ვინ იპყრობს საქართველოს - რუსეთი თუ დასავლეთი?

14-06-2024 11:37:39 ანალიზი

"დააბრალე მოწინააღმდეგეს ზუსტად ის, რასაც თავად სჩადი" - ეს ტაქტიკა ბოლო დროს აშკარად შეიმჩნევა საქართველოს მმართველი ძალის - "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებში პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ამასთან, "ოცნება", რომელმაც კონსტიტუციის 78-ე მუხლის უხეში დარღვევით რადიკალურად შეცვლალა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი რუსულით, ქვეყნის მრავალწლიან დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს ზუსტად იმაში ადანაშაულებს, რასაც საქართველოს მიმართ მრავალი ათწლეულია, რუსეთი სჩადის. ანალოგიურ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ტაქტიკას ვხედავთ მოსკოვში, საიდანაც "ქართული ოცნების" მიმართ მაქებარი, ან, მინიმუმ, მხარდამჭერი განცხადებები არ წყდება.

დღეს, მაგალითად, ამ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ სტილში საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვასა და ექს-პრეზიდენტისა და ექს-პრემიერის, 2008 წელს საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარების გადაწყვეტილების ხელმომწერის, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებები მოვისმინეთ.

ზახაროვამ დასავლეთის "ორმაგ სტანდარტებში" დასადანაშაულებლად და "ოცნების" ხელისუფლების დასაცავად საქართველოსა და სომხეთს შორის მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს შორის გაავლო პარალელი და ვითარება რეალობა 180 გრადუსით აყირავებულად წარმოადგინა: სომხეთში პროდასავლურად განწყობილი ხელისუფლების შეცლის მიზნით პრორუსული ძალების მიერ ორგანიზებული აქციები "სახალხოდ" მოიხსენია და დასავლეთს პრეტენზიები წაუყენა მათი დაშლის გამო, საქართველოში საგარეო პოლიტიკურ ვექტორის რუსულად შემცვლელი ხელისუფლების წინააღმდეგ უკვე ორ თვეზე მეტია, მიმდინარე წმინდად სახალხო პროტესტი კი "დასავლეთის აგენტების მიერ ორგანიზებულ არეულობად" წარმოაჩინა და ამით შეეცადა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ აქციების მონაწილეთა მიმართ კანონის უკვე მრავალჯერადი უხეში დარღვევის გამართლებას.

"აშშ აქტიურად უჭერს მხარს არეულობებს საქართველოში, მაგრამ ამ დროს არ გმობს სომხეთის ხელისუფლებას საპროტესტო მიტინგების დარბევის გამო. აი, ესაა მთელი თქვენი "დემოკრატია"! ერთ შემთხვევაში ვაშინგტონი თავისი საელჩოს პირით აცხადებს, რომ "მიტინგების გამართვისას მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენაა საჭირო" და ფაშინიანის ხელისუფლების მიერ მათ დარბევას არ გმობს, მეორეში კი - პირიქით, აქტიურად უჭერს მხარს დასავლეთის აგენტების მიერ მოწყობილ არეულობას" - განაცხადა ზახაროვამ.

საგულისხმოა, რომ "ოცნების" წარმომადგენლებმა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ხელების გადაგრეხვით მიიღეს რუსულის ანალოგიური "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონი, ასევე იხსენიებენ საპროტესტო აქციების მონაწილეებს "აგენტებად" და "შესაბამისი ზომების გატარებით" ემუქრებიან.

თავის მხრივ, მედვედევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქართული საპროტესტო აქციების უკან "ჰოლივუდის ხელი მოჩანს". მისივე მტკიცებით, "დასავლეთი რუსეთის მეზობლებზე, მათ შორის საქართველოზე კონტროლის დამყარებას ცდილობს" და "დასალური ნეოკოლონიალიზმი უკვე უშუალოდ მიუახლოვდა რუსეთის საზღვრებს".

ცნობისთვის: დასავლეთთან მიმართებაში ტერმინი ნეოკოლონიალიზმი ბოლო დროს "ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლურ რიტორიკაშიც იმკვიდრებს ადგილს, ხოლო ის, რომ მრავალწლიანი დასავლელი პარტნიორები თურმე, "უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, რითაც თავს ესხმიან ქვეყნის სუვერენიტეტსა და მშვიდობას, რომელსაც სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ეფარება ფარად", პუტინის რუსეთზე გეზაღებული ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უკვე არაერთგზის მოვისმინეთ. "ოცნების" მხარდამჭერმა ღიად პრორუსმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ კი ამასწინათ დასავლეთი საერთოდაც "საქართველოს დაპყრობის განზრახვაში" დაადანაშაულა, რუსეთის 2008 წლის ქმედებებიც გაამართლა და 5-დღიანი ომი კრემლის მიერ სოხუმისა და ცხინვალის რეგიონების "დამოუკიდებლობის" აღიარებითურთ "თავიდან ბოლომდე ამერიკის ნამოქმედარად" შეაფასა.

"უნდა ვაღიაროთ: ნეოკოლონიალიზმი უკვე უშუალოდ მოუახლოვდა რუსეთის საზღვრებს. პირველ ნაბიჯს ამ გზაზე რუსეთის მეზობლებზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა, "ფერადი რევოლუციები" საქართველოსა და უკრაინაში, რის შედეგადაც ხელისუფლებებში აშშ-ის სახდეპის სტიპენდიანტი მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ამერიკელი ჩინოსნის ქმრის - იუშჩენკოს მარიონეტული რეჟიმები მოიყვანეს. პირველმა 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების მიმართ აგრესია გააჩაღა, რასაც რუსეთის მხრიდან მყისიერი და ხისტი პასუხი მოჰყვა [გავიხსენოთ 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი ღიად პრორუსული ძალებისა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების 2008 წლის ომის მიზეზებთან დაკავშირებული მსგავსი ნარატივები - რედ.]. მეორეს მოღვაწეობის შედეგი კი 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელზეც იუშჩენკომ ხმათა 5%-ზე ოდნავ მეტი მოაგროვა და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინოდ დაბალი შედეგი აჩვენა. ამ პირველი "წარუმატებლობის" მიუხედავად, დასავლეთს რუსეთის მეზობლების დამონების განზრახვაზე ხელი არ აუღია და უკრაინაში თავისი პირველი ნეოკოლონიალური პლატფორმის ჩამოყალიბებაზე კონცენტრირდა, 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად კი უკრაინამ სრულად დაკარგა თავისი პოლიტიკური სუბიექტობა, რესპუბლიკაზე ფაქტობრივად, გარე მმართველობა დამყარდა, რისი მაგალითებიც მსოფლიოს მასშტაბით სხვაგანაც მრავლად გვხვდება. ნათელია, რომ უკრაინის ამ ნეოკოლონიალური მარწუხებისგან გათავისუფლება ახლა მხოლოდ რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის [ასეთად ასაღებს კრემლი უკრაინის მიმართ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას - რედ.] ყველა დასახული ამოცანის შესრულების გზითაა შესაძლებელი" - ასეთი იყო ამჯერად მედვედევის სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ბოდვა.

და აქაც არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ უკრაინის მოქმედი ხელისუფლებისა და ამ ქვეყანაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის მიმართ ანალოგიური სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული გზავნილები გამუდმებით გაისმის საქართველოს სახელისუფლებო მედიიდან. საქმე უკვე იაქმდეც მივიდა, რომ "ოცნების" პროპაგანდისტები პუტინის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მსხვერპლ უკრაინას "ფაშისტურ სახელმწიფოდ" მოიხსენიებენ, პრეზიდენტ ზელენსკის კი - "ფაშისტად" და "საერთაშორისო დამნაშავედ, რომლის დასავლეთის მიერ ნაკარნახევმა პოლიტიკამ უკრაინა საბოლოოდ ჩამოშალა". ნარატივი, რომ "უკრაინა დღეს ჩამოშლილია", ამასწინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგანაც მოვისმინეთ.

ამ ყველაფრის მიზანი მარტივი ამოსაცნობია: დასავლეთი მტრად წარმოჩინდეს, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის მებრძოლი პროდასავლური უკრაინა - შეცდომაში შეყვანილად და წაგებულად, საბოლოოდ კი ამ ფონზე გამართლდეს "ქართული ოცნების" მცდელობები, ქართველი ხალხის მრავალწლიანად უცვლელი, მტკიცე ნების საფუძველზე ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილი პროდასავლური კურსი რუსულით ჩაანაცვლოს მოსკოვის მიზნების განსახორციელებლად და მოსკოვის "ზურგით" საკუთარი მორყეული ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

მედვედევი, ზახაროვას მსგავსად, სომხეთ-დასავლეთის ურთიერთობებსაც გადასწვდა და შეეცადა სომეხი ხალხის დარწმუნებას, რომ მისი ბრძოლა ევროპული მომავლისთვის ფუჭია, რადგან " არავინ აპირებს, სომეხ ხალხს "რჩეულთა კლუბის" კარი გაუღოს":

"ჰკითხეთ ერთი ნეობანდერელებს [უკრაინელებს - რედ.], მიაღწიეს ევროკავშირის წევრობას?! არა! და უახლოეს მომავალში ამას ვერ მოესწრებიან! ანდაც საქართველოს შეხედეთ: იქ ცოტა ხნის წინ მიიღეს კანონი, რომელიც არ მოეწონათ აშშ-სა და ევროკავშირს... და რა? რა და სანქციები! [ და ისევ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და საქართველოში მოქმედი ღიად პრორუსული ძალების ახლა უკვე კარგად ცნობილი ანტიდასავლური ნარატივის ანალოგიური სიტყვები! - რედ.]... ხოლო 2024 წლის მარტში ეროპარლამენტის მიერ ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გამყარების შესახებ მიღებული რეზოლუცია ფარანიტა ქაღალდია მხოლოდ, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე!" - მიმართა სომხებს მედვედევმა.

მთელი ამ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ბოდვის უკან, რომლის ნარატივებს ბოლო დროს მრავლად ვისმენთ საქართველოს საგარეოკურსშეცვლილი "ოცნების" ხელისუფლების მხრიდანაც, რეალურად, თავად მოსკოვის მრავალწლიანი იმპერიალისტური გეგმა იმალება, ჩამოაყალიბოს სსრკ-2 და მასში შეითრიოს ყველა, ვისაც კი შეძლებს: ზოგი - ომით, ზოგიც - ჰიბრიდული მეთოდებით. ამ გეგმის ნაწილია 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრაც. და ამ გეგმის საქართველოსთან დაკავშირებული ნაწილის სისრულეში მოყვანის მცდელობას ჰგავს, თანაც ძალიან, ის, რასაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ვადევნებთ თვალს, მათ შორის, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, - "ოცნების" ხელისუფლების რიტორიკასა და ქმედებებშიც.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავის წინა დღეებში, 2023 წლის 21 თებერვალს რუსეთის ლიდერმა გააუქმა ქვეყნის საგარეო უწყების მიმართ 2012 წლის ბრძანებულება, “მტკიცედ დაეცვა გაერო-ს წესდების პრინციპები, რომელიც სახელმწიფოებს შორის თანასწორობის, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემის საფუძველზე მეგობრული ურთიერთობების განვითარებას" გულისხმობს. ხოლო მეორე დღეს, 22 თებერვალს მოსკოვში გამართულ კონცერტ-მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა გააჟღერა იმპერიალისტური ნარატივი იმის შესახებ, რომ “რუსეთი თავისი ისტორიული საზღვრებისთვის იბრძვის”. ანალიტიკოსებმა მაშინ გამოთქვეს აზრი, რომ კრემლს ამ ყველაფრის სხვა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიის გასამართლებლად გამოყენება ჰქონდა ჩაფიქრებული. და აქ იგულისხმებოდა არა მარტო რუსეთის ნებისმიერი უშუალო მეზობელი, არამედ მოლდოვა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიც: მართალია, სადღეისოდ მათ პუტინის ტერორისტულ სახელმწიფოსთან საერთო საზღვრები არ გააჩნიათ, მაგრამ სხვადასხვა დროს მათი ტერიტორიები შედიოდა ან სსრკ-ის, ან რუსეთის, ან ერთისა და მეორეს შემადგენლობაში.

მოლდოვა

პირველი, ვინც ამ კონტექსტში ანალიტიკოსებს მოუვიდათ აზრად, მოლდოვა იყო და აი, რატომ:

• რუსეთის საგარეო უწყებისადმი თავის 2012 წლის ბრძანებულებასთან ერთად პუტინმა 21 თებერვალს გააუქმა კიდევ ერთი დოკუმენტი – მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში რუსეთის პოზიციის თაობაზე. საუბარია, კერძოდ, მოსკოვის მიერ დოკუმენტურად დეკლარირებულ განზრახვაზე, აქტიურად ეძებნა დნესტრისპირეთის პრობლემის მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემის საფუძველზე გადაჭრის გზები...

აშშ-ის ომის შემსწავლელ ინსტიტუტში (ISW) მაშინ განაცხადეს, რომ ამ უკანასკნელის გაუქმება “მოლდოვის სახელმწიფოს ჩამოსაშლელად ძალისხმევის ესკალაციაზე” მიანიშნებდა. “2012 წლის ამ ბრძანებულების გაუქმება არ უნდა აღვიქვათ იმის მომასწავლებლად, რომ პუტინი მოლდოვაზე თავდასხმას გეგმავს, - საამისოდ მას სამხედრო პოტენციალი არ ჰყოფნის, – მაგრამ ეს მიანიშნებს ესკალაციაზე მისი მუდმივი ძალისხმევისა, რომელიც მოლდოვის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლაზეა მიმართული” – ნათქვამი იყო ISW-ს იმჟამინდელ მოხსენებაში.

მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს არაერთგზის დაუდანაშაულებია რუსეთი მისი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებში და მრავალგზის გამოსულა რუსული ჯარების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანის მოწოდებით. პუტინის მიერ ზემოთხსენებული ბრძანებულების გაუქმების შემდგომ პერიოდში კი მან უკრაინული სპეცსამსახურებისგან მიიღო დოკუმენტები, რომელშიც მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების რუსული გეგმა იყო გაწერილი. და მართალია, მოსკოვი სანდუს ბრალდებას, ტრადიციულად, უსაფუძვლოს უწოდებდა, მაგრამ შემდგომ პერიოდში მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების ხელით ამ გეგმის რეალიზების რეალური მცდელობებიც ვიხილეთ.

ბელარუსი

გასულ წელს გამოცემები "The Moscow Times" და “Yahoo News” სტრატეგიულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერდნენ, რომ კრემლში პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრი გზებით 2030 წლისთვის ბელარუსის “მცოცაცი ოკუპაციის” დეტალური გეგმა იყო გაწერილი. ამ მასალების თანახმად, იგი 2021 წლის შემოდგომაზე გაიწერა და ათწლეულის ბოლოსთვის რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა.

გეგმაში იყო, მათ შორის:

  • ორი ქვეყნის კანონმდებლობების ჰარმონიზაცია, “კოორდინირებული საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკა”, “სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა”... და ეს ყველაფერი – “რუსეთის ინტერესების საფუძველზე”.
  • “რუსეთის ფედერაციის უპირატესი ზეგავლენის უზრუნველყოფა ბელარუსის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კულტურულ-საინფორმაციო სფეროებში.

ადვილი მისახვედრია, რომ 9,3-მილიონიანი მოსახლეობის მქონე აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყნისთვის ეს ბელარუსის სუვერენიტეტის განადგურებასა და ქვეყნის მოსკოვის სატელიტის მდგომარეობამდე დაცემას ნიშნავს.

კრემლის იმ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივის მიხედვით, რომელსაც იგი 2008 წელს – საქართველოს, ხოლო 2022 წელს უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიის “გასამართლებლად” იყენებდა, მთავარ მიზეზს “ამ ქვეყნების ნატო-ში სწრაფვა და შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რუსეთის საზღვრებთან არმიახლოების უზრუნვეყოფის აუცილებლობა” წარმოადგენდა. ბელარუსის ხელისუფლება ნატო-სკენ სწრაფვას ნამდვილად არ ავლენს, მეტიც, სადღეისოდ კრემლზე თითქმის სრულად დამოკიდებული ავტორიტარი მმართველი ალექსანდრე ლუკაშენკო მტრულ დამოკიდებულებას იჩენს დასავლეთის მიმართ და ყოველმხრივ ცდილობს, უკრაინის ომის ფონზე მოსკოვს ასიამოვნოს. თუმცა ეს, როგორც ვხედავთ, მის ქვეყანას პუტინის იმპერიალისტური ზრახვების რეალიზებისგან არ იცავს.

“ბელარუსის მიმართ რუსეთის მიზნები ანალოგიურია უკრაინის მიმართ მიზნებისა, უბრალოდ ბელარუსში რუსეთი ეყრდნობა იძულებას და არა ომს”, – თვლის ეუთო-ში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი.

“რა თქმა უნდა, რუსეთი ბელარუსს თავის კონტროლქვეშ აიყვანს. კითხვა იმაში მდგომარეობს, განახორციელებს თუ არა იგი ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასად”, – განაცხადა მაშინ ესტონეთის საგარეო დაზვერვის ყოფილმა შეფმა რაინერ საქსმა. ამასთან, მას აოცებდა, რომ გეგმის საბოლოო რეალიზების ვადად განსაზღვრული იყო 2030 წელი: “არ მესმის, რუსეთს ამდენი რაში სჭირდებაო?”.

და ეს მართლაც გაუგებარია იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ 2021-ში რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებს ხელმოწერილი აქვთ გაღრმავებული ინტეგრაციის 28 “საგზაო რუქა”, განხილული აქვთ ელექტროენერგიის ერთიანი ბაზრისა და თავდაცვის ერთიანი სივრცის საკითხები. 2022-ში კი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლუკაშენკოს გამოცხადებული აქვს, რომ მოსკოვი და მინსკი ჩამოაყალიბებენ “ორი დამოუკიდებელი ქვეყნის ერთობას” და “დასავლეთის სანქციების ერთობლივად დაძლევას დაიწყებენ”. თუმცა ბელარუს ავტორიტარ მმართველს იქვე ისიც აქვს აღნიშნული, რომ “არც ის და არც ვლადიმირ პუტინი არიან იმდენად ბეცები, რომ იმოქმედონ მოძველებული მეთოდებით და ბელარუსი რუსეთის შემადგენლობაში ჩართონ”.

2023 წელს ISW-ში თვლიდნენ, რომ ნატო სერიოზულად უნდა მომზადებულიყო ბელარუსის შესაძლო მომავლისთვის:

“ადრეც გვითქვამს, რომ პუტინი, უკრაინაში შეჭრის შედეგების განურჩევლად, მაღალი ალბათობით, მნიშვნელოვან უპირატესობას მოიპოვებს ბელარუსზე კონტროლის დამყარებაში. ბელარუსში რუსეთის სავარაუდო წარმატებები კი დასავლეთს იმ ამოცანის წინაშე აყენებს, რა მოიმოქმედოს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების პოტენციურ სამომავლო ლანდშაფტთან მიმართებაში. თუ დასავლეთი პუტინს უკრაინულ ყირიმსა და ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ამჟამინდელი მდგომარეობის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს, კრემლი შეძლებს, გამოიყენოს ოკუპირებული ბელარუსული და უკრაინული ტერიტორიები უკრაინისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მიმართ შემდგომი მუქარისა და საფრთხისათვის”, – აღნიშნული იყო ინსტიტუტის იმჟამინდელ მოხსენებაში.

ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთს შეუძლია, ალტერნატიულად ჩამოაყალიბოს პირობები მომავლისთვის, რომელშიც ტერიტორიულად მთელი უკრაინა გახდება “საიმედო სამხედრო პარტნიორი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული ბელარუსისგან დასაცავად”. ამასთან, მათი განმარტებით, ეს სასურველი გრძელვადიანი მომავალი ემყარება დასავლეთის მყისიერ და თანმიმდევრულ გადამჭრელ მოქმედებებს, რათა უკრაინას მისი ტერიტორიიდან რუსული ძალების განდევნის საშუალება მიეცეს, რადგან “ძალზე ნაკლებ სავარაუდოა, დასავლეთმა შეძლოს ეფექტური პასუხის გაცემა რუსეთის მიერ ბელარუსის შთანთქმის კამპანიაზე, თუ მანამდე უკრაინაში რუსულ შეჭრას არ გაუმკლავდება”.

საქართველო

პუტინის მიერ 21 თებერვალს გაუქმებული ზემოთხსენებული ბრძანებულებაცა (“სახელმწიფოებს შორის თანასწორობის, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემის საფუძველზე მეგობრული ურთიერთობების განვითარების შესახებ გაერო-ს პრინციპების მტკიცედ დაცვის თაობაზე”) და 22 თებერვლის განცხადებაც (“რუსეთი თავისი ისტორიული საზღვრებისთვის იბრძვის”) ეხება საქართველოსაც, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომელთაც რუსეთის ტერორისტი მმართველი თავის ახალ იმპერიაში – სსრკ-2-ში, “საკავშირო სახელმწიფოსა” თუ “ველიკოროსიაში” მოიაზრებს.

იხილეთ ასევე:

როგორ იყენებს სოხუმი "ოცნების" სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ნარატივებს აფხაზეთის რუსული ანექსიისთვის შესამზადებლად;

"თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც უნდა შევიკრათ" - ლუკაშენკო აფხაზეთს "ქვეყნად" მოიხსენიებს და საქართველოს სსრკ-2-ზე მიანიშნებს

უკრაინის ომის ფონზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით კი, საქართველოს მოსახლეობისთვის ფრიად საყურადღებო უნდა იყოს რიგი დეტალები რუსეთის მიერ ბელარუსის შთანთქმის ზემოთხსენებული სტრატეგიული გეგმიდან, რომელშიც, კერძოდ, ვკითხულობთ შემდეგ ამოცანებს:

ბელარუსული კანონმდებლობა მიესადაგოს რუსულს;

• დამყარდეს რუსეთის კონტროლი ბელარუსის სამხედრო პოლიტიკურ სექტორზე, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სავაჭრო, სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაზე;

• რუსულმა დაზვერვამ შეზღუდოს “პროდასავლური და ნაციონალისტური” ძალების გავლენა;

• რუსული მედიის რაოდენობისა და მოსახლეობაზე საინფორმაციო გავლენის ზრდის მეშვეობით დამყარდეს კონტროლი ბელარუსის საინფორმაციო სივრცეზე;

• ბელარუსის მოქალაქეთათვის რუსეთის მოქალაქეობის გაცემა გამარტივდეს, რათა ადგილზე შეიქმნას ინტეგრაციის მომხრე რუსების მოქალაქეების ფართო ფენა, რომელსაც რუსულ ბაზარში დაინტერესებული ბიზნეს-წრეებიც შეუერთდებიან.

ვფიქრობ, ამ ჩამონათვალში არაერთი მკითხველი ამოიცნობს იმ ნაბიჯებსაც, რომელიც ბოლო დროს, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში იდგმება.

მაშ ვინ აპირებს რეალურად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დაპყრობას - კრემლისა და "ოცნების" ხელისუფლების მიერ დემონიზებული დასავლეთი, თუ რუსეთი, რომელიც, მისივე პროპანადისტული გზავნილების სწინააღმდეგოდ, არც იმპერიის აღდგენის განზრახვას მალავს, საამისოდ კონკრეტული გეგმაც დიდი ხანია, გაწერა და ახლა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა მეთოდებით მის რეალიზებას ცდილობს?

დასკვნები თქვენთვის მომინდვია...

ახალი ამბები

სხვა სიახლეები