28-06-2024 12:06:53 პოლიტიკა
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი "ამერიკის ხმას" უდასტურებს, რომ NATO-ს საიუბილეო სამიტზე დასასწრებად, ვაშინგტონიდან თბილისში ოფიციალური მოსაწვევი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გაიგზავნა.
"არიან თუ არა, სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრერმიერი, ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, ვაშინგტონში მოწვეული?", - ამ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი "ამერიკის ხმას" წერს:
"პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად".
კითხვაზე, მიიღო თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალური თბილისისგან დასტური, რომ სამიტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრება, მილერი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხს უნდა მოუსმინოს და ქვეყანა "ევროატლანტიკურ გზაზე" დააბრუნოს:
"საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ მიმართოთ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული".
რაც შეეხება კითხვას, "იგეგმება თუ არა ქართველ ოფიციალურ პირებთან, NATO-ს სამიტის მიღმა შეხვედრები", მილერმა შემდეგი განაცხადა:
"ბაიდენის ადმინისტრაცია ერთგულია იმის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში ნატოს კარის გახსნილობა ასპირანტი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი მზად იქნებიან და შეძლებენ შეასრულონ წევრობის ვალდებულებები".
NATO-ს საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.
ამავე თემაზე: ირაკლი კობახიძე: საქართველო NATO-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი.