
რუსული მედიის მტკიცებით, სოხუმის აეროპორტიდან პირველი რეისები კრასნოდარის მიმართულებით შესრულდება, თუმცა კრასნოდარში აეროპორტი არ მუშაობს
11/06/2024 08:58:00 კონფლიქტები
რუსული მედიის მტკიცებით, სოხუმის აეროპორტიდან პირველი რეისები კრასნოდარის მიმართულებით შესრულდება, თუმცა კრასნოდარში აეროპორტი უკვე ორი წელია - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროიდან არ მუშაობს, ამჟამად რეკონსტრუქციის რეჟიმშია და მხოლოდ 2025 წლისთვის შეიძლება, ამოქმედდეს.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სოხუმის რეკონსტრუირებული აეროპორტის გახსნა უკვე მიმდინარე წლის განმავლობაში დააანონსა და განაცხადა, რომ "ფრენები იწარმოებს ასევე სოჭის, მოსკოვის, პეტერბურგის, ეკატერინბურგის, ნოვოსიბირსკისა და ყაზანის მიმართულებით, რაც აფხაზეთისკენ ტურისტულ ნაკადს სულ მცირე, 50%-ით გაზრდის".
თუმცა დამკვირვებლებს ბაბუშერას აეროპორტის წელს ამოქმედება ნაკლებ სავარაუდოდ ეჩვენებათ და მიუთითებენ, რომ პერსპექტივა უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული.
ცნობისთვის: აფხაზურმა "პარლამენტმა" სოხუმის აეროპორტის შესახებ მოსკოვთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება გასული წლის ივლისში მოახდინა. ინვესტორი რუსეთის შს ექს-მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ვაჟი რაშიდ ნურგალიევია. მანამდე ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ბაბუშერას აეროპორტით კრემლის ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა იყო დაინტერესებული.
რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის ღირებულება 6,5 მლრდ რუბლია. ამ თანხით 3,6-იანი ასაფრენი ზოლიდან 2,4 კმ-ის აღდგენა იგეგმება, რათა აეროპორტმა SSJ-100 და МС-21 ტიპის სამგზავრო, ასევე Ил-76-ის ტიპის სატვირთო ბორტების მიღება შეძლოს.
ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე მგზავრთნაკადი წელიწადში 375,8 ათასი ადამიანით შემოიფარგლება, ხოლო სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ მილიონამდე გაიზრდება.
ამასთან, აეროპორტის დაცვის თანამშრომლებს ბელარუსში მოამზადებენ.
საქართველოს ხელისუფლებიდან ამ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არავის გაუკეთებია, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გარდა, რომელმაც ბაბუშერას აეროპორტის რუსი ინვესტორისთვის გადაცემა დაგმო.