Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 24-26 ივნისი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 24-26 ივნისი

28/06/2024 15:38:47 კონფლიქტები

აფხაზეთის “პარლამენტში” საექსკურსიო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს

დე ფაქტო პარლამენტში „ეკონომიკური პოლიტიკის, რეფორმებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტის“ სხდომა გაიმართა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ტურიზმის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და მასში შესაძლო ცვლილებების შეტანა. ე.წ. დეპუტატების გარდა, სხდომაში მონაწილეობა მიიღეს „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ უფროსმა აბესალომ კვარჩიამ, „ეკონომიკის მინისტრმა“ კრისტინა ოზგანმა, „ტურიზმის მინისტრის მოადგილეებმა“ დმიტრი ზანთარიამ და ასტამურ ბარციცმა, ასევე ტურიზმის სფეროსა და გიდების პროფკავშირის წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა ტურიზმის სფეროში რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის მსგავსებებსა და განსხვავებულ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რუსეთის მხარეს აქვს პოზიცია, რომ აფხაზეთში მოქმედი რეგულაციები „პარტნიორულ ურთიერთობებს“ არ პასუხობს. კრისტინა ოზგანის განმარტებით, 2022 წელს რუსეთში მიღებული საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საექსკურსიო საქმიანობის უფლება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს ეძლევა. მსგავსი ნორმა მიღებულ იქნა აფხაზეთშიც, რომელიც საექსკურსიო საქმიანობის უფლებას მხოლოდ აფხაზეთის „მოქალაქეებს“ ანიჭებს. „რუსული და ჩვენი კანონი მსგავსია, თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. აფხაზეთის მოქალაქეების უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია, შესაბამისად, რუსეთის კანონმდებლობაში არსებული შეზღუდვა მათზე არ ვრცელდება. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ რუსეთში შესაბამისი ატესტაციის გავლის უფლება, თუმცა მუშაობა მხოლოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შეუძლიათ... რუსეთთან ურთიერთობებში არასამართლიანი მიდგომა გამოდის“, - განაცხადა ოზგანმა.

დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის თქმით, თავდაპირველად განიხილებოდა აფხაზეთის „კანონმდებლობაში“ შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რაც ამ ეტაპზე დღის წესრიგში აღარ დგას, თუმცა რუსეთის მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება ორმხრივი „შეთანხმების“ გაფორმებით უნდა მოხდეს. „იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებსაც ეხება, გიდების პროფკავშირს შეთანხმების პროექტის შემუშავებას ვთავაზობთ. პროექტი ჯერ არ არსებობს და მისი შემუშავება ჯერ არ დაწყებულა. ახლა სწორედ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით და მოგიწოდებთ, ერთად შევიმუშაოთ ის მიდგომები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვის შესაძლებლობას მოგვცემს“, - დასძინა მან.

გიდების პროფკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების მოხსნის ინიციატივას არ დაეთანხმა. პროფკავშირის ხელმძღვანელის დმიტრი აკუციას განცხადებით, ის აფხაზი გიდების უმუშევრად დატოვებას გამოიწვევს. ამავდროულად, პროფკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს რუსი გიდების მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც ექსკურსიების ჩასატარებლად საჭიროებისამებრ აფხაზი გიდების მოძიებაში დაეხმარება, ასევე აფხაზეთში ლეგალურად მუშაობის მსურველებს იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს.

ტურიზმის სექტორის გარდა, მოსალოდნელ ცვლილებებს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეების ნაწილი. თავად დე ფაქტო პარლამენტშიც არ არსებობს ერთიანი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, სხდომაზე ე.წ. დეპუტატმა დაუთ ხუტაბამ აღნიშნა, რომ იცის სამომავლო შეთანხმების ძირითადი ელემენტები და მას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თავად „პარლამენტის თავმჯდომარემ“ ლაშა აშუბამაც განაცხადა, რომ შეთანხმების შემუშავებისას ამოსავალი წერტილი უნდა იყოს აფხაზი ხალხის ინტერესი, წინააღმდეგ შემთხვევაში „პარლამენტი“ მის რატიფიცირებაზე უარს იტყვის. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები რუსეთთან უნდა გაგრძელდეს და საჭიროების შემთხვევაში, განხილულ იქნას ალტერნატიული წინადადებები, როგორიც მაგალითად არის ერთობლივი რუსულ-აფხაზური ტურისტული კომპანიების დაარსება.

აღსანიშნავია, რომ განხილვას არ ესწრებოდა დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა, რომელმაც მანამდე ამ საკითხზე ოპოზიციას სოლიდარობა გამოუცხადა და აფხაზი ხალხის ინტერესის დაცვისთვის მზადყოფნა გამოთქვა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია მისი მოსალოდნელი გადადგომის შესახებ „ტურიზმის სამინისტრომ“ დაადასტურა. კერძოდ, „სამინისტროში“ განაცხადეს, რომ თეიმურაზ ხიშბამ საკუთარი გადაწყვეტილებით განცხადება დაწერა, თუმცა ის ჯერჯერობით დაკმაყოფილებული არ არის. „ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და აფხაზეთის სხვა დაინტერესებული მოქალაქეები არ ეთანხმებიან მინისტრის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ და სრულად ემხრობიან მის პოზიციას ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე“, - აღნიშნულია “სამინისტროს“ კომენტარში.

საინტერესოა, რომ თეიმურაზ ხიშბას გადადგომასთან დაკავშირებით რამდენიმე ტურისტულმა კომპანიამ ოფიციალური წერილი გაუგზავნა აფხაზეთის ლიდერს ასლან ბჟანიას, რომელშიც ტურიზმის „მინისტრის“ საქმიანობა ძალზე დადებითად შეაფასა. ამასთან, მათ ბჟანიას მიმართეს თხოვნით, ხიშბას განცხადება გადადგომის თაობაზე არ დააკმაყოფილოს და დაადგინოს მისი გადაწყვეტილების მიზეზი.

გალის რაიონში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლობა იხსნება

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება გალში წარმომადგენლობას და ახალგაზრდულ კლუბს გახსნის. აღნიშნული გადაწყვეტილება საპრეზიდენტო ლიცეუმი „სირიუსის“ დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის დროს იქნა მიღებული.

"ისინი [ლიცეუმის წარმომადგენლები] გაკვირვებულები არიან იმ ფაქტით, რომ გალის რაიონის ახალგაზრდების დიდი ნაწილი რუსეთში სწავლის გაგრძელებას საერთოდ არ განიხილავს და საქართველოში მიდის. ეს არის პრობლემა, რომელსაც უკვე მრავალი წელია ვაწყდებით", - განაცხადეს გალის ე.წ. ადმინისტრაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდული კლუბის შექმნა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თავისუფალი დროის დაკავებას და გააცნობს მათ რუსეთის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. კლუბის მონაწილეებს შეეძლებათ მიიღონ საგზურები „არტეკის“ ბავშვთა ბანაკში და წარმოადგინონ აფხაზეთი რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების საგანმანათლებლო სესიებზე.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლობას და ახალგაზრდულ კლუბს გალის „ადმინისტრაციის“ ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების უფროსი ბაჩუკი ეხვაია უხელმძღვანელებს.

აფხაზეთში მომხდარ სროლაში ყველა ეჭვმიტანილი დაკავებულია

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, გაგრის რაიონში, ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვართან მომხდარ სროლაში ყველა ეჭვმიტანილი დაკავებულია. ეჭვმიტანილი პირები „აფხაზეთის მოქალაქეები“, ასლან კაკალია, ბესლან კაკალია, იგორ ჩაგოვეცი, კ. ჩაგოვეცი და ძმები გოჯუები არიან.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ეტაპზე დადგინდა, რომ 23 ივნისს, დაახლოებით, 16:00 საათზე „Cherry“-ს მარკის ავტომანქანაში მყოფმა პირებმა, ფსოუს გამშვებ პუნქტთან ცეცხლი გახსნეს კალაშნიკოვის ავტომატიდან და 27 გასროლა განახორციელეს. შედეგად, ასლან აკაბა სასიკვდილოდ დაიჭრა, დაურ კამლია, აიდა ზადიკიანი და ლევან ციციბავა, სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

აღნიშნული შემთხვევის დეტალებზე დე ფაქტო პარლამენტში გამოსვლის დროს “შინაგან საქმეთა მინისტრმა” რობერტ კიუტმაც ისაუბრა. მისი თქმით, კონფლიქტის მიზეზი ქონებრივი საკითხი გახდა. როგორც მან განაცხადა, ძმები კამლიების მანქანას სოხუმიდან გასვლისას მეორე მანქანა აედევნა, რომელშიც ექვსი შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. ე.წ. საზღვართან მათ კამლიების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, ხოლო ერთ-ერთმა ძმამ საპასუხო გასროლა განახორციელა. ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალნენ. მალევე მოხდა სამი ბრალდებულის დაკავება, ხოლო დანარჩენებზე ძებნა გამოცხადდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ძმა, იგორ კამლია, რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა, სადაც რუსმა სამართალდამცველებმა იგი დააკავეს და აფხახურ მხარეს გადასცეს.

დე ფაქტო პარლამენტის წევრების მხრიდან ხაზი გაესვა გამშვები პუნქტების გაძლიერების საჭიროებას, მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

პასუხად, რობერტ კიუტმა აღნიშნა, რომ გამშვებ პუნქტზე მომუშავე პირები შეიარაღებულები არიან. როგორც წესი, მილიციის თანამშრომლები საგუშაგოზე არ იმყოფებიან და ადგილზე მათი გამოძახება მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედებების შემთხვევაში ხდება. “ნებისმიერმა ოფიცერმა სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს, თუკი მის თვალწინ სროლა ხდება. თუ მას აქვს იარაღი, სწორად უნდა გამოიყენოს. მსგავს სიტუაციებში მოქმედების განსაკუთრებული ინსტრუქციები არ არის, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს. საზღვარზე მსგავსი ფაქტები ადრე არ მომხდარა”, - განაცხადა კიუტმა.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ნარკოლოგიურ შემოწმებას დაექვემდებარებიან

ამის შესახებ “შინაგან საქმეთა მინისტრმა” რობერტ კიუტმა დე ფაქტო პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, ახლო მომავალში ექსპლუატაციაში შევა ქრომატოგრაფი, რომელიც ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებას გამოავლენს. “ამ აპარატს შეუძლია ამოიცნოს ყველა ბარბიტურატი, რომელსაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობა მოიხმარს. ნარკოდისპანსერში ჩვეულებრივმა შემოწმებამ შესაძლოა ვერ გამოავლინოს ის პრეპარატები, რომლებიც აკრძალულია ქვეყანაში და რომლებსაც შესაძლოა [შსს-ს] თანამშრომლებიც იყენებდნენ”, - აღნიშნა კიუტმა. დე ფაქტო შს მინისტრმა აქვე დასძინა, რომ ქრომატოგრაფი საჭირო რეაგენტებით აღჭურვილი ჯერჯერობით არ არის, რადგან მათი ექსპორტი აკრძალულია, თუმცა უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამის ინსტიტუტებთან და უახლოეს მომავალში აფხაზეთი რეაგენტებს მიიღებს.

“როგორც კი რეაგენტების საკითხი მოგვარდება, გპირდებით, რომ მე და ჩემი თანამშრომლები შემოწმებას პირველები გავივლით”, - განაცხადა “მინისტრმა”. მისივე თქმით, შემოწმებას სერტიფიცირებული სპეციალისტები ჩაატარებენ, რომლებსაც შესაბამისი ტრენინგი აქვთ გავლილი და კვალიფიკაცია გააჩნიათ.

აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო პარლამენტში გამოსვლისას რობერტ კიუტს ასევე მოუწია პასუხის გაცემა კრიტიკულ კითხვებზე სოხუმის მილიციის განყოფილებაში დაკავებულის მიმართ ჩადენილი ძალადობის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა. “მინისტრმა” გაიმეორა ადრე გაკეთებული განცხადება, რომ ძალადობაში მონაწილე თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს, ხოლო განყოფილების უფროსმა, რომელიც შემთხვევას არ ესწრებოდა, საყვედური მიიღო. მან განაცხადა, რომ “პროკურატურამ”, სისხლის სამართლის დანაშაულის დადგენის მიზნით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შემოწმება დაიწყო.

“პარლამენტის” წევრებისა და საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია რობერტ კიუტის სიტყვებმა, რომ დაკავებულის ცემას როგორც ასეთს ადგილი არ ჰქონია და რომ იგი მომხდარ შემთხვევას “გადაცდომად” აფასებს.

მილიციის თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს დე ფაქტო ომბუდსმენი ანას ქიშმარიაც გამოეხმაურა. მან მომხდარ ინციდენტს მიუღებელი უწოდა და დასძინა, რომ მისი ოფისი გამოძიების პროცესს ყურადღებით დააკვირდება.

სოხუმში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდი შეაფასეს

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება „სასაზღვრო ზონაში“ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის განხილვას დაეთმო. ხაზი გაესვა ერთი მხრივ თბილისს, ხოლო მეორე მხრივ სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის თაობაზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმების აუცილებლობას.

„საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გადაიტანეს აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებულ ინციდენტებზე და საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ამჟამად სასამართლოს გადაწყვეტილებით აფხაზეთის ტერიტორიაზე პატიმრობაში იმყოფებიან. მონაწილეები საქართველოდან საკუთარ რიტორიკაში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით კვლავ იყენებდნენ ტერმინს „ოკუპირებული ტერიტორია“. ამავდროულად, საქართველოს წარმომადგენლების პოზიციით, ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე რუსეთმა უნდა აიღოს“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს“ თანახმად, მონაწილეებმა დააყენეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საკითხი, რომელიც ქართული მხარის „დესტრუქციული პოზიციის გამო“ 2018 წლიდან შეწყვეტილი რჩება.

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებები ჰუმანიტარული საკითხების გარშემო წარიმართა. მონაწილეებმა სოხუმიდან თავისუფალი გადაადგილების, განათლებაზე წვდომის, ჯანდაცვის უზრუნველყოფის და აფხაზეთისთვის სხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. ამასთან, გავრცელებული განცხადების თანახმად, სოხუმი გამოვიდა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით, რომელიც, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, აფხაზური „პასპორტით“ გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელებს.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.

რუსეთისა და აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვალერი ზორკინმა და აფხაზეთის დე ფაქტო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, დიანა ფილიამ მოაწერეს ხელი. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამართლებრივ სფეროში ერთობლივ თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, რუსეთსა და აფხაზეთში მოქმედი საკონსტიტუციო სამართლის შესწავლას და სადაო საკითხების გადაწყვეტის პროცესში მის გამოყენებას, „ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების უზრუნველყოფის, ასევე საკონსტიტუციო მართლმსაჯულების გაუმჯობესების მიზნით“.

„მემორანდუმი შექმნის მყარ საფუძველს აფხაზეთისა და რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის გრძელვადიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. ჩვენი მოლოდინით, ხელმოწერილი დოკუმენტი გახდება ათვლის წერილი ჩვენი ქვეყნების საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების ურთიერთქმედების განვითარებისთვის“, - განაცხადა დიანა ფილიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S