
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 6-9 ივნისი
13/06/2024 10:59:48 კონფლიქტები
ასლან ბჟანიამ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ოკუპირებული აფხაზეთის „დელეგაციამ“, დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით, 8 ივნისს რუსეთის ქალაქ პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში ასლან ბჟანიამ შეხვედრა გამართა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსნადრ ნოვაკთან, პეტერბურგის გუბერნატორთან ალექსანდრ ბეგლოვთან, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორთან ალექსანდრ დროზდენკოსთან, ასევე ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ხელმძღვანელთან რადი ხაბიროვთან. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასთან, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან, ტურიზმის განვითარებასა და მეცნიერების მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები.
ფორუმში მონაწილეობისას, ასლან ბჟანიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ მედია-გამოცემა „რია ნოვოსტის“, სადაც რიგ აქტუალურ საკითხზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რუსეთთან ე.წ. სასაზღვრო კონტროლის გამარტივების მიზნით. „ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთის მხარეს მდინარე ფსოუს საგუშაგო ზაფხულში - ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში - თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მუშაობს“, - აღნიშნა ბჟანიამ. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ მომავალში საგუშაგო საერთოდ არ იარსებებს. მისივე თქმით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ძველი ხიდით სარგებლობის თაობაზე და ამჟამად მისი რეკონსტრუქცია ხორციელდება. „ეს გაამარტივებს სახელმწიფოებს შორის საზღვარზე გადასვლის შესაძლებლობებს. მაგრამ, დროსთან ერთად, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივალთ ისეთ ისტორიულ თანამშრომლობამდე, როდესაც გამშვები პუნქტი არ იარსებებს. საზღვარი იქნება, თუმცა გამშვები პუნქტი დროსთან ერთად არასაჭირო გახდება", - დასძინა ბჟანიამ.
დე ფაქტო ლიდერმა ზოგადი შეფასება მისცა რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობას და განაცხადა, რომ ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და მიმდინარეობს „ეროვნული კანონმდებლობის“ ჰარმონიზაცია რუსეთის კანონმდებლობასთან. „ჩვენი ურთიერთობები განვითარების ძალიან მაღალი დონით ხასიათდება, თუმცა ასევე არსებობს შემდგომი განვითარების პოტენციალი“, - აღნიშნა ბჟანიამ. მან რუსული ინვესტიციების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
ბჟანია სოხუმის აეროპორტის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისი გახსნის შემდეგ ფრენები რუსეთის შვიდი ქალაქის მიმართულებით განხორციელდება. მისი თქმით, გახსნიდან პირველ წელს მოსალოდნელია, რომ რეგიონში ტურისტების ნაკადი მინიმუმ 50%-ით გაიზრდება.
ფორუმის შემდეგ, 8 ივნისს, ასლან ბჟანია, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მოწვევით, ერთდღიანი ვიზიტით გროზნოში ჩავიდა.
აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობა ასევე მიიღო აფხაზეთის ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამ. ეს იყო მისი პირველი საჯარო გამოჩენა 7 მაისს „თანამდებობიდან“ გათავისუფლების შემდეგ. პრესასთან გაკეთებულ კომენტარში, მან განსაკუთრებული ყურადღება ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გამოსვლაზე გაამახვილა. „ვლადიმირ პუტინის გამოსვლა პლენარულ სხდომაზე გაჟღენთილი იყო მრავალპოლარული და გლობალური უმრავლესობის იდეით... იქმნება ახალი სამყარო, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, სადაც ძალაუფლების, მათ შორის ეკონომიკური ძალაუფლების მრავალი ცენტრი მოქმედებს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მულტიპოლარობა არის პუტინი, ხოლო პუტინი არის მულტიპოლარობა“, - განაცხადა არძინბამ.
აფხაზეთში შესაძლოა „პრემიერ-მინისტრისა“ და "ვიცე-პრემიერის" თანამდებობები გაუქმდეს
9 ივნისს დე ფაქტო პარლამენტმა აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ „კონსტიტუციური ცვლილებების“ განხილვა დაიწყო, რომელთა მიხედვითაც, უქმდება „მინისტრთა კაბინეტი“ და შესაბამისად, „პრემიერ-მინისტრისა“ და „ვიცე-პრემიერის“ თანამდებობები, ხოლო „მინისტრები“ უშუალოდ „პრეზიდენტს“ დაექვემდებარებიან.
ამასთან, წარდგენილი „საკონსტიტუციო კანონპროექტი“ ადგენს „მინისტრების პარლამენტთან“ შეთანხმებით დანიშვნის პროცედურას. კერძოდ, დე ფაქტო პრეზიდენტს ექნება „პარლამენტის“ დათხოვნისა და რიგგარეშე „საპარლამენტო არჩევნების“ დანიშვნის უფლება იმ შემთხვევაში, თუკი ე.წ. დეპუტატები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „მინისტრობის“ კანდიდატურებს სამჯერ ვერ დაამტკიცებენ და „მინისტრთა“ თანამდებობების მესამედზე მეტი ვაკანტური დარჩება.
გარდა ამისა, დე ფაქტო პრეზიდენტს მიენიჭება უფლებამოსილება, დაამტკიცოს ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურა. ამასთან, შემოთავაზებულია ცალკე „კანონით“ ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების განსაზღვრა, ვინაიდან ამჟამად მისი ფუნქციები საკმაოდ ბუნდოვანია და „პრეზიდენტის ცალკეული მითითებების შესრულებას“ ითვალისწინებს.
აფხაზეთის „დელეგაცია“ სამხრეთ ოსეთში გამართულ „საპარლამენტო არჩევნებს“ აკვირდებოდა
ოკუპირებული აფხაზეთის „საპარლამენტო დელეგაცია“ საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის, ალან ალბოროვის მოწვევით, 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა. „დელეგაციის“ შემადგენლობაში იყვნენ: ე.წ. საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ახრა ფაჩულია, ეკონომიკური პოლიტიკის, რეფორმებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბადრიკ ფილია, სახელმწიფო- სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის წევრი ერიკ რშტუნი და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში დენის კიუტი.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში აფხაზი „დეპუტატები“ შეხვდნენ სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის თავმჯდომარეს“, ალან ალბოროვს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა აფხაზეთის „დელეგაციას“ ე.წ. არჩევნებში „დამკვირვებლის“ სტატუსით მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებულ ნაყოფიერ ორმხრივ ურთიერთობებს, რაც, მათ შორის, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით გამოიხატება.