
სამბოს ფედერაცია: BRICS-ის თამაშებზე საქართველოს დროშის გამოფენის საკითხს სახელმწიფო სწავლობს
13/06/2024 08:46:14 კონფლიქტები
BRICS-ის თამაშებზე საქართველოს დროშის გამოფენის საკითხს სახელმწიფო სწავლობს, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" სამბოს ფედერაციაში განუცხადეს.
მისივე ცნობით, მსოფლიო ჩემპიონები, ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე, - რომლებიც, BRICS-ის თამაშების საიტის თანახმად, ყაზანში ჩემპიონატში მონაწილეობენ, - რუსეთში არ წასულან.
BRICS-ის 2024 წლის თამაშების ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, საქართველოდან შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ ქართველი სამბოისტები, - ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე. თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
„ორივე სპორტსმენი საქართველოში და არსად წასულა. ასეთ რაღაცაზე არცერთი ნორმალური ქართველი არ წავა, მით უმეტეს ჩვენი სპორტსმენები“, - უთხრეს "რადიო თავისუფლებას" სამბოს ფედერაციაში.
"რადიო თავისუფლებას" ელენე ქებაძემაც უპასუხა, რომ ისინი არ მონაწილეობენ ჩემპიონატში: „რაღაც შეცდომაა“, - მოგვწერა მან.
12 ივნისს, ყაზანში „ბრიკსის თამაშები“ გაიხსნა.
თამაშებში მონაწილეობას იღებენ სპორტსმენები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე, სადაც მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მონაწილეთა შორის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ერთად, საქართველოც გამოაცხადეს.
მიიტანეს საქართველოს დროშაც.
დროშასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სამბოს ფედერაციაში "რადიო თავისუფლებას" განუცხადე, რომ სახელმწიფო სწავლობს ამ საკითხს:
„ვარკვევთ ამ საკითხს, სამინისტროს, ყველა ჩართულია, ვინ ვის რა შეთავაზება მისცა, რა როგორ იყო. გავარკვევთ ყველაფერს დეტალურად. ასეთ რაღაცაზე, მით უმეტეს საქართველოდან იქ, სადაც წართმეული და ოკუპირებული ტერიტორიების დროშებია, საუბარიც ზედმეტია“, - ამბობენ ფედერაციაში.
რუსეთმა „ბრიკსის თამაშებში“ აფხაზი სპორტსმენები 2023 წლის ბოლოს მიიწვია.
„ბრიკსის თამაშები“ არის „ბრიკსის“ ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული სპორტული ღონისძიება.