
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 17-19 ივნისი
21/06/2024 07:40:19 კონფლიქტები
რუსეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ 26 მაისს გაკეთებულ განცხადებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ამჯერად საპასუხო კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა გააკეთა. რუსული გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა”-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მან აღნიშნა, რომ სოხუმისა და ცხინვალის რეაგირება ამ განცხადებაზე „თავის თავზე მეტყველებს“. „აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა თავიანთი სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს მას შემდეგ გააკეთეს, რაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი შეეცადა, ერთ-ერთი რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში ძალით დაებრუნებინა და მეორესაც მსგავსი ქმედებებით დაემუქრა“, - განაცხადა გალუზინმა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ „დანაშაულებრივი ავანტიურიდან“ გაკვეთილი ისწავლა და ამჟამად მიზნად ისახავს "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის" მშვიდობიანი გზით დაბრუნებას. ამ კონტექსტში, რუსმა დიპლომატმა საქართველოს „რეინტეგრაციის“ პროგრამები ახსენა, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება 2018 წლის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გაამახვილა. მან აქვე აღნიშნა, რომ აფხაზებმა და ოსებმა არაერთხელ გამოხატეს უარყოფითი დამოკიდებულება მათი სუვერენული სტატუსის „შელახვის“ მცდელობების მიმართ, აღნიშნავდნენ რა, რომ ერთადერთი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მათი დამოუკიდებლობის აღიარება იქნებოდა“.
„ჩვენი მხრივ, მიგვაჩნია, რომ სოხუმი-თბილისი-ცხინვალის „სამკუთხედში“ ნორმალიზების წინაპირობები მას შემდეგ გაჩნდება, რაც საქართველო გააცნობიერებს არსებულ რეალიებს და მზად იქნება რესპუბლიკებთან ურთიერთობები თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე დაამყაროს“, – განაცხადა გალუზინმა და დასძინა, რომ საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის „ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების“ ხელმოწერა და „საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტა შემდგომ დემარკაციასთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ამ საკითხების გადაწყვეტის მიზნით და ხაზი გაუსვა აღნიშნული ფორმატის „აქტივიზაციის“ საჭიროებას.
აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი გერმანიაში ვოლფგანგ მაცკე ბერლინის, ბრანდენბურგის, საქსონიისა და მეკლენბურგის პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებს შეხვდა. ღონისძიება გერმანიის ქალაქ პოტსდამში გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მაცკემ დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოხუმის აეროპორტის მოსალოდნელ ამოქმედებაზე, სწრაფად განვითარებად სამშენებლო ინდუსტრიაზე, საკურორტო სეზონის გახსნასა და სხვა პროექტებზე, რომელთა განხორციელება რუსული ინვესტიციებით ახლო მომავალში იგეგმება.
აფხაზური მედიის ცნობით, სტუმრებმა მიღებული ინფორმაციის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანი უკვე ნამყოფია აფხაზეთში ვოლფგანგ მაცკეს მიერ ორგანიზებული ბიზნეს-დელეგაციების ფარგლებში.
აფხაზეთში ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება დაინერგება
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვამბა სამუშაო შეხვედრა გამართა „კავშირგაბმულობის, კომუნიკაციებისა და ციფრული განვითარების სახელმწიფო კომიტეტის“ თავმჯდომარესთან როლანდ ბერულავასთან. შეხვედრის მთავარ თემას დე ფაქტო მთავრობის მიერ „სახელმწიფო საინფორმაციო რესურსებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების, შენახვის, გამოყენებისა და დაცვის ერთიანი სისტემის შექმნის“ პროგრამის განხორციელების განხილვა წარმოადგენდა. პროგრამა 2025 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ერთი ფანჯრის პრინციპით „სახელმწიფო“ სერვისების დანერგვა, რუსეთში მოქმედი მრავალფუნქციური ცენტრების მსგავსად.
როლანდ ბერულავას განცხადებით, დასასრულს უახლოვდება სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები იმ შენობაში, სადაც მონაცემთა დამუშავების ცენტრი განთავსდება. ცენტრის შექმნის პროექტს აფხაზური კომპანია ახორციელებს, რომელიც ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა.
თავის მხრივ, ალექსანდრ ანქვაბმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის მნიშვნელობას და „კავშირგაბმულობის სახელმწიფო კომიტეტის“ თავმჯდომარეს დაავალა, პროგრამის დროულ რეალიზებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს.
აფხაზეთში პატიმრის წინააღმდეგ სასტიკი ანგარიშსწორების კადრები გავრცელდა
აფხაზურ სოციალურ ქსელში მასიურად გავრცელდა აფხაზი მილიციელის მხრიდან დაკავებული პირის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი, რამაც ადგილობრივი საზოგადოების უკიდურესი შეშფოთება გამოიწვია. გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, როგორ უსწორდება სოხუმის მილიციის თანამშრომელი, მანჩო კიახბა პატიმარს, ხოლო დანარჩენი მილიციელები ცემის ფაქტს რეაგირების გარეშე უყურებენ.
ვიდეო-ჩანაწერის გავრცელებას მყისიერად გამოეხმაურა დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისი განცხადებით, შემთხვევას 2024 წლის თებერვალში ჰქონდა ადგილი და მასთან დაკავშირებით დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა გამოძიების ჩატარება და დამნაშავეებისთვის სასჯელის განსაზღვრის, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ბრძანება გასცა. აღსანიშნავია, რომ თავად დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, ძალადობაში მონაწილე პირებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.
„შემოწმების შედეგად, ერთი პირი გათავისუფლებულ იქნა შინაგან საქმეთა სტრუქტურიდან... დანარჩენებმა, ვინც სამსახურში დარჩა, მიიღეს გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის თაობაზე. მილიციის განყოფილების უფროსს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა პირადი შემადგენლობის არასათანადო კონტროლის გამო“, - განმარტეს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში.