
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 27-30 ივნისი
03/07/2024 11:43:56 კონფლიქტები
რუსეთი კვლავ ჟენევის მოლაპარაკებების ადგილის ცვლილებაზე საუბრობს
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთს მოლაპარაკებების ლოკაციის ცვლილება სურს. მისივე თქმით, რუსეთის დელეგაციამ აღნიშნული საკითხი მოლაპარაკებებზე დააყენა, რადგან „ჟენევის პლატფორმა რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის კომფორტული აღარ არის“. გალუზინის განცხადებით, ნეიტრალური სტატუსით ცნობილმა შვეიცარიამ რუსეთთან მიმართებით ნეიტრალიტეტი დაკარგა და ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა სანქციას შეუერთდა. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ შვეიცარია აქტიურად მასპინძლობს რუსეთისთვის მიუღებელ ღონისძიებებს და ამ კონტექსტში ჟენევის მოლაპარაკებების ჩატარებისთვის ოპტიმალურ ადგილად აღარ მიიჩნევა.
„კონსენსუსის მიღწევის მიზნით, ამ თემაზე აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ. გადატანის შესაძლო ადგილები ჯერჯერობით არ სახელდება, ვინაიდან ახლა მიმდინარეობს მუშაობა, დიალოგი უშუალოდ მოლაპარაკებების მონაწილეებთან. ახალი ადგილი უნდა იყოს პოლიტიკურად კომფორტული ყველა მონაწილისთვის. ამისთვის საჭიროა კონსენსუსი და ჩვენი დიპლომატია მუდმივად ცდილობს, გაითვალისწინოს პარტნიორების ლეგიტიმური ინტერესები და ყველა საკითხზე კონსენსუსს მივაღწიოთ. ამას აქაც მივაღწევთ. მომდევნო რაუნდი სავარაუდოდ წლის ბოლოს შედგება, ალბათ, დეკემბერში, ისევ ჟენევაში, რადგან კონსენსუსი ჯერჯერობით არ არის“, - თქვა რუსმა დიპლომატმა.
მიხაილ გალუზინმა ასევე ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას. „გადატანის საკითხის დაყენება არ ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე არსებული საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს არ ვემხრობით. რა თქმა უნდა, ფორმატი უნდა შენარჩუნდეს მისი ჩატარების ადგილის მიუხედავად. უკლებლივ ყველა მონაწილემ დაადასტურა ჟენევის მოლაპარაკებების საჭიროება და მნიშვნელობა, ვინაიდან ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც არსებობს პირდაპირი, თანასწორუფლებიანი დიალოგის შესაძლებლობა ერთი მხრივ, თბილისს, ხოლო მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის“, - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ მოსკოვს ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ქალაქში, მაგალითად მინსკში ან სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში გადატანა სურდა.
სოხუმელი მილიციელის წინააღმდეგ ე.წ. პროკურატურამ ძალადობის ფაქტზე საქმე აღძრა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პროკურატურამ მილიციის თანამშრომლის მანჩა კიახბას წინააღმდეგ ძალადობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
„წინასწარი გამოძიების ორგანომ დაადგინა, რომ ქალაქ სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს „მაიაკის“ მილიციის განყოფილების საგამოძიებო განყოფილების თანამშრომელმა, 2024 წლის 3 თებერვალს, ყოველგვარი ობიექტური მიზეზისა და კანონიერი საფუძვლის გარეშე, დაკავებული ასტამურ საბეკიას წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობა გამოიყენა და სულ მცირე 11 დარტყმა მიაყენა, რითაც დააზიანა შსს-ს პრესტიჟი და თანამშრომლების რეპუტაციის დისკრედიტაცია მოახდინა“, - ნათქვამია განცხადებაში. აქვე დაზუსტებულია, რომ ფიზიკური ძალადობის მოტივი არის შურისძიება საბეკიას ქმედებებისთვის - ეს უკანასკნელი მანამდე „ხელისუფლების წარმომადგენლებზე ძალადობისა და შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს“.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებულის წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ბრალდებულ მილიციელს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად შესაძლოა სერგეი შამბა დაინიშნოს
სერგეი შამბას „საგარეო საქმეთა მინისტრად“ შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხი „რესპუბლიკა“ ავრცელებს. მისივე ცნობით, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნად რაულ ლოლუა დაინიშნება, რომელიც მანამდე გუდაუთის „რაიონული ადმინისტრაციის“ უფროსად არ დაამტკიცეს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, ტელეგრამ-არხი „რესპუბლიკა“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის“, ზაალ ხვარცკიას კანდიდატურაზე საუბრობდა.
აღსანიშნავია, რომ სერგეი შამბა „საგარეო საქმეთა მინისტრი“ უკვე ორჯერ იყო, 1997-2004 და 2005-2009 წლებში. 2010-2011 წლებში შამბა ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2020 წლიდან არის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი.
Google Translate ფუნქციას აფხაზური ენა დაემატა
Google-მა Translate ფუნქცია მნიშვნელოვნად გააფართოვა და 110 ახალი ენა დაამატა, მათ შორის აფხაზური, ოსური, ავარიული და ჩეჩნური. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს და აცხადებს, რომ განახლების მიზანია, ენობრივი ბარიერები გადალახოს და თარგმანის ინსტრუმენტებზე წვდომა მთელ მსოფლიოში მეტი ადამიანისთვის უზრუნველყოს.
ოკუპირებულ აფხაზეთში თარგმანის სისტემაში აფხაზური ენის დამატებას ძალზე დადებითად შეხვდნენ. მათ აღნიშნეს, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ჩრდილოეთკავკასიური ენების მატარებელი ხალხისთვის, რადგან მეტი კომუნიკაციისა და ინფორმაციასთან გაუმჯობესებული წვდომის შესაძლებლობას იძლევა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აფხაზმა ენათმეცნიერმა და მკვლევარმა დავით დასანიამ, რომელიც თარგმანის პროექტზე Yandex-თან მუშაობდა, განაცხადა, რომ Yandex ასევე გეგმავს თარგმანის სერვისში რამდენიმე ჩრდილოეთკავკასიური ენის დამატებას, მათ შორის იქნება აფხაზური, აბაზური, ჩერქეზული, ყარაჩაულ-ბალყარული, ნოღაური, ოსური, ჩეჩნური, ინგუშური და სხვადასხვა დაღესტნური ენა.