17-06-2024 15:22:59 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა.
„კანონის ინიცირებამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო 0. ამ დასკვნის საშუალებას ჩვენ გვაძლევდა ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან. დღეს ეს შანსი გაზრდილია 20-30%-მდე”. – ამტკიცებს ირაკლი კობახიძე.
პრემიერისგან განსხვავებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ არაერთხელ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მიღებული "აგენტების კანონი" უარყოფითად აისახება ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. ასევე, არაერთხელ მიუთითა, რომ "ჯერ კიდევ არ არის მობილიზებული საკმარისი პოლიტიკური ყურადღება ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად".
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და ევროკავშირის გზაზე მტკიცედ დაბრუნდეს. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ ამისათვის მმართველი ხელისუფლების ძლიერი ერთგულებაა საჭირო", – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპული კომისიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 28 მაისს გაავრცელეს.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ "აგენტების კანონის" მირების გამო "განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს რეაგირებისთვის".
ამავე თემაზე: “რადიო თავისუფლება" განმარატვს, რა ზომებს განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ.