
დარბაიძის განჩინება ახალბედაშვილმა შეცვალა – გორელი ბიზნესმენი და აქტივისტი დაკავების მოლოდინშია
14/06/2024 15:10:56 სამართალი, საზოგადოება
14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ბიზნესმენის და აქტივისტის სოსო ბაბაევის საქმეზე. კერძოდ, სასამართლომ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი – უკანონოდ. შესაბამისად, შეიცვალა მოსამართლე ლევან დარბაიძის 6 ივნისის განჩინება, რომელიც ბაბაევის გათავისუფლების საფუძველი გახდა.
იხილეთ ასევე: რას გვეუბნება აქტივისტის მოსამართლე დარბაიძის მიერ "დაშლილი" საქმე
დღეს განჩინება მიიღო დავით ახალბედაშვილმა, რომელიც 2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.
სოსო ბაბაევის ადვოკატი კახა კალმახელიძე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნონსენსს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მოსამართლე ახალბედაშვილის განჩინებით, ბრალის წარდგენის საფუძველს ქმნიან.
„სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი. ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი - უკანონოდ. ანუ ერთი იარაღი, რომელიც პირადი ჩხრეკისას ამოუღეს, უკანონოდ იქნა ცნობილი და კანონიერად იქნა ცნობილი იმავე პოლიციელების მიერ იმავე დროს ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკა. წარმოიდგინეთ რამხელა ნონსენსია. რაც მნიშვნელოვანია, სასამართლომ პირადი ჩხრეკა არაკანონიერად იმიტომ ცნო, რომ ჩხრეკის ოქმი გაყალბებულია, მნიშვნელოვანი შინაარსია ჩამატებულიო. იმავე პოლიციელებმა რომ ავტომანქანა გაჩხრიკეს, ეს კანონიერი ყოფილა. ბრალის წარდგენის საფუძველი არსებობს. დანარჩენი გამოჩნდება“, - ამბობს სოსო ბაბაევის ინტერესების დამცველი.
ბაბაევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააპელაციო სასამართლო ხელისუფლების გავლენის ქვეშაა და რომ ეს პოლიტიკური პროცესია. ის დაკავების მოლოდინშია.
ის ამბობს, რომ იარაღი "ჩაუდეს", საუბრობს პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე:
„ეს არის უმსგავსო საქციელი მოსამართლის მხრიდან. მე არ მეგონა, თუ სააპელაციო სასამართლოში ასე მოხდებოდა, ასეთი სტრუქტურა მოხვდებოდა გავლენის ქვეშ. ამას მარტო მე არ ვამბობ, ეს ნახა საზოგადოებამ, დაინახა საზოგადოებამ, თუ როგორ დევნიან პოლიტიკური ნიშნით კრიტიკულად მოაზროვნე ხალხს. ანუ კრიტიკულად მოაზროვნე ხმა უნდათ, რომ გააჩუმონ. რუსეთისკენ მიგვაქანებენ და უნდათ რუსული რეჟიმი, რუსული მმართველობა, რუსული რეპრესიები, ეს ფაქტია".
ცნობილია, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს გამოძიება, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.