
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 27-29 მაისი
07/06/2024 11:06:50 კონფლიქტები
თემურ კარბაიას გარდაცვალებაზე პასუხისმგებელ პირებს სასჯელის სახით ჯარიმა დაეკისრათ
ოკუპირებული გალის რაიონულმა „სასამართლომ“ოკუპირებული აფხაზეთის მილიციის თანამშრომლების, ალბერტ ზარაქუასა და ვიანორ აბშილავას სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას 2023 წლის 7 დეკემბერს გარდაცვალების საქმეზე მათ ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
გამოძიება აფხაზ მილიციელებს თემურ კარბაიას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებოდა. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა თემურ კარბაიაზე ფიზიკურად იძალადეს, ხელებით და ფეხებით სხეულის სხვადასხვა ნაწილში დარტყმები მიაყენეს, რასაც მოჰყვა გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების ჩამტვრევა და სისხლჩაქცევები თვალის არეში.
საბოლოოდ, „სასამართლომ“ ბრალდებულები საგამოძიებო ორგანოს მიერ წარდგენილ ბრალდებებში გაამართლა, მოახდინა მუხლის გადაკვალიფიცირება დაუდევრობად და ჯარიმის სახით მათ 50 ათასი რუბლის (დაახლოებით 1500 ლარი) გადახდა დააკისრა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მილიციელებს ერთი წლის ვადით აეკრძალათ გარკვეული თანამდებობების და გარკვეული საქმიანობით დაკავება. ბრალდებულები „სასამართლოს“ დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სტამბულში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხებზე ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა
შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 29 მაისს გაიმართა.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და ხვედრის დადგენის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს იდენტიფიკაციის პროცესთან დაკავშირებული ხარვეზები.
ირაკლი ტუჟბა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ირაკლი ტუჟბას აშშ-ში ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი. „საგარეო საქმეთა მინისტრის“ მოვალეობის შესრულება სხვა „მოადგილეს“, ოდისეი ბიგვავას დაეკისრა, ხოლო ირაკლი ტუჟბა ადრინდელ თანამდებობაზე – ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე დაბრუნდა.
7 მაისს ინალ არძინბას გათავისუფლების შემდეგ, ასლან ბჟანიამ „საგარეო საქმეთა მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა პირველი მოადგილე, ირაკლი ტუჟბა, რომელიც ამ დროს შვებულებით აშშ-ში იმყოფებოდა. აშშ-ში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისმა მეუღლემ „ინსტაგრამზე“ ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა. აღნიშნული ფაქტი ადგილობრივი ოპოზიციის და რიგითი მოქალაქეების მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი ტელეგრამ-არხი შექმნა
აღნიშნულის შესახებ თავად „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ტელეგრამ-არხი „აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით საგარეო უწყების ოფიციალურ პოზიციას ასახავს“, ხოლო აქამდე არსებული „მედია-ცენტრი“ კერძო ხასიათს ატარებდა და ოფიციალურ პოზიციას არ ასახავდა. აღსანიშნავია, რომ „მედია-ცენტრს“ თავად ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ინალ არძინბა კურირებდა.
მედია-ცენტრის კერძო ხასიათის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას სამოქალაქო აქტივისტი, „ჰარაჰპიცუნდა“-ს წევრი ალექსანდრა ბარგანჯია გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან დასვა კითხვები მედია-ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ვის ეკუთვნოდა „კერძო“ ტელეგრამ-არხი და როგორ ხდებოდა მისი დაფინანსება. ა.ბარგანჯიამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მედია-ცენტრი 2022 წელს საკმაოდ პომპეზურად გაიხსნა და ცერემონიას თავად „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ესწრებოდა. „სტუმრები [საგარეო საქმეთა სამინისტროს] ულოცავდნენ ამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის შექმნას, პრეზიდენტი აღნიშნავდა მედია-ცენტრის მნიშვნელოვან როლს აფხაზეთის პოზიტიური საერთაშორისო იმიჯის გასაძლიერებლად, ინალ ბატუვიჩი [არძინბა] კი აცხადებდა, რომ მედია-ცენტრის მთავარ ამოცანას აფხაზეთის საინფორმაციო პოლიტიკის დარეგულირება წარმოადგენს, რაც საკმაოდ ლოგიკურად ჟღერდა. საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის საინფორმაციო-პროპაგანდისტული მიმართულების უზრუნველყოფა და აფხაზეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის საზღვარგარეთ გავრცელება ხომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალო ფუნქციებია“, - წერს სამოქალაქო აქტივისტი და აქვე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის ფუნქციონირების პრაქტიკულ სარგებელს თავად ვერ ხედავდა, თუმცა ეჭვგარეშე იყო, რომ იგი „საგარეო უწყების“ ოფიციალურ პოზიციას ასახავდა. ყოველ შემთხვევაში, რაიმე დათქმა მის „კერძო“ ხასიათთან დაკავშირებით ადრე არასდროს გაკეთებულა.
ალექსანდრა ბარგანჯია აღნიშნავს, რომ თავად აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მედია-ცენტრი რუსეთის საგარეო უწყების პრესის დეპარტამენტისა და მთავარი საინფორმაციო სააგენტოების მხარდაჭერით მუშაობდა. „დღევანდელი ახალი ამბის შემდეგ გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა: რა სახსრებით ფუნქციონირებდა არხი, თუ ის კერძო იყო?... ანუ მისი ადმინისტრირება, თანამშრომლების ხელფასები და სხვა ხარჯები აფხაზეთის ბიუჯეტიდან არ იფარებოდა? თუ გარკვეულ ნაწილს მაინც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფარავდა? სამინისტრო ადრე ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ არხი მის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავდა?“, - ამ კითხვებით სამოქალაქო აქტივისტმა დე ფაქტო საგარეო უწყებას მიმართა.
ასლან ბჟანიამ სოხუმის აეროპორტში სამუშაო შეხვედრა გამართა
ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ბადრი გუნბამ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ, სხვადასხვა „სახელმწიფო“ უწყების წარმომადგენლებმა და აეროპორტის თანამშრომლებმა. შეხვედრა აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მიმდინარე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის განხილვას მიეძღვნა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს ასაფრენი ბილიკისა და თვითმფრინავების სადგომის აღდგენის სამუშაოები. უკვე დასრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები ინერტული მასალების საწყობების განთავსებისთვის და დაწყებულია მათი მიწოდება. ამასთან, გრძელდება რეაბილიტაციისთვის საჭირო ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელი ქარხნების დამონტაჟება.
შეხვედრის მიწურულს ასლან ბჟანიამ პირადად დაათვალიერა აეროპორტის რეკონსტრუქციის მიმდინარეობა და აღნიშნა, რომ სამუშაოები დადგენილი განრიგის მიხედვით ხორციელდება. მან ასევე დასძინა, რომ აეროპორტის რეაბილიტაციის პროექტის წარმატებული განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ აეროპორტში გამართულ შეხვედრას ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ აეროპორტი ასლან ბჟანიასთვის ერთადერთი საზრუნავი გახდა და აცხადებენ, რომ მისი რეაბილიტაცია აფხაზეთის ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდება. „სახელმწიფოში ფინანსური სახსრები, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა პირადი ინტერესის შემთხვევაში, მათი გამოყოფა სარეზერვო ფონდიდან ყოველთვის შეიძლება. სწორედ ამიტომ სარეზერვო ფონდი საკმარისი არ არის სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთათვის, მათთვის, ვინც საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს და ა.შ. ვინმეს ისევ სჯერა, რომ ჩვენს ხელმძღვანელობას ამ ბიზნეს-პროექტის მიმართ პირადი ინტერესი არ გააჩნია?“, - ასე გამოეხმაურნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ბჟანიას შეხვედრას. მათ ასევე გაიხსენეს, რომ ახლახან აეროპორტის ტერიტორიაზე ის „დეპუტატები“ არ შეუშვეს, რომლებმაც რუსული კერძო კომპანიისთვის მის გადაცემას მხარი დაუჭირეს.
ახრა არისთავა: „როგორც იქნა, რუსი პოლიტიკოსები საქართველოს პრემიერისგან „მადლიერებას“ ეღირსნენ“
ასე გამოეხმაურა აფხაზი საზოგადო მოღვაწე, ეკონომისტი, „ეკონომიკის მინისტრის“ ყოფილი მოადგილე ახრა არისთავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ამ უკანასკნელმა რუსეთი ოკუპანტად მოიხსენია.
ახრა არისთავა აცხადებს, რომ ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი ეღირსა „მადლიერებას“ საქართველოს პრემიერის მხრიდან იმის გამო, რომ მათ უცხოური აგენტების შესახებ კანონს საჯაროდ დაუჭირეს მხარი. „კობახიძემ დღეს საჯაროდ დაადასტურა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს მოსალოდნელიც იყო. საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ადრეც არაერთხელ მომხდარა, გადაწყვიტა, რომ მათ შეუძლიათ პრიმიტიულად ითამაშონ რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაპირისპირებით. ანუ, თბილისში ხელისუფლება მიიჩნევს, რომ უფრო ჭკვიანია, ვიდრე ერთად აღებული მოსკოვი, ბრიუსელი, ვაშინგტონი და ლონდონი. რა შედეგებს იწვევს მსგავსი გადაჭარბებული თვითშეფასება, ისტორია კარგად ცხადყოფს“, - წერს არისთავა საკუთარ Facebook-გვერდზე.
ეკონომისტი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით საქართველო დაკავებულია არა ჩვეულებრივი ტრანზიტით, არამედ იმ პროდუქციის გადაყიდვით, რომლის ექსპორტიც რუსეთში დასავლეთიდან აკრძალულია. „მხოლოდ ტრანზიტი შარშან საქართველოს ბიუჯეტს მილიარდ ლარზე მეტი ჭარბი შემოსავლით ვერ შეავსებდა. თბილისში ზოგიერთმა გადაწყვიტა, სხვისი უბედურებით ესარგებლა. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ადრე თუ გვიან ამას შესაბამისი შედეგი მოჰყვება როგორც აღმოსავლეთიდან, ისე დასავლეთიდან. ისტორია არა მხოლოდ თბილისმა, არამედ მოსკოვშიც იმ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა გადაწყვიტეს“, - აცხადებს ახრა არისთავა.
ახალი სატრანსპორტო კონფიგურაცია სამხრეთ კავკასიაში
ამ სათაურით გავრცელდა ანალიტიკური პოსტი-მოსაზრება ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე. პოსტის ავტორი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით სატრანსპორტო ლოგისტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. თუ ადრე წამყვანი პოზიციები რუსეთს ეჭირა, დაწესებული სანქციების პირობებში სატრანზიტო მარშრუტებმა სამხრეთ კავკასიაში გადაინაცვლა, ხოლო საქართველო ამხელა სარკინიგზო და საზღვაო დატვირთვას ვერ უძლებს. პოსტის ავტორის თქმით, სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო ჰაბის პოტენციალი მნიშვნელოვნად უკავშირდება პოლიტიკურ გარემოებას, კერძოდ, შესაძლებელია ახალი დერეფნების გახსნა „კონფლიქტური ზონების“ გავლით.
პოსტის ავტორს მაგალითად მოჰყავს აზერბაიჯანი, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ზანგეზურის დერეფნის გახსნას ითხოვს. „არსებული სამხედრო რესურსებით, [აზერბაიჯანი] ამის გაკეთებით იმუქრება სომხეთის თანხმობის გარეშეც. მდგომარეობის გადარჩენა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას შეუძლია“, - მიიჩნევს პოსტის ავტორი. იგი აფხაზეთში არსებულ მოვლენებსაც ეხება და ყურადღებას რკინიგზისა და აეროპორტის რეკონსტრუქციის პროცესზე ამახვილებს. მისი მოსაზრებით, ქართული მხარე მათი საერთაშორისო ფუნქციონირების ლეგალიზებას მოახდენს. ამასთან, პოსტის ავტორი იშველიებს ქართველი ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად სტამბულში გაიმართა ქართველი და აფხაზი წარმომადგენლების კულუარული შეხვედრა, სადაც სწორედ რკინიგზის ამოქმედებაზე იმსჯელეს.
პოსტის ავტორი ყურადღებას ასევე ამახვილებს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ გეგმებზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. „ამ ობიექტს გრძელი ისტორია აქვს. თავიდან ოპოზიციამ ხელისუფლება მშენებლობის ჩაშლაში დაადანაშაულა, ხოლო ახლა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ პროექტს ჩინური კომპანია განახორციელებს, რუსეთის „აღმოსავლეთისკენ შემობრუნების“ პოლიტიკის გამეორების თაობაზე განაცხადეს. ჯამში, სამხრეთ კავკასიაში დაიწყო გარკვეული პროცესები, რომელთა კონტურები ნათელი ჯერ კიდევ არ არის და ახალი მსოფლიო წესრიგის შედეგებზე იქნება დამოკიდებული“, - აღნიშნულია ავტორის მოსაზრებაში.