Accentnews.ge
კრიზისი სოხუმში: ვინ, ვის, რატომ ებრძვის და რა როლი აქვს თბილისს

კრიზისი სოხუმში: ვინ, ვის, რატომ ებრძვის და რა როლი აქვს თბილისს

10/01/2020 13:00:14 კონფლიქტები

დასავლეთ საქართველოში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კრიზისი გრძელდება: ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში 9 იანვარს შეიჭრნენ და ნაწილი მათგანი ამ დრომდე შენობაში რჩება. აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. 9 იანვარსვე ე.წ. პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაჯიმბამ ადმინისტრაცია სამხედროების დახმარებით დატოვა, მოგვიანებით მან მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ გადადგომას არ აპირებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციიდან გატანილია იარაღი. დილით სოხუმში სროლის ხმა ისმოდა და არის მოლოდინი პროცესების კიდევ უფრო გამწვავების. გარდა ამისა, ე.წ. უზენაეს სასამართლოში საკასაციო მოსმენა მიმდინარეობს საერთო ოპოზიციური კანდიდატის ალხას კვიცინიას სარჩელის, რომელიც დე ფაქტო ცესკო–ს შედეგების გაუქმებას ითხოვს, რომლის თანახმადაც ხაჯიმბამ ხმათა 47.38% დააგროვა, ხოლო თავად მან –46.19%.

საინტერესოა, რომ 9 იანვარს მიმდინარე პროცესებში აქტიურობდნენ ნოემბერში სოხუმში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტების ახლობლები. ჯერ კიდევ ნოემბერში მათ ხაჯიმბას მუქარაც შეუთვალეს.

რაც შეეხება ოფიციალურ თბილისს, პრეზიდენტი აცხადებს, რომ პროცესებს ყურადღებით აკვირდება, ოპოზიცია კი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.

მაინც რა გახდა კრიზისის მაპროვოცირებელი, რატომ აგორდა პროტესტის ტალღა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, ვინ კურირებს პროცესებს და რას ცვლის ეს საქართველოსთვის, ამ საკითხზე „აქცენტი“ კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს ესაუბრა.

კანაშვილის დაკვირვებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები არა კონკრეტულად რომელიმე გარემოებას, არამედ დაგროვილ უკმაყოფილებას უკავშირდება, ხოლო მსგავს ვითარებაში ნებისმიერ მოვლენას შეუძლია, გახდეს მაპროვოცირებელი. ამ დასკვნის შესაძლებლობას მას აფხაზებთან კომუნიკაცია და სურათის შეჯამება აძლევს:

„ვისთანაც კი მისაუბრია, იყო ეს ოპოზიციის მხარდამჭერი, თუ დე ფაქტო ხელისუფლების, ყველა ვარაუდობდა, რომ ეს კრიზისი დადგებოდა და ხაჯიმბა თავის ე.წ. საპრეზიდენტო ვადას ვერ დაასრულებდა. უბრალოდ ასე მალე არ ელოდნენ. თუ დიდ სურათს შევხედავთ, ეს უბრალოდ დროის ამბავი იყო“.

თავად დრო კი კანაშვილის შეფასებით, დააყენა ხაჯიმბას მიმართ დაგროვილმა პრეტენზიებმა: ტოტალურმა კორუფციამ, კრიმინალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებამ, ე.წ. აღიარებების კუთხით პროცესების გაყინვამ, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ:

„ამასთან, იყო მოლოდინი, რომ ე.წ. საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ ხაჯიმბა კენჭს აღარ იყრიდა, ვინაიდან მისი მმართველობა კრიზისების ფონზე მიმდინარეობდა და დაბალი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა მან კენჭი იყარა. და გახსოვთ, ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ერთ–ერთი მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ასლან ბჟანია ე.წ. საარჩევნო პროცესს ჩამოშორდა (მოიწამლა თუ მოწამლეს). და ხაჯიმბა კიდევ უფრო დასუსტებული ავტორიტეტით, დაბალი ლეგიტიმაციით შეუდგა საქმიანობას დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე. მსგავს ვითარებაში ნებისმიერი ამბავიც კი შესაძლოა, კრიზისის შექმნის საფუძველი გახდეს. ხაჯიმბას შემდეგი გამოსავალი რჩებოდა: ან ეფექტური ნაბიჯები უნდა გადაედგა დაპირებების შესასრულებლად, ან ოპოზიციისთვის გადაენაწილებინა თანამდებობები და ამგვარად შემოეყვანა მმართველობაში, თუმცა ეს არ გააკეთა, ხოლო შედეგი ისაა, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს“.

მისი დაკვირვებით, არსებობს პროცესების კიდევ უფრო ესკალაციის მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ხაჯიმბას გადადგომით დასრულდეს, თუმცა მოსახლეობა ძალისმიერი დაპირისპირების სურვილს არ ამჟღამვნებს:

„მოსახლეობას არ სურს, პროცესები ძალისმიერ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, თუმცა, არც ერთი მხარე არ აპირებს დათმობაზე წასვლას და სიტუაცია მაინც და მაინც კონტროლირებადიც არაა“.

რუსული ფაქტორი

ამ დროისთვის რუსეთიდან აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს მხოლოდ რუსეთის ე.წ. საელჩო გამოეხმაურა და საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. კანაშვილი ელის, რომ კრემლი პროცესებში მხოლოდ კრიტიკულ ვითარებაში ჩაერევა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ სრული ანარქია მის ინტერესებში არ შედის.

„მის ინტერესებში არ შედის, საერთაშორისო საზოგადოება ხედავდეს, რომ წარმონაქმნი, რომლის პროტექციასაც თავად ეწევა, მსგავს ქაოსშია გახვეული. ამიტომ, თუ ძალიან გამწვავდება ვითარება და დაპირისპირება გადაიზრდება სისხლისღვრაში, ჩაერევა. თუმცა უშუალოდ ვინ იქნება მართვაში წარმოდგენილი, სუსტი ხაჯიმბა, თუ ოპოზიცია, მისთვის უმნიშვნელოა, ვინაიდან ადგილზე რუსულ როლს არავინ აპროტესტებს“,– განმარტავს კანაშვილი.

რა იცვლება

კანაშვილის შეფასებით, იცვლება მხოლოდ ის, რომ მიმდინარე პროცესები ადგილზე აფხაზურ გავლენას კიდევ უფრო ასუსტებს, ხოლო რუსეთისას – ზრდის:

„განცდა იმისა, რომ მათ [აფხაზებს] შეუძლიათ „სახელმწიფოს“ მართვა, მათშივე ნელდება. დროთა განმავლობაში ეს შესაძლოა, გადაიზარდოს იგივე პროცესებში, რაც სამხრეთ ოსეთში ხდება. ვგულისხმობ რუსეთთან მიერთებაზე საუბარს. გარდა ამისა, თუ ხაჯიმბას წასვლა მოუწია და მოვიდა ანქვაბთან უფრო დაახლოებული ჯგუფი, შესაძლოა, გალელებთან მიმართებაში წნეხი შერბილდეს, თუმცა დარწმუნებით ამის თქმა რთულია“.

მისივე შეფასებით, მიმდინარე პროცესებში თბილისის როლი ნულოვანი და სადღეისოდ მას არც ბერკეტები აქვს, ვინაიდან ამ მიმართულებით არ უმუშავია:

„ჩვენი როლი ნულოვანია. ამ ვითარებაში არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, არც მიდის ამ მიმართულებით მუშაობა, შესაბამისად ახლა ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.

საინტერესოა, რომ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში არსებული კრიზისები ერთმანეთს ემთხვევა. ასევე ემთხვევა მმართველობის სტილიც კი: ანქვაბი ითვლებოდა უფრო ხისტ მმართველად და ტიპაჟურად უფრო ჰგავდა სააკაშვილს, ხოლო ხაჯიმბა – „ქართულ ოცნებას“. ვერც ერთი დე ფაქტო ხელისუფლება ვერ ახერხებს გაცემული დაპირების შესრულებას და ამას მიზეზებიც აქვს: მცირე საზოგადოებაა, და თუ რომელიმე ხელისუფლება რეალურად დაიწყებს კორუფციასთან ბრძოლას, მოუწევს საკუთარი ახლობლების, გარემოცვის პასუხისმგებაში მიცემა. როგორც ჩანს, ამაზე წასვლა არავის სურს. თუ ვინმე რეალურად გადადგამს ამ ნაბიჯს, ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიტუაცია დრამატული გახდება. ახლა კი ვითარება ადგილობრივებისთვის ასატანად რთულია: რუსეთიდან შედის გარკვეული თანხა და როდესაც ამ თანხის დანაწილება ხდება, ყველას აქვს რაღაც დასაკარგი“.

რას ამბობს თბილისი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პროცესების ლეგიტიმაციაზე საუბარი არ და ვერ იქნება, თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება საკმაოდ მძიმეა.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ პროცესები წავიდეს მშვიდობიანად, ეს არის უმთავრესი. ვადასტურებთ იმას, რომ პოლიტიკური პროცესების არანაირ ლეგიტიმაციაზე საუბარი არ და ვერ იქნება. თავისთავად, განვითარებები არის საინტერესო. მათ შორის, თუნდაც სამშვიდობო პროცესის ჭრილში. ჩვენი პოლიტიკა არის უცვლელი, კურსი არის ურყევი. ჩვენ ჩართულობის, შერიგების პოლიტიკის ხაზით მივდივართ. ჩვენი პოლიტიკა არის ცალსახად მშვიდობიანი. გათვლილია მოსახლეობის დახმარებაზე. ზოგადად, ვითარება რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და ამას არც თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა არ უარყოფს. მათ შორის სოციალური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების, კრიმინოგენული, თუ ნარკოდამოკიდებულებისა და ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცნობილია და ამოცანა ის გახლავთ რომ, ვცადოთ მეტად დავეხმაროთ მოსახლეობას,“- განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრმა თქვა ისიც, რომ ოკუპაციის პირობებში, როდესაც ადგილზე რუსეთს აქვს ექსკლუზიური გავლენა, დახმარების გაწევა საკმაოდ რთულია:

„მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, ძალიან ძნელია, მათ შორის, როდესაც რუსეთს აქვს ექსკლუზიური გავლენა. ის თამაშობდა ექსკლუზიურ როლს ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროში. ჩვენ არ გვაქვს არც საერთაშორისო მექანიზმები უსაფრთხოების, არც ადამიანების უფლებების დაცვის, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს მდგომარეობას, მაგრამ თქვენ იცით, რომ გვაქვს ჩართულობის გარკვეული ინსტრუმენტები და ეს აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც იმიტომ, რომ მოსახლეობის საჭიროებები არ იკლებს".

ვითარებას რთულად აფასებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეც:

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს სოხუმში მიმდინარე პროცესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა არ დავუშვათ ამ პროცესების ესკალაცია, რათა დავიცვათ ჩვენი საზოგადოების უფლებები აფხაზეთში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, რომელიც არსებობს. მე ვგულისხმობ, საერთაშორისო საზოგადოებას, ყველა იმ პარტნიორს, რომელიც არის ჩართული ჟენევის დისკუსიაში და მოლაპარაკებებში, გაერო, ეუთო, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ასევე, ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს აქტიურად ჩართული. ეს პროცესები, რაც მიმდინარეობს სოხუმში, არის გამოძახილი და შედეგი, რაც ხდებოდა ბოლო 25-27 წლის განმავლობაში აფხაზეთში. ეს არის ოკუპაციის და მილიტარიზაციის შედეგი, რისი მსხვერპლიც პირველ რიგში არის აფხაზური საზოგადოება. საზოგადოება დღეს არ აპროტესტებს მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. არჩევნების შედეგებს, ისინი ზოგადად აპროტესტებენ იმ მდგომარეობას, რომელიც არის აფხაზეთში, აპროტესტებენ ოკუპაციას, მილიტარიზაციას. ეს არის ყველაფერი ოკუპაციის, რუსიფიკაციისა და მილიტარიზაციის შედეგი, რისი მსხვერპლიც პირველ რიგში არის აფხაზეთის საზოგადოება. ამ შემთხვევაში მინდა ავღნიშნო, რომ აფხაზეთის საზოგადოება ხვდება, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება აფხაზეთის ეთნოსისა და კულტურის გაქრობას, რადგან ოკუპაციის, მილიტარიზაციისა და რუსიფიკაციის პირობებში ნამდვილად აფხაზური ენა, კულტურა და ეთნოსი დგას ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ. აფხაზეთის საზოგადოების გამოძახილი და პროტესტი არის გარკვეული გმირობა იმ კუთხით, რომ ოკუპაციის, რუსიფიკაციის პირობებში ახერხებენ და აფიქსირებენ პროტესტს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S