის შედეგები დაასახელა. მისი განცხადებით, აფხაზი მოსახლეობის რიცხოვნობის გაზრდასთან დაკავშირებული გამოწვების აღმოფხვრა უმთავრესი საკითხია, თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფასთან ერთად.
სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ დაბადებული პირებისთვის აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მინიჭების პროცედურის გამკაცრების აუცილებლობას. „მოქალაქეობის დადგენის კომისია ყოველწლიურად 3000-მდე განცხადებას აკმაყოფილებს. ანუ 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 30 000 ადამიანი იღებს ჩვენს პასპორტს. გასაგებია, თუ საუბარია სპეციალისტებზე, რომლებიც ობიექტურად სჭირდება ქვეყანას, მაგრამ ამ რიცხვიდან ყველა ასეთი ხომ არ არის“, - დასძინა ჩირიკბამ. აქვე მან მოიყვანა მონაკოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მაგალითები, მოქალაქეობის მიღება სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის თითქმის შეუძლებელია, თუმცა აღნიშნული უცხოელთა მონაწილეობის ბიზნესის წარმართვას და ეკონომიკურ განვითარებას ხელს არ უშლის.
დემოგრაფიულ საკითხზე მსჯელობის ლოზუნგად ვიაჩესლავ ჩირიკბამ აფხაზეთის პირველი ლიდერის ვლადისლავ არძინბას განცხადება: „ჩვენ ჩვენი მიწა დავიცავით, ენგურამდე მივედით, მაგრამ რად გვინდა ეს გამარჯვება, თუ აფხაზები აქ არ იცხოვრებენ, თუ ბევრნი არ ვიქნებით?“.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ აფხაზეთის მთელ მოსახლეობაში ეთნიკური აფხაზების წილი ნახევარზე ოდნავ მეტს შეადგენს. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ზუსტი დემოგრაფიული მონაცემების მოპოვებისა და მათი ანალიზის მექანიზმის არარსებობაზე. „მოსახლეობის აღწერა აფხაზეთში ბოლოს 2011 წელს ჩატარდა. დღემდე მხოლოდ ეს მონაცემები გვაქვს მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში მოსახლეობის აღწერა ყოველ 10 წელში ტარდება“, - განაცხადა დე ფაქტო სტატისტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა კამა გოგიამ.
შეხვედრაზე მონაწილეების მხრიდან აღინიშნა, რომ აფხაზი მოსახლეობის ზრდის პოტენციალი არსებობს, თუკი დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხს სათანადო ყურადღება დაეთმობა და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.