
მოსამართლემ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ სცნო
06/06/2024 09:36:00 სამართალი
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ ბიზნესმენ, "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე აქტივისტ იოსებ ბაბაევის საქმეზე 4-5 ივნისს ჩატარებული ყველას საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ სცნო. ის საპატიმროს სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დატოვებს.
კერძოდ, მოსამართლე ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებით, უკანონოა ბაბაევის პირადი და მანქანის ჩხრეკა, ასევე მანქანისა და ტანსაცმლის ამოღება.
"ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაცია, ნივთები და საგნები დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნეს ცნობილი", – აღნიშნა მოსამართლემ.
"წარმოდგენილი მასალებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. იმ პირობებში, როდესაც კანონის მოთხოვნის შესაბამისად, არსებობდა აუცილებლობა რომ ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებულიყო საგამოძიებო მოქმედების კანონიერება, ასახულიყო თითოეული მოქმედება ვიდეოჩანაწერით, ან გარეშე პირის დასწრებით, ამის ობიექტური შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა. ეს მოთხოვნა დარღვეულია.
ასევე საეჭვოა პირადი ჩხრეკის ოქმში სასამართლო პროცესზე გამოვლენილი გარემოება. აშკარად ოქმში ჩამატებულია კონკრეტული ფრაზა, რაც მანამდე სასამართლოში წარმოდგენილ დოკუმენტში არ იყო",– თქვა მოსამართელმ.
მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ვერ გაქარწყლდა ეჭვი დაკავებულისადმი არაადამიანური მოპყრობის თაობაზე:
"ტანსაცმლის ამოღების დროს, საგამოძიებო ოქმის შედეგად და მიღებული განმარტებებით ვლინდება, რომ ამ მოქმედების დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მიმართა არაადამიანურ მოპყრობას, რაც ვერ გაქარწყლდა როგორც წარმოდგენილი მასალებით, ასევე საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით".
სწორედ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით იხელმძღვანელა მოსამართლემ გადაწყვეტილებისას.
„ყველაზე ღირსეული სასამართლო ვნახეთ დღეს“,– თქვა ბაბაევმა სასამართლო დარბაზის დატოვებისას.
საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პოლიციელებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, პროკურორმა კი თქვა, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. მას დამატებითი კითხვებისთვის არ უპასუხია.
„სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ჩხრეკის ყველა ეპიზოდი სცნო უკანონოდ, რაც ნიშნავს, რომ იოსებ ბაბაევი მართალია – მხოლოდ ეს მტკიცებულებები ჰქონდათ და ეს ადამიანი უნდა გაათავისუფლონ“,– თქვა ადვოკატმა.