რა მოხდა გარეჯში: შეიარაღებული ინციდენტის დეტალები

15-01-2020 12:03:01 საზოგადოება ,სამართალი

14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე გ.ი. საქართველო–აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთში იმყოფებოდა მოქალაქე გ.ი., რომელმაც იარაღის გამოყენებით აიძულა ქართველი მესაზრვრე, გადაადგილებრულიყო ორ ქვეყანას შორის არსებული საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით.

როგორც ცნობილი ხდება, ინციდენტი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 13:00 საათისთვის მოხდა. როგორც გიდი ზვიად ანანიაშვილი ყვება, მოქალაქე გიორგი იჩუკაიძემ სცადა, ასულიყო ჩიჩხიტურის მონასტერთან, რომელიც საზღვრის დაუდგენელ მონაკვეთზე მდებარეობს. ტერიტორიას აკონტროლებენ ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. უარის მიღების შემდეგ, შსს–ს ცნობით, მძევლად აიყვანა ქართველი მესაზღვრე. დაფიქსირდა რამდენიმე გასროლა მოქალაქის მხრიდან, რასაც აზერბაიჯანული მხრიდანაც მოჰყვა საპასუხო გასროლა, სწორედ ამ დროს მოხდა მოქალაქის განეიტრალება ქართველი მესაზღვრეების მიერ.

„გუშინ მოქალაქემ სცადა ჩიჩხიტურის მონასტერთან ასვლა, რომელიც ძალიან დიდი ხანია, დაკეტილია და არავის უშვებენ. უარის მიღების შემდეგ ძალადობრივ ხერხებს მიმართა: ამბობენ, იარაღი და ხელყუმბარა ჰქონდაო. მესაზღვრეები ყვებოდნენ, ხელყუმბარა გახსნაო და მუქარის ძალით წაიყვანა [მესაზღვრე] ჩიჩხიტურისკენ. როგორც ვიცი, ბოლომდე, ქედამდე არ ასულან. რაღაც მომენტი ნახეს მესაზღვრეებმა სამოქმედოდ, აართვეს ხელყუმბარა და გადააგდეს. რა თქმა უნდა, ინციდენტი აკრძალვამ გამოიწვია. რომ არ ყოფილიყო ეს აკრძალვა, არც ეს ადამიანი ავიდოდა ხო? სანამ ჩაკეტვა მოხდებოდა, არანაირი კონფლიქტური სიტუაცია არაა დაფიქსირებული. 14 ივლისსაც იყო ინციდენტი, მოქალაქეები გადმოვიდნენ, თუმცა პროტესტი იარაღის გარეშე დაფიქსირდა, ახლა უარესი მოხდა. ანუ პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც გაურკვეველი სიტუაცია ჩამოყალიბდა: ვერ გადადიხარ, არც იცი, რატომ ვერ გადადიხარ და ა.შ.“,– ყვება ზვიად ანანიაშვილი.

ცნობისთვის: სსრკ-ის დაშლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღემდე ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილია განსაზღვრული. პროცესი ძირითადად მე–6 საუკუნის ქართული კულტურული ძეგლის – დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი მონაკვეთის გამო შეფერხდა: კელიების ნაწილი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

დავით-გარეჯის თემა 2012 წლის შემდეგ მღელვარების საგნად 2019 წლის 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამ მღელვარების ფონზე შეიქმნა ზემოთხსენებული კომისია, რომელსაც ქართული მხრიდან დარსალია ხელმძღვანელობს. კომისიამ რამდენიმე შეხვედრა გამართა, კომისიის წევრები იმყოფებოდნე გარეჯშიც. თავად კომისიის შექმნასა და გარეჯთან ვითარების დაძაბვას წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ბაქოში გაკეთებული განცხადება, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრები უნდა დადგინდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები