11-06-2024 17:22:10 პოლიტიკა ,სამართალი
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ "პოლიტიკოსების მხრიდან უფლებადამცველთა წინააღმდეგ გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებები, მათ წინააღმდეგ ძალადობის წახალისების არსებით საფრთხეებს შეიცავს".
ამასთან, იგი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება მოქალაქეებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებზე.
"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში მოქალაქეთა, მათ შორის, უფლებადამცველთა წინააღმდეგ გახშირებული თავდასხმების ფაქტებს. დღეს, 11 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე ფიზიკური თავდასხმის შესახებ.
საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, მით უფრო თუ თავდასხმის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას ან/და გამოთქმულ აზრს უკავშირდება. აუცილებელია თითოეულ ძალადობრივ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი, რათა ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე და საზოგადოებაში არ წახალისდეს მსგავსი ქმედებები.
სახალხო დამცველი აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან სამოქალაქო სექტორისა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებები მათთვის კიდევ უფრო დამაშინებელ გარემოს ქმნის და ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მათ წინააღმდეგ ძალადობის წახალისების არსებით საფრთხეებს შეიცავს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს - მოახდინონ მყისიერი რეაგირება მოქალაქეებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებზე და განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება", – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: დღეს აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. შესაბამისი ინფორმაცია და ფოტო თავდაპირველად აქტივისტმა სალომე ბარკერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც იგი წერდა, თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის "პოსტიდან" ერთ საათში განხორციელდა.