ფირალიშვილი: ეს არის უბედურება, რომელიც გველის!

03-06-2024 15:45:34 პოლიტიკა ,კომენტარი

ძალიან რთულ სიტუაციაში ამოვყავით თავი,– ამბობს „აქცენტთან“ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკური ვითარების შეფასებისას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, თუმცა იქვე დასძენს, „ვერ გეტყვით, ხელისუფლებამ გაიმარჯვა–მეთქი, რადგან აშკარაა, რომ ანტისახელისუფლებო ძალების მობილიზებაც მოხდა და გამრავლდა კიდეც იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც იგრძნო, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები სახიფათოა ქვეყნის მომავლისათვის“.

შესაბამისად, ის გამოსავალს არჩევნებში ხედავს, განწყობების მის შედეგებში ასახვაში, მაგრამ მოელის, რომ „გადამწყვეტი წარმატება ამ ვითარებაში არჩევნებზე არავის ექნება“. აქვე ფირალიშვილი აღიარებს მმართველი გუნდის ხელში „საარჩევნო ინსტრუმენტების“ არსებობას, პროპაგანდის გავლენასაც: „მათ [მმართველმა პარტიამ]საკმაოდ ბევრი იშრომეს, რომ მობილიზება მოეხდინათ ფუნდამენტალისტური ძალებისა, მოსახლეობის ნაწილი დაეშინებინათ „ჰომოსექსუალების დიქტატურის“ დამყარებით და ა.შ. ჩვენ არ ვუწევთ ანგარიშს, რეგიონებში რამდენად კარგად იმუშავეს, მათ შორის, ოპოზიციის სიჩუმითაც ამ თემაზე“.

ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში ოპოზიციის უნიჭობა მაწუხებს, ვერ ახერხებს ვითარებიდან დივიდენდის მიღებას,– ამბობს ფირალიშვილი.

„თუ შეძლებს პრეზიდენტი და ერთიანი ეროვნული ლიდერის ფუნქციას იტვირთებს (მხოლოდ სურვილი არ კმარა, განხორციელება უნდა შეძლოს), მაშინ შეიძლება, ვილაპარაკოთ პროგრამა მაქსიმუმის მიღწევაზე“. და ეს მაქსიმუმი კოალიციური მთავრობის ფორმირებაა.

„ვითარებიდან ახლა ერთადერთი გამოსავალია, ოპოზიციამ იმდენი ხმები მაინც აიღოს და ისეთ თანხმობას მიღაწიოს თავის რიგებში, რომ კოალიციური მთავრობა შექმნას“.

ამ კონტექსტში იხსენებს პრეზიდენტის ინიციატივასაც:

„პრეზიდენტმა საინტერესო იდეა წამოაყენა – ჯერ ერთი, ტექნიკური მთავრობისა, რომელსაც არ ექნება ცალკეული პარტიების წარმომადგემლობა, არამედ საზოგადოება იქნება წარმოდგენილი ამ მთავრობაში და მეორე – ვადამდელი არჩევნების იდეა“.

ის იმედოვნებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციურ პარტიებს რაციონალიზმი უბიძგებთ საკუთარი რიგებიდან ახალი ლიდერების წამოწევისკენ, რადგან პოლიტიკოსები დროთა განმავლობაში „ძველდებიან“ და თუ განახლების მოთხოვას არ „აუწყვეს ფეხი“, დარჩებიან „დიდი ფეოდალის ირგვლივ თავმოყრილ ადამიანთა ჯგუფებად“.

იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი პროტესტი სათანადოდ არ აისახა არჩევნების შედეგებში, ფირალიშვილი ელის „მძიმე საზოგადოებრივ დეპრესიას, რომელიც საუკეთესო ნიადაგია ხოლმე, გაჩნდეს ახალი „სასწაულთმოქმედი“, რომ საზოგადოება მიენდოს, ისევე როგორც მიენდო ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილს“:

„ეს არ უნდა დავუშვათ!“.

ასევე ელის ქვეყნიდან კრიტიკული მასის გადინებას – ადამიანებისა, რომელთაც „რაღაცის შექმნის უნარი გააჩიათ“:

„ეს არის უბედურება, რომელიც გველის!“.

ფირალიშვილი ოპოზიციას რეგიონებში გასვლისა და მოსახლეობასთან კომუნიკაციისკენ მოუწოდებს:

„ოპოზიცია ისევ მოქმედებს პრინციპით, „ყველამ ყველაფერი იცის!“. ახლა თავმომწონედ კი არ უნდა ისხდნენ ოფისებში, არამედ – მანქანებში, დიდიოდნენ რეგიონებში და ადამაინებს ნიუანსურად უხსნიდნენ, რაშია საქმე!“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ, „აგენტების კანონი“ "საკანონმდებლო მაცნეს" ვებსაიტზე გამოქვეყნდა. საქართველოს კანონმდებლობით, ეს აუცილებელი პროცედურაა კანონისთვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად.

„არა რუსულ კანონს!“ - ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ, დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები