
დრონებით მორიგი შეტევა იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონზე
10/06/2024 06:50:29 მსოფლიო
უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონზე.
კურსკის ოლქის გუბერნატორ ალექსეი სმირონვის მიერ ტელეგრამ-არხზე 10 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში „ლიკვიდირებული და გაუვნებელყოფილია“ 8 უკრაინული დრონი, ქალაქ სუჯაში და დაბა კორენოვოში დაზიანებულია ორი ადმინისტრაციული შენობა, თუმცა დაშავებულები არ არიან.
უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიების შესახებ იუწყება ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში 4 უკრაინული დრონი გაანადგურეს.
დილის 8 საათისთვის ავიარეისების მიღება და გაგზავნა შეაჩერა თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანის აეროპორტმა. რუსეთის ფედერალურ სააგენტო „როსავიაციას“ აეროპორტის დროებით დაკეტვის მიზეზი არ დაუსახელებია. ამ ზომას, როგორც წესი, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის საფრთხის გამო მიმართავენ.
იხილეთ ასევე: ისტორიაში პირველად, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე, აეროდრომზე მდგომ სუ-57–ზე თავდასხმის თაობაზე იუწყება
ყაზანზე დრონებით იერიშის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მაისში თათრეთის ქალაქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე შეტევა იყო.