ელჩი – ანაკლიის პროექტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარებაზე: რატომ უნდა გააღრმავო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც თქვენს ოკუპანტს აფინანსებს?!

18-06-2024 18:24:01 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ ანაკლიასთან დაკავშირებით ბევრი შეშფოთება არსებობს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარების გამო ჩნდება რამდენიმე კითხვა.

"რაც შეეხება ანაკლიას, CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთის კომუნისტური პარტია, არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს. ეს ერთი კითხვაა. შემდეგი კითხვაა მოცემული კომპანიის ხარისხისა და სტანდარტების შესახებ, CCCC-ს არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალურად. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია. არ ვიცი, წაგიკითხავთ თუ არა ამის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ, ჩინეთის მთავრობამ შეძლო შრი-ლანკის მიწაზე 99 წლიანი იჯარის უზრუნველყოფა და მისი გემები, სამხედრო გემები, შეძლებენ შესვლას და გასვლას. ასე რომ, არსებობს კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ შრი-ლანკამ დათმო თავის სუვერენიტეტი და ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა. შეერთებული შტატების ხაზინამ დაადგინა, რომ ეს კომპანია არის კომპანია, რომელიც შედის კომპანიების სიაში, რომლებსაც აქვთ ღრმა კავშირები კომუნისტური პარტიის სამხედროებთან. ასე რომ, ბევრი შეშფოთება არსებობს ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა. მაგრამ მე უბრალოდ ვიმეორებ ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც გლობალურად არსებობს ამ კონკრეტული კომპანიის შესახებ", – განაცხადა ელჩმა.

იხილეთ ასევე: ჩინეთი საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ არამეგობრულ ნაბიჯებზე დუმილს ამჯობინებს

ცნობისთვის: მანამდე, ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარების გამო საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა.

როგორც "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა, "ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განსახორციელებლად შერჩეული ჩინური კომპანია CCCC (China Communications Construction Company Limited) აშშ-ის მთავრობის მიერ სანქცირებულ სამხედრო და სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, ასევე იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაშია მხილებული, რის გამოც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა 2021 წელს იგი ე.წ “Entity List”–ში* შეიყვანა".

"ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ შენდება ინფრასტრუქტურა და ვინ აშენებს მას. საქართველოს გლობალურ ბაზრებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერება კარგია, მაგრამ ამ კომპანიას არც ერთის გამოცდილება აქვს, არც მეორესი.

მისი ერთ-ერთი წინა პროექტი, ანაკლიის მსგავსად, დაიწყო საჯარო-კერძო პარტნიორობით, მაგრამ შედეგად ჩინეთმა მიიღო 99-წლიანი იჯარა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, შემდგომში კი ჩინური "კვლევითი ხომალდების" ვიზიტები, რამაც მთელი რეგიონის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. შრი-ლანკაში, ჰამბანტოტაში მდებარე ეს პორტი ამჟამად სამარცხვინოა ჩინეთისა და მასპინძელი შლი-ლანკის სარგებლის უთანასწორობის თვალსაზრისით.

გარდა ამისა, ხსენებულ კომპანიას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც. კერძოდ, 2009 წელს მსოფლიო ბანკმა CCCC–ის დაფინანსებით გზებისა და ხიდების მშენებლობის პროექტები თაღლითობის გამოვლენის გამო დაბლოკა.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში სატენდერო პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, პროექტი სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს და ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემით განხორციელდება. შეერთებული შტატები მზად არის, იმუშავოს საქართველოს მთავრობასთან იმის უზრუნვესაყოფად, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებამ ქვეყნის მოსახლეობას სიკეთე მოუტანოს, თავიდან იქნას აცილებული არამდგრადი ვალი, დაცული იყოს მუშახელის უფლებები, ისევე, როგორც გარემოზე ზემოქმედების სტანდარტები, ამასთანავე, საფრთხე არ დაემუქროს საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ან ქვეყნის ევროატლანტიკური პარტნიორების უსაფრთხოებას", – განუცხადა "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა 1 ივნისს.

  • 29 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ჩინური კომპანია ააშენებს:

"2023 წლის სექტემბრისთვის უკვე შერჩეული გვყავდა ორი კვალიფიციური კომპანია – ჩინური კონსორციუმი და "თიაიელი" – ლუქსემბურგული კომპანია. ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა დეტალური წინადადებების მიღების პროცესზე. [...] ორივე პრეტენდენტთან გვქონდა დეტალური კონსულტაციები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან, ამ შემთხვევაში აპლიკაცია სრულყოფილია, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები, აქედან გამომდინარე უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც გამოვაცხადებთ გამარჯვებულად ჩინურ კონსორციუმს და დავიწყებთ უკვე მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ".

30 მაისს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება".

2020 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ აღნიშნა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან, მისი ცნობით, კონსორციუმმა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პირველი კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის ინფორმაციით, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება.

*ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, ამერიკული კომპანიები ამავე დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროდან საჭიროებენ ლიცენზიას გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის, სოფტვერის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე, თუ მათ სურთ ტრანზაქციების განხორციელება ე.წ “Entity List”ში მითითებულ კომპანიებთან.

ამავე თემაზე: ჩინეთი საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ არამეგობრულ ნაბიჯებზე დუმილს ამჯობინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები