Accentnews.ge
პარლამენტმა ინიციატივა ჩააგდო: რა სამოქმედო გეგმა აქვს მაჩალიკაშვილს

პარლამენტმა ინიციატივა ჩააგდო: რა სამოქმედო გეგმა აქვს მაჩალიკაშვილს

29/05/2019 12:50:50 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

პარლამენტმა 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის 

ძირითად არსს წარმოადგენდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება. პროექტის ინიციატორთა შეფასებით, იკვეთება სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლის შედეგადაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა. 

საბოლოოდ პროექტს მხარი მხოლოდ 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა. მის წინააღმდეგ პარლამენტის სამმა წევრმა მისცა და პროექტი კენჭისყრის ამ შედეგით ჩავარდა. 

მიუხედავად გადაწყვეტილებისა, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი  ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს და აცხადებს, რომ შემდეგი ეტაპი იქნება სტრასბურგი და აქციები.

მისი შეფასებით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი აჩვენებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ეშინია სიმართლის დადგენის:

„მე ვიცოდი, რომ არ შეიქმნებოდა კომისია. ​მქონდა უკანასკნელი იმედი, რომ შექმნიდნენ ამ კომისიას და გაარკვევდნენ ყველაფერს, მაგრამ მათ ასეთ ჩათვალეს, რომ ვითომ გამოძიება მიმდინარეობს და პარლამენტის მიერ გამოსაძიებელი არაფერია.

გამოძიება წელიწადნახევარია უკვე მიმდინარეობს. ეს მიგვანიშნებს, რომ საქმეს აჭიანურებენ, რომ როგორმე ეს ბინძური ტყავი მიიტანონ 2020 წლის არჩევნებამდე და თემირლანის საქმეზე რეალობა არ გაირკვეს.

კომისიიის შექმნაზე უარი რომ თქვეს, ჩემთვის ესეც მისაღებია, ესეც მჭირდებოდა.. როგორც კომისიის შექმნა მჭირდებოდა ისე მჭირდებოდა ეს უარი. ეს მაძლევს იმას, რომ ამათმა მთელ საზოგადოებას უთხრეს, რომ ჩვენ გვეშინია კომიიის შექმნისო. უმრავლესობიდან კაციშვილი მხარს არ დაუჭერდა ვიცოდი, რადგან ამას მხარს არ უჭერს ივანიშვილი.

ჩემ შემდგომ ბრძოლის ნაბიჯებს რაც შეეხება, შემდეგი ეტაპი არის სტრასბურგი, აქციები და პროტესტი ჩემ ხალხთან ერთად. ახლა ევროპაშიც მუშაობს ჩეჩნური დიასპორა და ქართული დიასპორა და ეს მიიღებს ისეთ ხასიათს, რომ მეტიც არ შეიძლება, აუცილებლად იქნება აქციები“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის: უკვე რამდენიმე თვეა, მაჩალიკაშვილი პარლამენტთან საკუთარი ვაჟის – თემირლანის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით აქციას მართავს. 

თემირლანი პანკისში ჩატარებული სპეც–ოპერაციისას სასიკვდილოდ დაიჭრა. სუს–ის მტკიცებით, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ოჯახის ცნობით კი ოპერაციისას თემირლანს უბრალოდ ეძინა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S