
პაპუაშვილმა ტერორთან გაათანაბრა პოლიტიკოსისთვის "მოღალატის" წოდება
11/06/2024 14:10:28 პოლიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა დევნა, მათზე ფიზიკური ძალადობა და ამ დრომდე არც ერთ შემთხვევაზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცილისწამებას უწოდებს აღნიშნულთან ხელისუფლების შესაძლო კავშირს და კვლავ ოპონენტებზე მიუთითებს.
ამასთან, ის ტერორთან ათანაბრებს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიერ „აგენტების კანონის“ მხარდამჭერთა მიმართ გამოყენებულ შეფასებებს.
„თითქოს რაღაც დაორგანიზებულია უმრავლესობის თუ ხელისუფლების მხრიდან - ეს ცილისწამებაა, რადგან თქვენ ამისი თქმის საფუძველი არ გაქვთ. პირიქით, რაც შეეხება ზიზღის, ძალადობისა და ტერორის კამპანიას უმრავლესობის წინააღმდეგ, აქ ხილულად ვიცით რაც ხდება. ხილულად ვიცით, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ამ ორგანიზაციის თანამშრომლები ღიად არიან დაკავებული ტერორით. როდესაც ადამიანს ემუქრები ტყვიით, ურეკავ, შეურაცხყოფას საჯაროდ აყენებ - ეს არის ზუსტად ტერორი. თქვენ ამაზე რომ არ გაქვთ რეაგირება გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ამას ხაზი გაესვას“, - თქვა პაპუაშვილმა, როდესაც მას შეახსენეს, რომ მოქალაქეებზე ფიზიკური თავდასხმები ხორციელდება, მათ შორის, 11 ივნისს საკუთარ სახლთან ცემეს აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი.
მანამდე, დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოქვეყნა, და "ევროპის სახელით მიმდინარე", "ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია" უწოდა მისი თქმით „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. მათ შორის ახსენა ზუკა ბერძენიშვილიც.
საუბარია მოქალაქეების პროტესტზე – "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში "მოღალატეებს" და "მონებს" უწოდებენ, მათ შორის, იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს.
6 ივნისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, შემაშფოთებელ განცხადებებს ისმენს, მათ შორის, თითქოს ევროკავშირი აფინანსებს ტერორიზმს.
“ზოგიერთი ძალიან შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ საქართველოს უმაღლესი ოფიციალური პირისგან. მათ შორის ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, ბრალდებები თითქოს ტერორიზმს ვაფინანსებთ საქართველოში, თითქოს ჩვენ, ევროკავშირი, ვჩაგრავთ საქართველოს, ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარებები...
ეს განცხადებები ძალიან მამწუხრებს. საქართველოში თითქმის ორი წლის ყოფნის შემდეგ სრულიად მესმის, რომ საქართველოში პოლიტიკური დისკურსი ძალიან ემოციურია. ასევე მესმის, რომ, როგორც ყველამ ვიცით, უკვე წინასაარჩევნო კამპანიაში ვართ. ვცდილობ ეს განცხადებები ესკალაციურად არ მივიღო, მაგრამ რაზეც ნამდვილად ვნერვიულობ, არის ის, რომ ეს განცხადებები ასევე ესმით ევროკავშირის დედაქალაქებში და ბევრ პოლიტიკოსს ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში, რომლებსაც უბრალოდ არ ესმით, რა ხდება და ასეთი აბსურდული და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დამაზიანებელი განცხადებები რატომ მეორდება საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლების მიერ",– თქვა ელჩმა.