
რა წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს შესახებ
03/07/2024 12:37:23 პოლიტიკა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც ბუქარესტში გაიმართა, დეკლარაცია და რეზოლუციები მიიღეს. რეზოლუციაში სახელწოდებით "აგრესიის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის შესახებ", მათ შორის საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, საქართველოზე საუბარი დოკუმენტის 10 პუნქტშია.
"აქცენტი" გთავაზობთ რეზოლუციის იმ ნაწილის სრულ თარგმანს, რომელშიც საქართველო არის ნახსენები.
- "ასამბლეა გმობს რუსეთის ფედერაციის უფრო ფართო აგრესიულ კამპანიას, რასაც მოწმობს ბელორუსის რბილი ანექსია, მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე – დნესტრისპირეთში არალეგალური გარნიზონის შენარჩუნება, საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე სამხედრო ოკუპაცია და თავდასხმები ქართველი ხალხის დემოკრატიული და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის არჩევანზე, ასევე დეზინფორმაციისა და მავნე მოქმედებების უფრო ფართო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს უთანხმოების დათესვას და მშვიდობისა და დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაციას ეუთოს მთელ ტერიტორიაზე.
- რუსეთის ფედერაციის აგრესიული კამპანია ეუთოს მონაწილე ქვეყნების წინააღმდეგ ძირითადად ფოკუსირებულია იმ ქვეყნებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ სათანადო უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც შეუძლიათ შეაჩერონ ან დაამარცხონ რუსული სამხედრო საფრთხეები, ასეთ ქვეყნებს შორისაა უპირველეს ყოვლისა, უკრაინა, ასევე მოლდოვა და საქართველო.
- ასამბლეა მოუწოდებს ეუთო–ს და მის მონაწილე ქვეყნებს, გადახედონ უსაფრთხოების არქიტექტურას ყოვლისმომცველი პერსპექტივიდან, რათა მხარი დაუჭირონ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ უსაფრთხოებისა და დაცვის უფლება, რომელიც გათვალისწინებულია ჰელსინკის დასკვნით აქტში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, მაგრამ არ გააჩნიათ სრულად აღსრულების უსაფრთხოების გარანტიები. მათ შორის პირველ რიგში უკრაინაა, მაგრამ ასევე პოტენციურად "ნაცრისფერი ზონის" სხვა სახელმწიფოებიც, როგორიცაა მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და სომხეთი;
- ასამბლეამ გამოხატა სერიოზული შეშფოთება კრემლის მიერ მხარდაჭერილი ძალისხმევის გამო, რათა შეარყიოს საქართველოს მყიფე დემოკრატია და შეარყიოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანი, საქართველოს მოქმედი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის გატარებით, მათ შორის, (მაგრამ ამით არ შემოიფარგლება), რუსული სტილის "გამჭვირვალობის კანონის" მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ძირითად თავისუფლებებს, როგორიცაა შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებზე და კანონიერ მომიტინგეებზე. ეს თვადასხმები გაფართოებული რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყველა ნიშანს ატარებს. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იბრძოლოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოებისკენ, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქვეყანაში.
- ასამბლეა გმობს რუსეთის ფედერაციის სასტიკ იმპერიულ და კოლონიალურ ხასიათს, რაც აშკარად ვლინდება მის გენოციდურ ომში უკრაინის წინააღმდეგ, ბელორუსის რბილ ანექსიაში და აგრესიაში მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ, ასევე მის თავდასხმებში ქართველი და სომეხი ხალხის სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ არჩევანზე და მოუწოდებს ეუთოს მონაწილე ქვეყნების პარლამენტებს, თავიანთ ქვეყნებში კრიტიკულად განიხილონ რუსეთის ფედერაციის შიდა რეპრესიები და გარე აგრესია, როგორც იმპერიული მემკვიდრეობის და კრემლის კოლონიური პოლიტიკის გამოვლინება.
- ასამბლეა იმეორებს მოწოდებას რუსეთის სამხედრო ძალების დაუყონებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთიდან, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად.
- ასამბლეა ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
- ასამბლეა ღრმა შეშფოთების გამოხატავს საქართველოს მთავრობის მიერ რუსული ტიპის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის და რიგი სხვა კანონების მიღების გამო, რომლებიც ფაქტობრივად ძირს უთხრის დემოკრატიას, ახშობს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ახდენს რეპრესიული სამთავრობო აპარატის კოდირებას და მიზანმიმართულად აუქმებს საქართველოს მთავრობის მოვალეობას, პატივი სცეს ქართველი ხალხის მკაფიო და თანმიმდევრულ ნებას, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას და შეასრულოს ჰელსინკის აქტი და ეუთოს სხვა ვალდებულებები.
- ასამბლეა გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში - იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად. ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილებასა და წაშლას, რაც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.
- ასამბლეა მოუწოდებს ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ერთობლივად იმოქმედონ 2024 წლის ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისიის შესაქმნელად, განსაკუთრებული ყურადღებით პოტენციური ძალადობის ან ანტიდემოკრატიული ტენდენციების იდენტიფიცირებაზე, რაც შეიძლება, მოხდეს არჩევნებამდე და რაც ძირს უთხრის ხმის მიცემის პროცესის დემოკრატიულ მთლიანობას".