EMC მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს, მხარი არ დაუჭიროს შოთაძის კანდიდატურას
16/01/2020 15:36:02 პოლიტიკა
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC ) საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მხარი არ დაუჭიროს ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას.
"გასათვალისწინებელია, რომ ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე", - აღნიშნავს EMC განცხადებაში. ორგანიზაციის შეფასებით, ამ საქმეში გამოჩნდა პროკურატურის არაეფექტურობა და სისტემური ჩავარდნა:
„ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და დარღვევების მასშტაბი პირდაპირ უთითებდა მთავარი პროკურორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ამ პროცესში, რაც შესაძლებელია გამოხატული იყო შოთაძის უშუალო მონაწილეობაში ან მისი მხრიდან სისტემის არასათანადო მართვაში რამაც შესაძლებელი გახადა სარალიძის საქმეზე სიმართლის დადგენის პროცესში პროკურატურის მაღალჩინოსნების უკანონო ზეგავლენა“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმადაც ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა გენერალური პროკურორის პოსტზე ქმნის სისტემის პოლიტიზირების კიდევ უფრო გაძლიერების რისკს და ანულებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის შინაარსს, რაც შეუძლებელს უნდა ხდიდეს სისტემურ ჩავარდნაზე პასუხისმგებელი პირების დაბრუნებას იმავე პოზიციაზე.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურის მიერ არ ყოფილა გამოძიებული არაერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილისა და აფგან მუხთარლის საქმეები.
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს პარლამენტს წარუდგინოს პოლიტიკურად ნეიტრალური, შესაბამისი კვალიფიკაციისა და დამსახურების მქონე კანდიდატები.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმ 9 კანდიდატს შორისაა, რომლებიც საპოკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად წარუდგინეს. ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით საბჭოს „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ მიმართა.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა 2019 წლის 12 დეკემბერს,როდესაც საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა.


