17-06-2024 23:11:23 ციტატა
"როგორც ყველამ ვიცით, ევროკავშირის ელჩები, რომლებიც მთავრობებს წარმოადგენენ, ერთსულოვნად შეთანხმდნენ, რომ ბლოკში უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება. საქართველო ამ სიაში არ არის. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მომავალში ვიხილავთ, მაგრამ ნათელია, რომ ერთადერთი მიზეზი, საქართველო რატომაც არ შევა იმ ქვეყნების სიაში, რომელთანაც გაწევრიანებაზე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს, არის ის, რომ მთავრობამ გაიტანა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონი, რომელიც შეფასდა ევროპული ყველა ინსტიტუტისა და ქვეყნების უმრავლესობის მიერ კოპენჰაგენის კრიტერიუმის უხეშ დარღვევად შეფასდა. საქართველო არღვევს კოპენჰაგენის კრიტერიუმს და იმ დროს, როცა ირღვევა კრიტერიუმი ასეთი კანონების მიღებით, საქართველო არ უნდა ელოდეს, რომ მოწვეული იქნება მოლაპარაკების დასაწყებად", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის: ევროკავშირის ხელმძღვანელობამ არაერთხელ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მიღებული "აგენტების კანონი" უარყოფითად აისახება ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. ასევე, არაერთხელ მიუთითა, რომ "ჯერ კიდევ არ არის მობილიზებული საკმარისი პოლიტიკური ყურადღება ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად".
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და ევროკავშირის გზაზე მტკიცედ დაბრუნდეს. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ ამისათვის მმართველი ხელისუფლების ძლიერი ერთგულებაა საჭირო", – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპული კომისიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 28 მაისს გაავრცელეს.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ "აგენტების კანონის" მიღების გამო "განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს რეაგირებისთვის".
ამავე თემაზე: “რადიო თავისუფლება" განმარატვს, რა ზომებს განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ.