"არ არსებობს პრეცედენტი, რომ რჩევისთვის" – სუსი კობახიძის განცხადებაზე, რომ ევროკავშირიდან ემუქრებოდნენ, გამოძიების დაწყებას არ აპირებს

12-06-2024 19:45:49 პოლიტიკა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ არაერთგზის გაკეთებულ განცხადებაში, რომ "პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით“, გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს.

„უწყება თავად წყვეტს, არის თუ არა სისხლის სამართლის ნიშნები საჯაროდ გაკეთებულ ამა თუ იმ განცხადებაში. ამ შემთხვევაზე ჩაითვალა, რომ სისხლის სამართლის დევნის განხორციელების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები. იმ ქვეყანაში, სადაც მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი მუშაობს, გამოძიების მაღალი სტანდარტია, ეს არ არის საკმარისი“,– უპასუხა ჟურნალისტებს ლილუაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვებზე სუს–ის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს შესთავაზა სხვა ვერსია:

„პრემიერმა ბრძანა, რომ მან გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები. ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა? ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს პრეცედენტი, რომ რჩევის სახით მიცემულ, რეკომენდაციისთვის...“.

სინამდვილეში პრემიერმა ორჯერ განაცხადა მუქარის შესახებ.

კვლავ დამაზუსტებელ კითხვას ლილუაშვილმა ასე უპასუხა:

„დაწყნარდით, სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, ამ განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს“.

ირაკლი კობახიძემ პირველად 25 მაისს განაცხადა, რომ "გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა, ახსენა, „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ . და მას შემდეგ არაერთხელ გაიმეორა.

საპასუხოდ ევროკომისარმა ვარჰეიმ თქვა, რომ მისი "სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდანაა ამოღებული".

იხილეთ ასევე:

კობახიძე: "პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით, თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად ვარ, გამოძიებას მივცე ინფორმაცია"

კობახიძე: პირდაპირი მუქარა იყო ფიზიკურ განადგურებასთან დაკავშირებით, რაც შემდეგ საბოლოო ჯამში, ვითომ სანახევროდ, მაგრამ იმაზე უფრო მძიმედ აღიარეს, ვიდრე შეეძლოთ, ეღიარებინათ

პუტინი – კობახიძე- ვარჰეის საუბარზე: "ევროკომისრები სისულელეებს ლაპარაკობენ"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები