Accentnews.ge
რუსული ხრიკები ქართული საზოგადოების დასაბნევად: «Вкусно и точка» აფხაზეთს საქართველოს ნაწილად მოიხსენიებს

რუსული ხრიკები ქართული საზოგადოების დასაბნევად: «Вкусно и точка» აფხაზეთს საქართველოს ნაწილად მოიხსენიებს

12/06/2024 08:16:16 კონფლიქტები

საქართველოს არაფორმალური მმართველი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ამჟამად კი მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყისში აკეთებდა განცხადებებს "გარკვეულ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობის" შესახებ. შემდგომ წლებში, ყოველ ჯერზე, როცა "მოსკოვის არგაღიზიანების" პოლიტიკით დაკავებული "ოცნება" რუსეთთან დაკავშირებულ რაიმე უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა ან სულაც სკანდალში ეხვეოდა, მმართველი ძალის წარმომადგენლები გვასმენინებდნენ მანტრას - "საქართველოს დეოკუპაციამდე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ზედმეტიაო". გარკვეული პერიოდი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოველწლიურ მოხსენებებშიც რუსეთი კვლავინდებურად მთავარ საფრთხედ იყო მოხსენიებული; ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეები კანტი-კუნტად თუ შემოდიოდნენ - არათუ მიწებსა და უძრავ ქონებას ყიდულობდნენ და ბიზნესებს ხსნიდნენ; თუ ვინმე რომელიმე რესტორნიდან რუსული სიმღერების ხმას გაიგებდა და ამ ფაქტს განასაჯაროებდა, ამას რეაგირება მოჰყვებოდა ხოლმე და ა.შ.

მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა. უკვე რამდენიმე თვეა, არა მარტო რუსეთუმეების მცირერიცხოვანი ფლანგია საგრძნობლად გააქტიურებული, არამედ თავად ხელისუფლების რიტორიკაც კარდინალურად შეცვლილია და ყოველი ახალი განცხადება შოკისმომგვრელია როგორც ქართული საზოგადოების უდიდესი - ტრადიციულად პროდასავლური ნაწილისთვის, ისე ქვეყნის ყველა მრავალწლიანი დასავლელი მეგობრისა და პარტიორისთვის. ამ რიტორიკაში საქართველოს დასავლელი მეგობრები და რუსეთი ჯერ ერთ მწკრივში ჩააყენეს, რაც ნეიტრალიტეტის შესახებ ფართოდ ცნობილი მზაკვრული, მაგრამ წაგებული რუსული ნარატივის სახეცვლილი ანალოგია, ბოლოს კი დასავლეთის საერთოდაც საქართველოს მტრად წარმოჩენას მიჰყვეს ხელი, რასაც ხელისუფლებასთან შეხმატკბილებული დაუფარავად რუსეთუმე პოლიტიკური ძალებიც სიამოვნებით აძლევენ ბანს. რომელი ერთი მაგალითი მოგიყვანოთ? აგერ, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მჯდომი სტაჟიანი კორუფციონერი და რუსეთუმე ფრიდონ ინჯია ამ დღეებში დასავლეთის მიერ საქართველოს დაპყრობის მცდელობაზე ალაპარაკდა. პარლამენტს გარეთ მყოფი მისი "კოლეგა" ნიკოლოზ მჟავანაძე კი ამასწინათ კვების სფეროსაც გადასწვდა და გამოვიდა ინიციატივით, საქართველოში ამერიკული "მაკდონალდსი" რუსული «Вкусно и точка»-თი ჩანაცვლდეს...

ამ ფონზე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაციები ქართული მხარის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და მეტიც - რუსეთში საელჩოს გასახსნელად აქტიური მუშაობის, ასევე სახელმწიფო უშიშროების ყოველწლიურ მოხსენებაში რუსეთის საფრთხედ აღარმოხსენიების თაობაზე. მაგრამ არაოფიციალურსა და დაუდასტურებელს ახლა თავი დავანებოთ - შოკში ყოფნისთვის ქართულ საზოგადოებას ოფიციალურიც ჰყოფნის...

წინასაარჩევნო "ტრიუკი" - "თუ დასავლეთს ზურგს შევაქცევთ და რუსეთს დავუახლოვდებით, მოსკოვი სოხუმსა და ცხინვალს დაგვიბრუნებს" "ოცნებას" ნაცარში ჩაუვარდა. და ამ კუთხით მადლობა, მათ შორის, აფხაზებისთვის გვაქვს გადასახდელი, რომლებმაც "ოცნების" მიერ ამ ყალბი რუსული ნარატივის ფართოდ გაშლას დაასწრეს და მყისიერად ატეხეს განგაში საინფორმაციო სივრცეში. მადლობა გვაქვს გადასახდელი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც ან სიბეცით, ან რაღაც ჩანაფიქრით პერიოდულად თავგამოდებით უქებენ "ოცნებას" "პრაგმატულობას", "ქართველი და რუსი ხალხების მრავალსაუკუნოვან ძმობაზე, ერთმორწმუნეობაზე" გვესაუბრებიან და იქვე არ მალავენ კრემლის სურვილს, საქართველო პუტინის ახალი "იმპერიის" ნაწილად იხილოს - ანუ სწორედ იმ "რუსსკი მირის", "საკავშირო სახელმწიფოსი" თუ, გნებავთ, "სსრკ-2"-ის ნაწილად, რომლის ჩამოყალიბების გეგმის ფარგლებშიც შეიჭრა, რეალურად, პუტინის ჯარი უკრაინაში. სხვებს რომ თავი დავანებოთ, რად ღირდა თუნდაც ექს-პრეზიდენტისა და ექს-პრემიერის, ამჟამად კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის - დიმიტრი მედვედევის ტელეგრამ-პოსტი - "საქართველო სოხუმსა და ცხინვალს მხოლოდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში დაიბრუნებსო", რომელიც ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვიხილეთ... ის პოსტი ტრადიციულად მთვრალ მედვედევს მალევე ააღებინეს, მაგრამ სქრინები სოციალურ ქსელში მრავლად გავრცელდა და დიდი მადლობა მას ამ ფალსტარტისთვის, რომელიც ნებისმიერი მოაზროვნე ქართველისთვის გამოფხიზლებისა და "რუსეთთან დაახლოების სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობის" შესახებ "ოცნების" ყალბი წინასაარჩევნო ნარატივის არაყოლის მყარ დამატებით მიზეზად უნდა იქცეს....

დიახ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ეს წინასაარჩევნო "ტრიუკი" ამ ეტაპზე კრახს განიცდის. მაგრამ ამ დრომდე გამოცდილი ყველა სხვა სვლაც არცთუ ეფექტური აღმოჩნდა როგორც კრემლისთვის, ისე "ოცნებისთვის". "ტრიუკების" არსენალი ნელ-ნელა ილევა - როგორც ჩანს, ამიტომ ვერ ელევიან კრემლელი პროპაგანდისტები და მათი ქართველი შეგირდები ქართული საზოგადოების დასაბნევად ჯერჯერობით წარუმატებლად ნაცად ვერც ამ კონკრეტულ თემას...

აგერ, ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ ამასწინათ გულმოდგინედ დარეკლამებულმა რუსულმა «Вкусно и точка»-მ, რომელიც რუსეთიდან გასული ამერიკული "მაკდონალდსის" იმპორტჩანაცვლების უხეირო ნიმუშს წარმოადგენს, მოულოდნელად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებების კეთებას მიჰყო ხელი. მისმა ხელმძღვანელმა ოლეგ პაროევმა განაცხადა, რომ ქსელის რესტორნებს ვერ გახსნის აფხაზეთში, რადგან "არსებობს კონფლიქტის რისკი რესპუბლიკის ტერიტორიული კუთვნილების საკითხთან დაკავშირებით": "ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ აფხაზური ბაზარი და მივედით დასკვნამდე, რომ იქ არ გავიხსნებით. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთის მხრივ, აფხაზეთი საერთაშორისო არენაზე ითვლება ტერიტორიად, რომელიც საქართველოს ეკუთვნის, იქ კი უშაობს ფრანჩიზა McDonald’s და ჩვენ კონფლიქტის მიზეზის შექმნას არ ვისურვებდითო".

არადა, აფხაზეთში «Вкусно — и точка»-ს ფრანჩიზი ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეიძინეს და რესტორნების ქსელი 2023 წელს უნდა ამოქმედებულიყო.

პაროევის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა აფხაზური დე-ფაქტო საგარეო უწყება, რომელიც ფაქტობრივად, უკვე კაპიტულანტურში გადაზრდილი "არგაღიზიანების პოლიტიკით" დაკავებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განსხვავებით, აფხაზეთის "სუვერენიტეტს" თავგამოდებით იცავს. როგორც დე-ფაქტო უწყებაში განაცხადეს, "რუსი ბიზნესმენის ხმამაღალი პოლიტიკური განცხადება სრულიად უადგილოა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას მოითხოვს". "აფხაზეთის რესპუბლიკა აღიარებული სუვერენული სახელმწიფოა, - აღიარებული, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მიერ, რომლის ტერიტორიაზეცაა რეგისტრირებული და მოქმედებს იურიდიული პირის სტატუსით კომპანია «Вкусно и точка». ამ კომპანიის შესაძლო კომერციული და სამართლებრივი შეზღუდვები, რომლებიც უცხოეთში მის საქმიანობას შეეხება, არ წარმოადგენს საფუძველსა და გამართლებას არაკორექტული განცხადებებისთვის რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული პარტნიორი აფხაზეთის რესპუბლიკის მისამართით. დაბეჯითებით ვურჩევთ ბ-ნ პაროევს, სამომავლოდ თავი შეიკავოს აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის შესახებ არაკორექტული გამონათქვამებისაგან" - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება თბილისს, სხვა დროს, სხვა ფონზე, სხვა პირობებში პაროევისა და სხვა რუსი ბიზნსემენების მსგავსი განცხადებები საქართველოში მხოლოდ გაგვიხარდებოდა, მაგრამ ახლა...

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S