ფაშინიანმა აშშ–სთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის სომხეთის მზაობის შესახებ განაცხადა

04-07-2024 15:53:26 კავკასია

სომხეთი მზადაა, აამაღლოს აშშ-სთან ურთიერთობის დონე სტრატეგიულ პარტნიორობამდე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისადმი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიწერილ მისალოც წერილში განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, ასეთი ნაბიჯი სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და თავად შეერთებულ შტატებს „მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შექმნაში დაეხმარება“.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ქვეყნები მხარს უჭერენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, დემოკრატიულ რეფორმებს, ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას და ეს ვალდებულება „ასახულია სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული დიალოგის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაზრდის კონცეფციაში".

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანი „მნიშვნელოვნებას ანიჭებს ვაშინგტონის როლს რეგიონში მშვიდობის დამყარებაში" და „ღრმად აფასებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობისა და სომხეთის საზღვრების ხელშეუხებლობისადმი".

სომხეთისა და შეერთებული შტატების გეგმები ურთიერთობის დონის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ ცნობილი გახდა ივნისში რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო ბრაიანის შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ ქვეყნები შეთანხმდნენ მომავალ წელს კავშირების გაღრმავებაზე.

ასეთი პარტნიორობა გულისხმობს ვაშინგტონისგან მხარდაჭერის მიღებას სამხედრო და ეკონომიკურ რეფორმებში.

ივნისის ბოლოს სომხეთი მიწვეულ იქნა ნატოს სამიტზე, როგორც ალიანსის პარტნიორი. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა რესპუბლიკას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაფართოება შესთავაზა. „ჩვენი პირველი ერთობლივი წვრთნები გასულ წელს გაიმართა. ჩვენ უფრო მეტს ველით“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ვაშინგტონი ასევე ელის ერევანთან ერთობლივი მუშაობის დაწყებას კიბერ საფრთხეებთან ბრძოლის და საზღვრის, სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.

ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი დაინტერესებულია ნატოსთან პოლიტიკური დიალოგის განვითარებით და პარტნიორობის გაფართოებით, როგორც მთელ ალიანსთან, ასევე ცალკეულ წევრ ქვეყნებთან. მან ასევე იმედი გამოთქვა ნატოსთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის სწრაფად დამტკიცების შესახებ ინდივიდუალურად მორგებული პროგრამის სახით, რომელიც მათ შორის, მიმართულია რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეფორმირებაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები