ბორელმა ჩამოთვალა რამდენიმე ზომა, რასაც იგი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებს საქართველოს მთავრობის ქმედებებზე საპასუხოდ შესთავაზებს

24-06-2024 11:39:58 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ჩამოთვალა რამდენიმე ზომა, რასაც იგი დღეს ბლოკის წევრი ქვეყნების მინისტრებს შესთავაზებს, როგორც მოკლევადიან ზომებს საქართველოს მთავრობის ქმედებებზე საპასუხოდ.

მისი თქმით, დღეს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ:

"დღეს გაიმართება საორიენტაციო დებატები საქართველოზე. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს არ ელოდოთ, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს ზომები, რომლებიც შეიძლება, იქნას მიღებული, მაგალითად, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება".

მანამდე, მან აღნიშნა, რომ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე გზით სიარულს, რაც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი დაიხურება.

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს 25 ივნისს ოფიციალურად დაიწყებს. რაც შეეხება საქართველოს, ბლოკისა და ქვეყნის ურთიერთობა გააუარესა „აგენტების კანონის“ მიღების ფაქტმა, რაც ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებით, აშორებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები