„საბაბი ანტიამერიკული პროპაგანდისთვის“ – რა მოხდა ბუქარესტში

03-07-2024 16:46:57 კონფლიქტები ,პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ დეკლარაციაში არ მოხვდა სადავო შესწორება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მორიგი ანტიამერიკული განცხადებების საფუძველი გახდა.

დეკლარაცია

  • რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ უპირობო გაყვანისკენ მოუწოდებს;
  • „ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“;
  • „გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში - იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად“;
  • „ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილებასა და წაშლას, რაც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია“;
  • დეკლარაცია „რუსეთის ძალადობრივ იმპერიულ და კოლონიურ ხასიათს გმობს, რომელიც აშკარად გამოიხატება მის გენოციდურ ომში უკრაინის წინააღმდეგ, ბელარუსის რბილ ანექსიასა და მოლდოვის წინააღმდეგ აგრესიაში. ასევე, ქართველი და სომეხი ხალხის სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ არჩევანზე თავდასხმებში“.
  • დეკლარაციაში ასევე საუბარია საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებზე და არის მოწოდება ხელისუფლებისადმი:
  • "გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის უცხოეთის გავლენის აგენტების კანონი და კანონმდებლობის და პოლიტიკის სხვა ზომები, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ამყარებს რეპრესიულ სამთავრობო აპარატს და მიზანმიმართულად აუქმებს საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობას, პატივი სცეს ქართველი ხალხის საქართველოს კონსტიტუციით გამყარებულ ცხად და მყარ ნებას".
  • დეკლარაცია მოუწოდებს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR), რომ ერთობლივად და განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებელ მისიაში.

მანამდე, 2 ივლისს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სადავო შესწორებაზე კონცენტრირდა, რომელიც რუსეთს კონფლიქტის მხარედ არ წარმოაჩენდა და ასევე, თითქოს რუსეთი „კონფლიქტის მოგვარებას სხვადასხვა არხებით ცდილობს“. ამ განცხადებაში „ოცნება“ ასამბლეას და აშშ–ს საქართველოს ინტერესების შელახვაში ადანაშაულებდა და აანონსებდა, რომ ამ მიზეზით არ დაუჭერდა მხარს რეზოლუციას.

„დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული არხების გამოყენებით, „ქართული ოცნების“ წევრები აგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ მოქმედებებს, მათ შორის, აქ – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. რეალობა შემდეგია: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთის მხრივ, საუბარია დეოკუპაციაზე, მაგრამ ასევე საუბარია ანტიეროვნულ და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის პარტიის წევრებმა დეკლარაციას“,– ამბობს ენმ–ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, რომელიც ესწრებოდა სესიას და ასევე მოითხოვა სადავო შესწორების ამოღება. ამგვარ მოთხოვნას აშშ–ის წარმომადგენელმაც დაუჭირა მხარი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი განმარტავს, რომ „საუბარია ერთ პარაგრაფზე. ეს იყო სამუშაო ვერსია კომიტეტში. არ იყო მართებული ფორმულირებები – შესაბამისი იმ რეალობის, რომელიც არის. შესაბამისად, ამაზე იყო რეაქცია პირველ რიგში, სწორედ ოპოზიციის მხრიდან და საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, ის არ ასახულა საბოლოო ვერსიაში“.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების პროპაგანდამ ეს გამოიყენა იმისთვის, რომ თითქოს რაღაც მზადდებოდა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ დასავლეთის, ამერიკელების მხრიდან და თითქოს თავად ასამბლეის რაღაც ინტერესი იყო ამაში, რაც უსაფუძვლოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანტიდასავლური კამპანია გრძელდება. ეს ორგანიზაცია – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის იყო საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდამჭერი. ის არის კრიტიკული დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში და ეს „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს“,– ხაზს უსვამს წერეთელი.

„ქართულ ოცნებაში“ სადავო შესწორების ამოღებას მათ „განსაკუთრებული პროტესტს“ უკავშირებენ, ხოლო დემოკრატიასთან დაკავშირებით მოწოდებებს, „პოლიტიკურ გზავნილებს ქვეყნის შიგნით ოპოზიციის საამებლად“.

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების დაძაბულ ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას და თვლის, რომ მიუღებელი ფორმულირების დღის წესრიგში გაჩენა სწორედ აქედან მომდინარეობს, ხოლო რუსეთი სხვადასხვა არხებით მუდმივად ცდილობს საკუთარი ინტერესების გატარებას:

„საქართველოს დელეგაციის წევრებს არანაირი მუშაობა არ უწარმოებიათ პარტნიორებთან. პარტნიორებთან ურთიერთობაში დაძაბულობის შედეგია რასაც დღეს ვიღებთ. რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს თავისი ინტერესების გატარებას სხვადასხვა გზებით – აგენტურით, ქვეყნებით, რომლებიც მუშაობენ გარკვეულ დარბილებაზე სიტუაციის, რითაც სარგებლობს რუსეთი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყურადღება ამ მიმართულებით“.

ის დარწმუნებულია, რომ სწორედ წინასწარი მუშაობაა პრევენციის გზა, რათა არ დადგეს „დღის წესრიგში ასეთი ფორმულირება“, რადგან „რუსეთის მცდელობა, წლებია, გრძელდება – ის რუსეთი მუდმივად ცდილობს, რომ არ იყოს კონფლიქტის მხარედ წარმოჩენილი და ყველა შესაძლებლობას იყენებს ამისთვის“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები