11-01-2020 12:14:20 მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის განცხადებით, „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდება „ადამიანურმა შეცდომამ“ და „ამერიკის ავანტიურიზმმა“ გამოიწვია. ამის შესახებ ის „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„სამწუხარო დღეა. შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიება და წინასწარი დასკვნა: ადამიანურმა შეცდომამ და ამასთანავე, ამერიკის ავანტიურიზმით გამოწვეულმა კრიზისმა მიგვიყვანა ტრაგედიამდე. ბოდიშს ვუხდით ჩვენს ხალხს, ყველა დაღუპულის ოჯახს, სხვა დაზარალებულ ქვეყნებს და გამოვხატავთ სამძიმარსა და სინანულს“.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა შაბათს დილით აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი „ადამიანური გადაცდომაა“ და რომ ის „შემთხვევით“ მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც თვითმფრინავი „ირანის რევოლუციური გვარდიის“ კუთვნილ „სენსიტიურ ტერიტორიას“ მიუახლოვდა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მომხდართან კავშირში მყოფი პირები პასუხს აგებენ.
„შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ ადამიანური შეცდომიდან გამომდინარე, რაკეტის გაშვებამ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება გრძელდება“,- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მიკრობლოგის საშუალებით.
ირანი სამი დღის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა ვარაუდებს იმის შესახებ, რომ უკრაინული „ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტის სიახლოვეს ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო.
8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი დაიღუპა.