
ზელენსკი: აშშ-მა და ჩინეთმა გვერდზე უნდა გადადონ უთანხმოება მშვიდობისთვის
04/07/2024 14:34:19 მსოფლიო
იმისათვის, რომ ომი სამართლიანად დასრულდეს კიევისთვის და მსოფლიოსთვის, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა გვერდზე უნდა გადადონ უთანხმოება და ერთად იმოქმედონ როგორც შუამავლებმა რუსეთთან მოლაპარაკებებში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა Bloomberg-თან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტი დაეთანხმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბის აზრს, რომელმაც მანამდე Bloomberg-თან საუბარში განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ერთი სატელეფონო ზარი მოაგვარებდა რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტს.
მისი ხედვით, პეკინმა სერიოზული როლი უნდა ითამაშოს ომის დასრულებაში, რადგან რუსეთი დიდად არის დამოკიდებული ჩინეთის საექსპორტო ბაზარზე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვთან შესაძლო მოლაპარაკებების შემთხვევაში ის არ ელის მათში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობას, ვინაიდან პუტინი „ერთობ შეშინებულია“. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა არ გამორიცხა პუტინის მონაწილეობა მშვიდობის შემდეგ სამიტში, რომელსაც კიევი მოაწყობს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ არ მიიღო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. ცეცხლის შეწყვეტა იმის მკაფიო გეგმის გარეშე, რაც მას უნდა მოჰყვეს, ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და არა დასრულებას. რუსეთს შეუძლია ისარგებლოს პაუზით, რათა თავი მოუყაროს ძალებს და განაახლოს საბრძოლო მოქმედებები,– ფიქრობს ზელენსკი.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ არმია პირადი შემადგენლობის თვალსაზრისით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო და ახალი კონტრშეტევა ბრიგადების შეიარაღებაზეა დამოკიდებული.