როგორ იყენებს სოხუმი "ოცნების" სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ნარატივებს აფხაზეთის რუსული ანექსიისთვის შესამზადებლად

01-03-2023 11:15:19 კონფლიქტები

სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება, რომელმაც მოსკოვის ზეწოლით რუსეთ-ბელარუსის ე.წ. საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში გაერთიანებაზე აიღო გეზი, "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ ნარატივებს უცვლელად იმეორებს და საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, მოსახლეობას "ოცნების" შეცვლის შემთხვევაში ომით აშინებს.

"ჩვენ ახლა მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული საქართველოს შიდაპოლიტიკურ კონიუნქტურაზე. საქართველოს ამჟამინელი ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს რუსეთის მიმართ და მეტიც, აქტიურად უწევს წინააღმდეგობას დასავლეთის მიერ მართული უკრაინის ხელისფულებისა და რადიკალური ქართული ოპოზიციის მდელობებს, აიძულონ თბილისი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას. ჩვენი ენგურსგაღმელი მეზობლის მსგავსი პოლიტიკის უკან დგას არა რუსოფილია ან ურთიერთობების დარეგულირებისკენ სწრაფვა, არამედ მხოლოდ პრაგმატიზმი. თუმცა ვინ თქვა, რომ ამჟამინდელი ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლება ანტირუსული რადიკალებით, ან თავად არ შეიქმნება იძულებული, მეორე ფრონტი გახსნას?" - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ სოხუმში გამართულ კონფერენციაზე "სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მსოფლიო და რეგიონული პოლიტიკის ფაქტორი".

მისივე თქმით, აფხაზეთი ამ ვითარებაში რამდენიმე საკითხზე უნდა კონცენტრირდეს, კერძოდ:

  • "დეტალურად შეისწავლოს აფხაზური არმიის სამობილიზაციო შესაძლებლობები;
  • უმოკლეს ვადებში მოამზადოს შეიარაღებული ძალების რეფორმირების კონცეფცია და ამ კუთხით განსაკუთრბული ყურადღება უახლესი იარაღითა და ტექნიკით გადაიარაღებას დაუთმოს;
  • გააგრძელოს რუსული რეგიონების - დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მხარდაჭერა".

მანამდე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "საქართველოსთან ახალი ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია". ამ დღეებში კი არძინბა რუსეთ-ბელარუსის ე.წ. საკავშირო სახელმწიფოს აღმასრულებელ მდივანს შეხვდა და "საინტეგრაციო პროცესებში აფხაზეთის აქტიური ჩართვის საკითხები" განიხილა.

ამგვარად, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლბა "ქართული ოცნების" სადეინფორმაციო-პროპაგანდისტულ მესიჯ-ბოქსს აფხაზეთის მიმართ მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მხარდასაჭერად იყენებს. საქართველოს ხელისუფლებასთან აფილირებული ტროლების არმია კი ამ დროს აქტიურად თესავს ჩვენს მოსახლეობაში იმ ტყუილს, თითქოს კრემლის პოლიტიკისადმი ლოიალურობის გაგრძელების შემთხვევაში "მოსკოვი თბილისს სოხუმსა და ცხინვალს დაუბრუნებს".

არადა, რუსეთის წარმომადგენლებს, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესა და მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერ დიმიტრი მედვედევს არაერთგზის უთქვამთ, რომ "თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის ერთიანობა მხოლოდ [რუსეთ-ბელარუსის - რედ.] საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაშია შესაძლებელი".

ე.წ. საკავშირო სახელმწიფოში გაერთიანებაზე მიანიშნა ამასწინათ თბილისს ბელარუსმა დიქტატორმა ალექსანდრე ლუკაშენკომაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები