Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 23-26 მაისი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 23-26 მაისი

07/06/2024 09:47:58 კონფლიქტები

სერგეი შამბა: „აფხაზეთი რეალისტურად არ მიიჩნევს სცენარს, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფედერაციული ურთიერთობები შეიქნება“

ოკუპირებულ აფხაზეთში გაიმართა ტელეხიდი სოხუმსა და მოსკოვს შორის თემაზე „აფხაზეთი და რუსეთი ახალი გეოპოლიტიკური რეალიების კონტექსტში“, რომლის დროსაც მონაწილეებმა მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის როლი და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები განიხილეს, მათ შორის, საუბარი საქართველოსა და აფხაზეთის კონფედერაციის შექმნის შესაძლებლობას შეეხო. უკანასკნელ პერიოდში სწორედ ეს საკითხი გახდა ერთ-ერთი განსახილველი თემა, რომელთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს სამოქალაქო საზოგადოების წევრები გამოხატავენ.

ტელეხიდში მონაწილეობა მიიღო დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ. სიტყვით გამოსვლისას მან აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აფხაზეთის მომავალს რუსეთსა და ბელარუსს შორის არსებულ სამოკავშირეო სახელმწიფოს მოდელში ხედავს: „ჩვენ ვხედავთ ჩვენს მომავალს ისეთ მოდელში, რომელიც არსებობს რუსეთსა და ბელარუსს შორის - სამეკავშირეო სახელმწიფოში. მზად ვართ თანამშრომლობის ამ მოდელში მონაწილეობა მივიღოთ“. მისივე თქმით, მსოფლიოს ახალი წესრიგი უკრაინაში „მიმდინარე მოვლენების“ დასრულების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. „ჩვენთვის უკვე აშკარაა, რომ ეს იქნება მრავალპოლარული სამყარო“, - დასძინა სერგეი შამბამ.

რაც შეეხება კონფედერაციის იდეას, „უშიშროების საბჭოს მდივანმა“ აღნიშნა, რომ ასეთ სცენარს რეალისტურად არ მიიჩნევს. „იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა საქართველოში ხდება, მოვლენების შემდგომი განვითარების თაობაზე არაერთი განსხვავებული ექსპერტული შეფასება ვრცელდება. ექსპერტები ასკვნიან, რომ საქართველო ცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, რომ იგეგმება კონფედერაციული ურთიერთობების დამყარება და რომ მომავალში რუსეთმა შესაძლოა უარი თქვას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბევრ ექსპერტს ჩამოუყალიბდა მოსაზრება, რომ რუსეთის ფედერაციას თითქოსდა საქართველოსა და აფხაზეთის კონფედერაციის შექმნა სურს. არის ასეთი ნააზრევი. რა თქმა უნდა, მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვარიანტი უნდა მივიღოთ მხედველობაში, თუმცა მსგავს რამეს რეალისტურად არ მივიჩნევთ. ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება სხვა ფორმატი, სხვა ინტეგრაცია, უფრო სამეკავშირეო სახელმწიფო [რუსეთთან და ბელარუსთან]“, - განაცხადა შამბაბ.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას განცხადებას საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოეხმაურა ჟურნალისტი ინალ ხაშიგი, რომელმაც კონფედერაციის შექმნის იდეას რამდენიმე პოსტი მიუძღვნა. „მოვისმინე სერგეი შამბას გამოსვლა სოხუმი-მოსკოვის ტელეხიდის დროს. ის ჯერჯერობით ოფიციალური წრეებიდან ერთადერთი აფხაზია, რომელმაც კონფედერაციის ვერსიაზე ისაუბრა. „მსოფლიოში ყველაფერი იცვლება“ კონტექსტში, მე არ მომისმენია შამბას მკაფიო, ცალსახა განცხადება: არა კონფედერაციას! ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს“, - წერს ხაშიგი.

შამბას განცხადებას ნეგატიური შეფასება ადგილობრივმა ტელეგრამ-არხმა „აფხაზეთის ცენტრმაც“ მისცა. „უცნაური და საეჭვო შთაბეჭდილება დატოვა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას გამოსვლამ სოხუმი-მოსკოვის ტელეხიდის დროს. [მისი მხრიდან] საქართველოსთან კონფედერაციის შექმნის შესაძლებლობაზე ცხადი და მკაფიო „არა“ არ თქმულა. როგორც ჩანს, აფხაზეთის ბედი არა აფხაზეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ წყდება“, - ასე გამოეხმაურა პოსტის ავტორი შამბას გამოსვლას.

სერგეი შამბამ ირაკლი კობახიძეს უპახუხა: „საქართველოსთან კონფედერაციის განხილვას არ ვაპირებთ!“

სოხუმი-მოსკოვის ტეხეხიდზე გამოსვლის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ საქართველოსთან შესაძლო კონფედერაციის თაობაზე უფრო მკაფიო განცხადება გააკეთა. ასე, „TASS“-თან გაკეთებულ კომენტარში, იგი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თავის შემადგენლობაში დაბრუნებას და ევროკავშირის წევრობას 2030 წლისთვის. შამბას თქმით, საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების სურვილი არავის უკვირს, მაგრამ აფხაზეთის ამოცანას „სახელმწიფოებრიობის გაძლიერება და განვითარება“ წარმოადგენს. “მათ [ქართველებს] ჩვენი დაბრუნება უკვე 30 წელია უნდათ, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგებია, ვის უკვირს ეს? ეს მათი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა და ჩვენთვის ახალი არ არის. აფხაზეთს აქვს საკუთარი ამოცანები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, მისი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერება” – განაცხადა შამბამ.

შამბამ აღნიშნა, რომ სოხუმსა და თბილისს შორის ბევრი გადაუჭრელი პრობლემა არსებობს. “როცა ამის დრო დადგება, მაშინ განვიხილავთ, ჯერჯერობით ასეთ მზადყოფნას ვერ ვხედავთ, მაგრამ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რაიმე სხვა ურთიერთობის საკითხების განხილვას არ ვაპირებთ ” – განაცხადა „უშიშროების საბჭოს მდივანმა“. მან გაუსვა ხაზი, რომ ჯერ კიდევ 1992 წლის ქართულ-აფხაზური ომის წინა დღეს, აფხაზმა პოლიტიკოსმა ტარას შამბამ წარადგინა შეთანხმების პროექტი, რომელიც ურთიერთობების კონფედერაციულ მოდელს ითვალისწინებდა, თუმცა იმ დღეს, როდესაც აღნიშნული პროექტი აფხაზეთის „პარლამენტში“ უნდა განხილულიყო, ომი დაიწყო. “მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა ამაზე საუბარი არ არის”- ხაზგასმით აღნიშნა შამბამ.

მან ასევე განაცხადა, რომ 2008 წელს, აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთმა წამოწია საქართველოსთან კონფედერაციის შექმნის წინადადება, თუმცა აფხაზეთის მაშინდელმა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ამაზე კატეგორიული უარი თქვა. შამბამ საქართველოს სტაბილურობა და უსაფრთხოება უსურვა და აქვე დასძინა: „ისინი თავისი გზით მიდიან, ჩვენ კი - ჩვენი გზით“.

ირაკლი კობახიძის განცხადებას დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების სურვილის შესახებ პოპულისტური და უპერსპექტივო უწოდა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კობახიძის ეს განცხადება, რომელიც წინასაარჩევნოდ გაკეთდა, შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. „აუცილებლად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და აგრძელებს საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცების გზას. აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხმა გააკეთა თავისი საბოლოო არჩევანი და ეს არჩევანი არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომაც“ გააკეთა და განაცხადა, რომ მოსახლეობამ გააკეთა შეუქცევადი არჩევანი თავისი სუვერენული სახელმწიფოებრიობის ასაშენებლად და რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობებისა და ინტეგრაციული კავშირების განმტკიცების სასარგებლოდ, რაც „რესპუბლიკის“ მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გარანტია.

ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოხმაურება სოციალურ ქსელშიც მოჰყვა. მაგალითად, ცნობილმა აფხაზმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა ქართველების მიერ არჩევანის გაკეთების საჭიროებაზე. „მესმის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც საქართველო ევროკავშირში ისწრაფვის, თეზისი „ტერიტორიული მთლიანობის“ აღდგენის შესახებ ერთგვარი სავალდებულო რიტუალი გახდა, როგორც სამშობლოს სადღეგრძელო, რომლის ართქმა შეუძლებელია... უფროსი თაობისთვის აფხაზეთი დარჩა მხოლოდ მეხსიერებაში, როდესაც ყველა მათგანი ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ოპტიმისტური გეგმებით აღსავსე იყო. ახალგაზრდა თაობისთვის კი აფხაზეთი მხოლოდ მითია, ზღაპარი... ამ თაობას აფხაზეთი არასოდეს უნახავს, სამაგიეროდ კარგად აქვს ათვისებული ევროპა და საკუთარ მომავალს მხოლოდ მას უკავშირებს“, - წერს ინალ ხაშიგი. მისი თქმით, საქართველო მიუახლოვდა იმ ზღვარს, როდესაც მისთვის დაკარგული „საბჭოთა“ აფხაზეთი და სანატრელი ევროპა ერთ სამგზავრო ჩანთაში ვერ დაეტევა. კონფედერაციის იდეაც, თუკი განხორციელდება, სულაც არ იქნება იმისთვის, რომ საქართველომ კრემლს „ხელი დაუქნიოს“ და ევროკავშირში „გაფრინდეს“. „ამის გაკეთების შესაძლებლობას საქართველოს უბრალოდ არ მისცემენ“, - აცხადებს ჟურნალისტი და დასძენს: „ ასე რომ, დგება მომენტი, როდესაც ქართველი პოლიტიკოსების სადღეგრძელო „აფხაზეთის დაბრუნებისა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე“ აუცილებლად უნდა გაიყოს“.

კრიტიკული პოსტი ასევე გააზიარა ტელეგრამ-არხმა „Amra-life”, რომელშიც გამეორებულია „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ შეფასება, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი, განსაკუთრებით უცხოური აგენტების შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესის გათვალისწინებით. „შესაბამისად, მმართველი [პარტია] „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციისადმი ერთგულების მტკიცებითა და ქვეყნის გამთლიანების ფორმალური დეკლარირებით მხოლოდ საზოგადოების დამშვიდებას ცდილობს. სინამდვილეში საქართველოს ხელმძღვანელობა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პოლიტიკას ატარებს და აქტიურად ეწინააღმდეგება დასავლეთისა და უკრაინის მცდელობებს, მას თავს მოახვიოს რევანშისტული იდეები... აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს „რბილი კონფედერაციის“ სხვადასხვა ფორმატს რეგულარულად სთავაზობენ, თუმცა არც თავად რესპუბლიკებში და არც მოსკოვში მსგავსი ინიციატივები ენთუზიაზმს არ იწვევს“, - აღნიშნულია პოსტში.

სახალხო არტისტი აფხაზეთის „აპარტამენტიზაციას“ ეწინააღმდეგება

ოკუპირებულ აფხაზეთში „აპარტოტელების შესახებ კანონპროექტზე“ მწვავე დისკუსიები გრძელდება. ამჯერად ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა ცნობილი მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, „პარლამენტის“ ყოფილი წევრი და კულტურის ყოფილი „მინისტრი“ კესოუ ხაგბა, რომელმაც საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი სათაურით „ეს დასასრულის დასაწყისი იქნება“.

„ხელისუფლება აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ [აპარტოტელების შესახებ] კანონის საშუალებით, აფხაზეთის ეკონომიკა გაიზრდება და მოქალაქეების ცხოვრება გაუმჯობესდება. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, პროექტი ითვალისწინებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე 30-დან 60 ათასამდე ადამიანი ჩამოსახლდება. თუ ოფიციალურ პირებს დავუჯერებთ, ამ ადამიანებს პოლიტიკური ან სხვა გავლენა არ ექნებათ... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იმ დროს მოვესწრებოდი, როდესაც მაღალჩინოსნები მზად არიან საკუთარი ქვეყნის საუკეთესო მიწები პირადი და ჯგუფური ინტერესების გამო გაყიდოს, ხოლო აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის მშენებლობას სრულიად უგულებელყოფენ. ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა...“, - ასე აფასებს კესოუ ხაგბა დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივას აპარტოტელების მშენებლობის შესახებ.

მისივე თქმით, „აპარტოტელების შესახებ კანონის“ მიღება აფხაზეთს კარგს არაფერს მოუტანს. “გვეუბნებიან, რომ ათიათასობით მესაკუთრე თავისთვის განყენებულად იცხოვრებს, არაფერს ააშენებს და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ჩაერევა. ჩემთვის და არამხოლოდ ჩემთვის გასაგებია, რომ ეს შეუძლებელია. სინამდვილეში, აპარტოტელების მესაკუთრეები საკუთარი მიმწოდებლებისგან შეიძენენ საჭირო პროდუქციას, ააშენებენ საკუთარ მაღაზიებს და ინფრასტრუქტურას, სადაც თავისიანები იმუშავებენ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენს პატარა ქვეყანაში ჩამოყალიბდება სახელმწიფო სახელმწიფოში, თავისი ხალხითა და ტრადიციებით... გამოდის, რომ მიწა აფხაზეთის საკუთრებაში მხოლოდ ფორმალურად დარჩება...“, - წერს კესოუ ხაგბა.

საზოგადო მოღვაწემ ასევე გაიხსენა ერთ-ერთი ეპიზოდი აფხაზეთის ისტორიიდან, როდესაც რუსეთის მიერ თბილისსა და სოხუმს შორის შუამავლად დანიშნულმა ბორის ბერეზოვსკიმ მაშინდელ ლიდერს ვლადისლავ არძინბას შესთავაზა, ბიჭვინთის აგარაკი მთელი ინფრასტრუქტურით მოსკოვის საკუთრებაში გადაეცა. სანაცვლოდ, მან არძინბას შესთავაზა შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი გარანტიები საომარი მოქმედებების განუახლებლობის თაობაზე, ასევე ფინანსური დახმარება პირადი სარგებლობისთვის. კესოუ ხაგბას თქმით, ვლადისლავ არძინბას პასუხი იყო მოკლე - „მე სამშობლოს არ ვყიდი, მას ამისთვის არ ვიცავდით! ჩვენთან მიწა არა გადაიცემა და არ იყიდება“.

აფხაზმა ე.წ. მებაჟეებმა საქართველოში თამბაქოს კონტრაბანდა აღკვეთეს

აღნიშნული ინფორმაცია „ნუჟნაია გაზეტამ“ გაავრცელა. მისი მტკიცებით, აფხაზეთის მაცხოვრებელი ნ.ტაბაღუა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 200 კოლოფი სიგარეტის გადატანას ცდილობდა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სიგარეტის კონტრაბანდა უკვე დიდი ხანია ბიზნესად იქცა, თუმცა პრესაში მხოლოდ უმნიშვნელო შემთხვევები ხვდება, როდესაც მაგალითად გალის რაიონის მაცხოვრებლებს მცირე პარტიები ენგურის გადაცურვით, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად გადააქვთ.

„საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს კრიმინალური „ბიზნესი“ საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების პატრონაჟით ხორციელდება. უკანონო პროდუქცია კვეთს საზღვარს, საგუშაგოებს, სადაც სატვირთო მანქანების და ავტომობილების ჩხრეკა და შემოწმება უნდა ხორციელდებოდეს. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ხელმისაწვდომია შსს-ს ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები, რომლებიც საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ურეკავდნენ მათ ზემოდან პროდუქციის შეჩერების შემდეგ და დაჟინებით ითხოვდნენ კონტრაბანდის გატარებას“, - აღნიშნულია სტატიაში.

პოსტის ავტორი ირწმუნება, რომ საქართველოში აფხაზეთის კონტრაბანდული სიგარეტი ყველგან იყიდება; მისი ფასი ნახევარზე დაბალია და შესაბამისად მოთხოვნაც მეტია. სტატიაში ასევე მოყვანილია საქართველოს თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგი, რომლის თანახმად მხოლოდ 2021 წლის მარტის მონაცემებით აფხაზეთიდან უკანონოდ შემოტანილი სიგარეტის მოცულობა ყოველ წელს იზრდება. ამავე ალიანის დასკვნის საფუძველზე სტატიაში აღნიშნულია, რომ კონტრაბანდა მნიშვნელოვნად 2019 წლის შემდგომ გაიზარდა, როდესაც საქართველოში სააქციზო პოლიტიკის შედეგად სიგარეტისა და თამბაქოს ფასმა მკვეთრად იმატა.

„ასე რომ, ჩვენი მოსაზრებით, ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს, შსს-ს და სხვა ძალოვან სტრუქტურებს სამუშაო ბევრი აქვთ, მაგრამ როგორც ჩანს, მათაც „ზემოდან“ ურეკავენ“, - ასე ამთავრებს ავტორი საკუთარ სტატიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S