
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 20-23 ივნისი
28/06/2024 07:25:58 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
23 ივნისის საღამოს, გაგრაში, ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვართან, დაუდგენელმა პირებმა გზაზე მიმავალ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ. სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო. ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული სხვადასხვა ხარისხის ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერ კიუტის თანახმად, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელები „აფხაზეთის მოქალაქეები“ არიან.
ინციდენტს მყისიერად გამოეხმაურა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა. მან განაცხადა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო" ახორციელებს ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებს, დამნაშავე პირების ვინაობა უკვე ცნობილია და ისინი სათანადოდ დაისჯებიან. მისივე თქმით, აფხაზეთში მყოფ ტურისტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. „მომხდარი ინციდენტი, ბუნებრივია, ყველას გვაშფოთებს. ყოფით ნიადაგზე არსებულმა კონფლიქტმა ასეთი სამწუხარო შედეგი გამოიწვია“, - დასძინა შამბამ.
როგორც გაგრის რაიონულ პროკურატურაში აცხადებენ, სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით. გავრცელებული ინფორმაციით, სროლაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი უკვე დაკავებულია, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები კიდევ სამი პირის დასაკავებლად.
აღსანიშნავია, რომ 23 ივნისს სროლა ასევე მოხდა ახალ ათონში, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. ინციდენტის დეტალები ამ დრომდე უცნობია.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე მოსკოვში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ოდისეი ბიგვავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიხაილ გალუზინს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველმა“ კონსტანტინ კოჩიევმა.
შეხვედრა ტრადიციულად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, მონაწილეებმა დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების საკითხზე პროგრესის მიღწევის საჭიროებასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 61-ე რაუნდი 2024 წლის 25-26 ივნისს გაიმართება.
ტურიზმის სფეროში ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებთან შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტურისტული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა აფხაზეთში აკრედიტაციის არმქონე უცხოელი გიდების უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.
შესაძლო „საკანონმდებლო“ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა ასევე გაიმართა დე ფაქტო ტურიზმის მინისტრს თეიმურაზ ხიშბასა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ადგურ არძინბას შორის. შეხვედრაზე არძინბამ განაცხადა, რომ მიუღებელია ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც აფხაზი ხალხის უფლებებს და ინტერესებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, მან შეშფოთება გამოთქვა უკანონოდ მომუშავე გიდების საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც ექსკურსიების დროს აფხაზეთის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებულ ფაქტებს შეგნებულად ამახინჯებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პასუხად დე ფაქტო მინისტრმა ოპოზიციის ლიდერს სოლიდარობა გამოუცხადა და დასძინა, რომ „ტურიზმის სამინისტრო“ მხოლოდ „კანონმდებლობით“ მოქმედებს და მომავალშიც განაგრძობს აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესების დაცვას.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით აფხაზურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია „ტურიზმის მინისტრის“ გადადგომის თაობაზე.
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დმიტრი ვოლვაჩის აფხაზეთში ვიზიტის შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა ტურიზმის სფეროში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმად რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში გიდებად ლეგალურად მუშაობის უფლება მიეცემათ. აღნიშნულმა ინფორმაციამ აფხაზური საექსკურსიო სააგენტოების შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ისინი ფიქრობენ, რომ რუსულ კომპანიებს კონკურენციას ვერ გაუწევენ და შემოსავლის მთავარ წყაროს დაკარგავენ.
„რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების გადატვირთვა“
ამ სათაურით ერთ-ერთ აფხაზურ ტელეგრამ-არხზე ანალიტიკური მოსაზრება გავრცელდა, რომელშიც ავტორი მოსკოვსა და სოხუმს შორის არსებულ ურთიერთობებში გაჩენილ პრობლემებზე მსჯელობს. იგი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მისამართით რუსეთის „ელჩის“ მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, აფხაზეთში რუსი გიდების მუშაობის ლეგალიზების თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ და სხვა საკითხებმა ნეგატიური ფონი შექმნა, რაც მეგობრულ ურთიერთობებს სულაც არ ჰგავს. მოსაზრებაში ნათქვამია, რომ რუსეთი, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მისი უსაფრთხოება უზრუნველყო და სოციალურ-ეკონომიკური კუთხით მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა, უკმაყოფილოა „უთანასწორო“ ურთიერთობებით და სოხუმისგან მეტ შემხვედრ ნაბიჯს ელის.
„მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს საზოგადოების განწყობები აფხაზეთში. რუსეთზე სრული დამოკიდებულებისა და მოსახლეობის ფაქტობრივი რუსიფიკაციის მიუხედავად, რესპუბლიკაში რუსებს ქედმაღლურად უყურებენ და დიდი მეზობლის მიმართ გამომწვევად იქცევიან. ამას გრძნობენ რუსი ტურისტები, დიპლომატები და ოფიციალური პირები“, - აცხადებს პოსტის ავტორი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთს უკვე აღიზიანებს სოხუმის გზავნილები და სწორედ ამით არის გამოწვეული იდეა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. პოსტის ავტორი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით მოსკოვი, ერთი მხრივ, „დიდი თავსატკივარს“ მოიშორებს, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიერებს საკუთარ გავლენას სამხრეთ კავკასიაში.
ავტორის მოსაზრებით, ერთადერთი, რაც ამ ვითარებაში აფხაზეთს შეუძლია, არის მდგომარეობის სწორად შეფასება და რუსეთსა და მთელ მსოფლიოსთან ურთიერთობის გადატვირთვა. „კაპიტულანტური ხელმოწერებისა და ველური თავდასხმების ნაცვლად, საჭიროა წითელი ხაზების, შესაძლო დათმობების (რაც გარდაუვალი იქნება) და პრიორიტეტული თანამშრომლობის განსაზღვრა. პარალელურად, საჭიროა ისეთი ეკონომიკის შექმნა, რომელიც არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ ტურისტებზე. და რა თქმა უნდა, აუცილებელია საზოგადოების წაყვანა ეთნიკური უპირატესობის იდეიდან ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მიმართულებით“, - აცხადებს პოსტის ავტორი.
აღნიშნულ პოსტს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ტელეგრამ-არხი ანტიაფხაზური და პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. „მცდარი და დამახინჯებული ფაქტების გავრცელებით, ზემოაღნიშნული არხის რედაქტორებმა მოახდინეს საკუთარი თავისა და პლატფორმის სრული დისკრედიტაცია. ასეთი ტელეგრამ-არხები რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენებასა და ნეგატიური ფონის შექმნას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ სპეკულაციები რუსეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარების შესაძლო გაწვევასთან დაკავშირებით რეალობას არ შეესაბამება, რაც ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმაც დაადასტურა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მსგავსი „არაკეთილსინდისიერი პროვოკაციები“ ვერ მოახდენს გავლენას სოხუმსა და მოსკოვს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, რომლებიც სტრატეგიულ მოკავშირეობას ეფუძნება და თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს. უწყებამ მედია-საშუალებებს მოუწოდა, ფრთხილად მოეკიდონ ისეთ საინფორმაციო რესურსებს, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებს ყალბ, მცდარ და დამახინჯებულ ინფორმაციას აფხაზეთსა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების თაობაზე. „მსგავსი არხები ქმნიან არაჯანსაღ საინფორმაციო ფონს, ანტიაფხაზურ ხასიათს ატარებენ და აფხაზეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის სანდო წყაროდ მათი გამოყენება არ უნდა ხდებოდეს“, - ხაზგასმულია განცხადებაში.
ყოფილმა დე ფაქტო სახალხო დამცველმა „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას ღია წერილით მიმართა
მიმართვის მიზეზი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ შევიწროება და სხვა შემზღუდავი ზომები გახდა, რომლებსაც დე ფაქტო სტრუქტურები - პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემოსავლების სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებენ. ყოფილმა ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმა დე ფაქტო პრეზიდენტს მოსთხოვა, შეწყვიტოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაცია, ასევე იმ სამოქალაქო აქტივისტების დევნა, რომლებიც აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის საზიანო პოლიტიკას აკრიტიკებენ.
„ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ მხარს უჭერთ და პირადად აწარმოებთ კამპანიას აფხაზეთში პატივსაცემი ადამიანების დისკრედიტაციის მიზნით. ამაზე საუბრობენ ისინი, ვინც იძულებულია, შეასრულოს თქვენი და სხვა მაღალჩინოსნების დირექტივები აქტიური მოქალაქეების, აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის მხარდამჭერი პატიოსანი ადამიანების ცილისწამების მიზნით. ამაზე ასევე მეტყველებს სხვადასხვა ინტერვიუ და გადაცემა, მათ შორის თქვენი მონაწილეობით, რომელშიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა წარმოჩენილია როგორც აფხაზეთის ინტერესებისთვის საშიში. შემაშფოთებელია ჩვენ წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური ინფორმაციის კასკადი, რომელიც უხეშად ამახინჯებს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების საქმიანობის არსს“, - ამ სიტყვებით მიმართა ასიდა შაკრილმა დე ფაქტო ლიდერს.
ყოფილმა დე ფაქტო ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო ორგანიზაციები ხშირად ხდებიან უსაფუძვლო ფინანსური შემოწმების ობიექტები, მაშინ როდესაც თავად დე ფაქტო სტრუქტურები, მათ შორის „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ ხარჯების გაუმჭვირვალობა მოსახლეობას უკვე დიდი ხანია აწუხებს. მისი თქმით, აფხაზეთში არსებული სიღარიბის ფონზე, მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ფლანგავენ გადამხდელების ფულს ხალხმრავალ და ხშირად უსარგებლო მივლინებებზე, მდიდრულ მიღებებზე, ძვირადღირებულ ავტომობილებზე, სამუშაო ოთახების მოწყობაზე და ა.შ. ამავე კონტექსტში მან ხაზი გაუსვა, რომ მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები აფხაზეთის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პროექტებს არა „სახელმწიფო“ ბიუჯეტის ხარჯზე, არამედ საერთაშორისო დაფინანსებით ახორციელებენ.
საკუთარ მიმართვაში ასიდა შაკრილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მიმართული ბრძოლა მიმდინარეობს ფაქტების გაყალბებით, ინფორმაციის დამახინჯებისა და სხვა ბინძური მანიპულაციებით, რაც ხდება ადმინისტრაციული რესურსის მნიშვნელოვანი გამოყენებით, მათ შორის „სახელმწიფო“ ტელევიზიის საშუალებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია.
„მიმაჩნია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების ძალისხმევა არა კორუფციონერებსა და ნამდვილ დამნაშავეებთან ბრძოლის, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ კამპანიისკენ არის მიმართული... დღეს უკვე ცხადია, რომ თქვენ არ გქონდათ კორუფციასა და უკანონო ჩრდილოვან საქმიანობასთან ბრძოლის მიზანი, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვნად აზიანებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მსვლელობას მისცემდით დამადანაშაულებელი ფაქტებისა და მტკიცებულებების ამსახველ ასობით საქმეს... მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ტელევიზიით არასამთავრობო ორგანიზაციების ცილისწამება და მათი „შემოწმება“ არის პოლიტიკური დავალება, რომლის მთავარი დამკვეთი ხართ თქვენ, ასლან გეორგიევიჩ ბჟანია, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. თქვენი ქმედებები ემსახურება მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებას, რომელსაც პირადი ინტერესებისთვის იყენებთ. ეჭვი არ მეპარება, რომ სწორედ ამ მიზნით ჯიუტად ცდილობთ, მოსახლეობას თავს მოახვიოთ ე.წ. უცხოური აგენტების კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება... ადრე თუ გვიან, ეს სიცრუე, რომელშიც ხელისუფლებაა ჩაფლული, გამოაშკარავდება და ყველა, ვინც ამ არაკეთილსინდისიერ დევნაში მონაწილეობს, აუცილებლად აგებს პასუხს“, - ნათქვამია მიმართვაში.