
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 30 მაისი-2 ივნისი
07/06/2024 08:26:35 კონფლიქტები
აფხაზეთში ე.წ. მოქალაქეობის მიღების წესები მკაცრდება
დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები ე.წ. კანონში „მოქალაქეობის შესახებ“, რომლებიც ამკაცრებს აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მიღების პროცედურას.
კერძოდ, ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის „ბინადრობის მოწმობის“ მიღების დღიდან „მოქალაქეობის“ მიღების თაობაზე განაცხადის შეტანამდე უწყვეტი ცხოვრების აუცილებელი ვადა 25 წლამდე იზრდება (ამჟამინდელი რეგულაციებით ეს ვადა 10 წლით განისაზღვრება).
ამასთან, მნიშვნელოვნად ფართოვდება ის მიზეზები, რომელთა გამო პირს შესაძლოა ჩამოერთვას მოქალაქეობის მიღების უფლება. „კანონპროექტის“ მიხედვით, მოქალაქეობის მინიჭება/აღდგენა აეკრძალებათ იმ პირებს, რომლებმაც „დაგეგმეს, მოამზადეს, წამოიწყეს ომი აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ასევე მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებულ ფორმირებებში (ნაწილებში), სამხედრო პოლიციაში, ძალოვან სტრუქტურებში და სხვა ორგანოებში საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ოკუპაციის პერიოდში – 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე, ან მითითებულ პერიოდში საქართველოს საოკუპაციო რეჟიმს სხვა სახის დახმარება გაუწიეს, მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო მოქმედებებში, სპეციალურ სამხედრო ოპერაციებში“, ასევე იმ პირებს, რომლებსაც აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები ვრცელდება არა მხოლოდ ზემოხსენებულ ქმედებებში მონაწილე პირებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე, რომელთა შორის არიან მშობლები, მეუღლე, შვილი, მშვილებელი, შვილად აყვანილი ბავშვი, დედმამიშვილი, ბებია, ბაბუა და შვილიშვილი.
ასევე დგინდება მოქალაქეობაზე გამარტივებული წესით მიღების კვოტა – წელიწადში არაუმეტეს 30 ადამიანისთვის, ვისაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს „აფხაზეთისა და კაცობრიობის წინაშე“, ან გააჩნია “რესპუბლიკისთვის საინტერესო” პროფესია ან კვალიფიკაცია. ამავდროულად, რას გულისხმობს ეს „განსაკუთრებული დამსახურება“ არ კონკრეტდება.
„კანონპროექტის“ მნიშვნელოვანი სიახლე არის აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მიღებული პირების „სახელმწიფო რეესტრის“ შემოღება, თუმცა მისი მიზანი და დანიშნულება განმარტებული არ არის.
“გადაუდებელი აუცილებლობაა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობაზე მიღებულ ან აღდგენილ პირთა აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების გამარტივება და გამჭვირვალობა“, – განაცხადა ე.წ. დეპუტატმა დიმიტრი მარშანიამ კანონპროექტის წარდგენისას.
ინარ გიცბამ ე.წ. პარლამენტში დარჩენა გადაწყვიტა
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ წევრმა ინარ გიცბამ გადაწყვიტა, „დეპუტატის“ მანდატი მის ამოწურვამდე არ დატოვოს, რაც ამომრჩეველთა სურვილით ახსნა.
„ბევრი შეხვედრა და კონსულტაცია მქონდა, პირველ რიგში იმ რეგიონის ამომრჩევლებთან, საიდანაც დეპუტატად ამირჩიეს. უამრავი ზარი და შეტყობინება მივიღე. პარლამენტის არდატოვების მოთხოვნით ხელმოწერებიც შეგროვდა. პარლამენტის წევრებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, როდესაც ერთხმად არ დააკმაყოფილეს ჩემი განცხადება მანდატის ვადამდე დატოვების შესახებ. გულწრფელ და უღრმეს მადლობას ვუხდი ყველას გამოცხადებული ნდობისთვის! თავისთავად, ამდენი ადამიანის აზრის იგნორირების მორალური უფლება არ მაქვს. სწორედ ამიტომ, როგორც პარლამენტის წევრი, გავაგრძელებ ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანას და ყველაფერს გავაკეთებ საზოგადოებისა და სამშობლოს ინტერესების გასაძლიერებლად“, - დაწერა გიცბამ საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
ამავდროულად, ინარ გიცბამ განაცხადა, რომ „მსოფლიო აფხაზურ-აბაზური კონგრესის“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას ტოვებს და აღნიშნა, რომ ეს „პარლამენტში“ აქტიურობის გაზრდის აუცილებლობით არის განპირობებული.
ინარ გიცბამ „დეპუტატის“ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მარტის ბოლოს განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ინარ გიცბა იყო ერთ-ერთი იმ „დეპუტატთაგანი“ რომელმაც 2023 წლის 27 დეკემბერს ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ „რუსულ-აფხაზური შეთანხმების“ რატიფიცირების წინააღმდეგ მისცა ხმა. აღსანიშნავია, რომ „დეპუტატის“ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებასთან ერთად, მან ასევე „მსოფლიო აფხაზურ-აბაზური კონგრესის“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განაცხადა. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიცბას უსიამოვნო საუბარი ჰქონდა „მსოფლიო აფხაზურ-აბაზური კონგრესის“ ხელმძღვანელთან მუსა ექზეკოვთან, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული განწყობების გამო უკმაყოფილო იყო.
სირიის შსს აფხაზეთთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმეს
დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროსა“ და სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მოლაპარაკებების წარმოებისა და „თანამშრომლობის მემორანდუმის“ შემდგომის გაფორმების შესახებ დადგენილება მიიღო. დე ფაქტო ხელისუფლებამ ასევე მოიწონა „შინაგან საქმეთა მინისტრის“ რობერტ კიუტის მიერ წარდგენილი მემორანდუმის პროექტი.
დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეებს შორის პრაქტიკული და საგნობრივ-თეორიული გამოცდილებისა და აფხაზეთისთვის და სირიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გაცვლას, კონსულტაციების რეგულარულ წარმოებას, ასევე, საჭიროებისამებრ, მრავალმხრივი შეხვედრების ორგანიზებას შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი სტრუქტურების თანამშრომელთა პროფესიული საქმიანობის საკითხებზე.
მემორანდუმის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები მომავალშიც განაგრძობენ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას.
სამოქალაქო საზოგადოებამ „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა
ოკუპირებული აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებამ გაავრცელა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ მხარდამჭერი განცხადება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეშლას და ანგარიშების დაყადაღებას უკავშირდება.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ დისკრედიტირების კამპანია მიმდინარეობს და ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჯაროდ ისაუბრეს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ აფხაზეთის „კონსტიტუციის“ აღსრულებისა და სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობის თაობაზე.
სამოქალაქო საზოგადოება ხაზს უსვამს „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ეს არის ერთ-ერთი „ასაკოვანი“ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის ახდენდა რეაგირებას აფხაზეთში არსებულ საჭიროებებზე. „მისი მხარდაჭერით [აფხაზეთში] რამდენიმე ახალი ორგანიზაცია დაარსდა. მომდევნო ეტაპზე მან განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მოღვაწეობაზე, ასევე სამოქალაქო სამშვიდობო საქმიანობაზე გაამახვილა, რაც მიზნად ისახავდა რეგიონში სამართლიანი გარემოსთვის შესაბამისი პირობების შექმნას. ომისშემდგომ პერიოდში ცენტრი აქტიურად თანამშრომლობდა ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, აფხაზეთის საინფორმაციო ბლოკადის დასაძლევად და მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორმატებში აფხაზური ინტერესების გასატარებლად ერთობლივი მუშაობის დაგეგმვის მიზნით. ცენტრის საქმიანობა მიზნად ისახავს აფხაზეთში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებას, რაც უდავოდ აფაზეთის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას ემსახურება“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორები გამოხატავენ უკიდურეს შეშფოთებას და გმობენ უსამართლო დამოკიდებულებას იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელმაც, მათი თქმით, საკუთარი საქმიანობა ქველმოქმედებას მიუძღვნა და აფხაზურ საზოგადოებას სარგებელი მოუტანა. „დღეს სახელმწიფო ტელევიზიის ეკრანებიდან გვიმტკიცებენ, რომ მიმდინარე მოვლენები პოლიტიკურ დაკვეთას არ წარმოადგენს... საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება სახელმწიფო ტელევიზიის საშუალებით არის მიუღებელი პრაქტიკა, რომელიც ძირს უთხრის ნდობას მედიისა და სამთავრობო ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცილისმწამებლური გადაცემები, რომლებიც დაუსაბუთებელ ბრალდებებს და ფაქტების აშკარა დამახინჯებას ეფუძნება და ჭეშმარიტ პატრიოტთა დისკრედიტაციას ემსახურება. ვითხოვთ „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ მიმართ სამართლიანობის აღდგენას. ეს უნდა დაიწყოს „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ წარმომადგენლებისთვის საეთერო დროის მიცემით, რათა მათ ხელისუფლების უსაფუძვლო ბრალდებებზე რეაგირება შეძლონ“, - აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
განცხადებას უკვე 33 აქტივისტი შეუერთდა და ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული შემოწმებების შედეგად დე ფაქტო გადასახადების სამინისტრომ „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრს“ საბანკო ანგარიშები დაუხურა.
თემურ გულია: „საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ადგურ არძინბას დავუჭერთ“
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური ორგანიზაცია „არუაა“-ს ლიდერმა თემურ გულიამ დე ფაქტო „საპრეზიდენტო არჩევნებში“, რომელიც 2025 წელს გაიმართება, მხარდაჭერა „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერს, ადგურ არძინბას გამოუცხადა.
„2025 წლის მოახლოებულ არჩევნებზე „არუაა“ მხარს დაუჭერს გამოცდილი პოლიტიკოსების ახალ თაობას, რომლის სათავეში ძლიერი ნებისყოფის ადამიანი იდგება, რომელიც მზად იქნება ქვეყანაში რეალური ცვლილებისთვის და არც ერთ შემთხვევაში არ დათმობს საკუთარი ხალხისა და სუვერენული აფხაზეთის ინტერესებს... 2025 წელს მხარს ადგურ არძინბას დავუჭერთ“, - განაცხადა გულიამ.
„არუაა“-ს ლიდერი დარწმუნებულია, რომ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ შემდეგ აუცილებელია საჯარო მმართველობის რეფორმის დაწყება. „საკუთარი ქმედებებით მან [ადგურ არძინბამ] აფხაზ ხალხს უნდა დაუმტკიცოს, რომ სწორედ ხალხი და სამშობლოს მცველები არიან საკუთარი ქვეყნის ბატონ-პატრონები, და არა ჩინოვნიკებისა და ოლიგარქების ჯგრო“, - დასძინა თემურ გულიამ.