სტანო: "[აგენტების] კანონის" ძალაში შესვლა უკან დახევაა ევროკავშირიდან, ეს არის ფაქტი და არა მოსაზრება"

18-06-2024 10:11:50 ციტატა

"ევროკავშირი იყო ძალიან მკაფიო, რომ ["აგენტების] კანონი" ბლოკის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. კანონის ძალაში შესვლა იწვევს ევროკომისიის მიერ დასახული - ევროკავშირის ლიდერების მიერ კანდიდატის სტატუსისთვის დამტკიცებული ცხრა რეკომენდაციიდან, სულ მცირე, 3-ის უკან დახევას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ეს არის ფაქტი და არა მოსაზრება. კანონის მიღება და შესაძლო კონკრეტული პასუხი ევროკავშირის მხრიდან იქნება შემდგომი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში", – განაცხადა ევროკომისიის პრეს–სპიკერმა პიტერ სტანომ "ფორმულასთან" საუბრისას.

ცნობისთვის: ევროკავშირის ხელმძღვანელობამ არაერთხელ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მიღებული "აგენტების კანონი" უარყოფითად აისახება ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. ასევე, არაერთხელ მიუთითა, რომ "ჯერ კიდევ არ არის მობილიზებული საკმარისი პოლიტიკური ყურადღება ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად".

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და ევროკავშირის გზაზე მტკიცედ დაბრუნდეს. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ ამისათვის მმართველი ხელისუფლების ძლიერი ერთგულებაა საჭირო", – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპული კომისიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 28 მაისს გაავრცელეს.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ "აგენტების კანონის" მიღების გამო "განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს რეაგირებისთვის".

ამავე თემაზე: “რადიო თავისუფლება" განმარატვს, რა ზომებს განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები